Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყება ირანს ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესებისაკენ მოუწოდებს


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ ირანს მოუწოდა,

შეაჩეროს მუშაობა ურანის გამდიდრების ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე. საქმე ეხება ატომური რექტორებისთვის განკუთვნილი საწვავის დამზადების პროცესს, მაგრამ ამავე საწვავით - ატომური ბომბის შექმნაც არის შესაძლებელი.

ელ ბარადეიმ ირანს მოუწოდა, მორატორიუმი გამოაცხადოს ურანის გამდიდრების მასშტაბის გაზრდაზე - ამით კი განმუხტოს კრიზისი, გამოწვეული არაერთი ქვეყნის შეშფოთებით, რომ ირანი ატომური ბომბის შექნას აპირებს. ამ შინაარსის განცხადება ელ ბარადეიმ ვენაში გააკეთა, გაეროს ატომური უწყების რამდენიმედღიანი შეხვედრის შემდეგ. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, კარგი იქნება, თუ ირანი შეწყვეტს დამატებით ცენტრიფუგების შექმნას და დამონტაჟებას ნატანცის ატომურ ობიექტზე.

[ელ ბარადეის ხმა] “კვლავ მოვუწოდებ ირანს, რომ ამ ეტაპზე, ამ გადამწყვეტი მნიშვნელობის ეტაპზე საკუთარი ნებით დააწესოს მორატორიუმი ცენტრიფუგების ტექნოლოგიის განვითარების პროცესზე”.

ელ ბარადეის ინფორმაციით, ნატანცში ამჟამად 2000-მდე ცენტრიფუგით მიმდინარეობს ურანის გამდიდრება, ივლისის ბოლოსთვის კი, გაეროს ატომური უწყების შეფასებით, ცენტრიფუგების რიცხვი 3000-მდე გაიზრდება. ექსპერტების განმარტებით, ასეთ პირობებში შესაძლებელია გამდიდრებული ურანის საკმარისი მოცულობით შექმნა ატომური ბომბისთვის - ერთ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში. თუმცა ირანი, როგორც ცნობილია, ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო სექტორში იყენებს.

მაგრამ ვადების საკითხს დავუბრუნდეთ: ელ ბარადეიმ ჟურნალისტებს ვენაში შეახსენა ექსპერტების შეფასება, რომ ირანს, თუ ატომური იარაღის შექმნას აპირებს, საამისოდ 3 წელი მაინც სჭირდება.

[ელ ბარადეის ხმა] “როგორც ჩანს, ყველა იზიარებს შეფასებას, რომ ირანს მართლაც რომ სურდეს იარაღის შექმნა, საამისოდ 3-დან 8 წლამდე პერიოდი დასჭირდება. ამდენად, საბედნიერიოდ, მე ვერ გავაკეთებ პროგნოზს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, დავუშვათ, 3 წელიწადში”.

გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე ორჯერ შემოიღო ირანის წინააღმდეგ სანქციები - იმის იმედით, რომ ირანს ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე დაიყოლიებს. ელ ბარადეის შეფასებით, ჯერი ირანზეა - მას შეუძლია ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის გამოცხადებით კეთილი ნების გამოჩენა და ხელსაყრელი გარემოს შექმნა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებისთვის, რომელსაც შესაძლოა ირანისთვის ხელსაყრელი შედეგები მოჰყვეს ვაჭრობის, უსაფრთხოების, პოლიტიკის სფეროებში.

თუმცა, ირანთან ევროკავშირის წინასწარი მოლაპარაკება ჩიხში მოექცა ირანის უარის გამო, განეხილა ურანის გამდიდრებისთვის ბოლოს მოღება, ან თუნდაც მორატორიუმის დაწესება.

გაეროს ატომურ უწყებაში ირანის ელჩმა ალი ასღარ სოლთანიემ გუშინ კიდევ ერთხელ გამოთქვა ირანის პოზიცია, რომ მას აქვს სამოქალაქო სექტორში გამოსაყენებლად ურანის გამდიდრების უფლება. [სოლთანიეს ხმა] “გაეროს საერთაშორისო ატომური სააგენტოს მიერ დადასტურებული ფაქტია ის, რომ უკვე ვფლობთ ტექნოლოგიას და მას ვერავინ წაგვართმევს. ამიტომ მოდით, საქმეს პრაგმატულად მივუდგეთ, ერთად დავსხდეთ. ირანი მზად არის, თანამოსაუბრეების დასარწმუნებლად, რომ ურანის გამდიდრება აკრძალულ მიზნებს არ მოხმარდება”.

გუშინვე, გაეროს ატომური უწყების მმართველ საბჭოს უწყების გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ შეატყობინა, რომ ირანს პასუხი არ გაუცია გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდებაზე,ბოლო მოუღოს ურანის გამდიდრებას. ვარაუდობენ, რომ შექმნილ ვითარებაში უშიშროების საბჭომ შესაძლოა კიდევ უფრო გაამკაცროს სანქციები ირანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG