Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დსთ-ის სავაჭრო სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა საბჭო გაიმართა


თბილისში დსთ-ის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა საბჭოს მეხუთე პლენარულ სხდომაზე, ორგანიზაციული საკითხების გარდა,

თანამეგობრობის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემებიც განიხილეს. დისკუსიის ძირითადი თემა საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, კერძოდ კი, საქართველოში წარმოებული ღვინის რუსეთში ექსპორტირების საკითხები იყო.

დსთ-ის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა საბჭოს მეხუთე პლენარულ სხდომას შეიძლება შეუმჩნევლადაც კი ჩაევლო, რომ არა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამ სანქციების ფონზე თბილისში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ევგენი პრიმაკოვის ვიზიტმა და მისმა მონაწილეობამ ქართული ღვინის დეგუსტაციის აქციაში ბევრს აფიქრებინა, რომ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები თანდათან აღდგება. ამასვე ირწმუნება ევგენი პრიმაკოვიც:

[ევგენი პრიმაკოვის ხმა] ”ჩვენ მოვამზადეთ მთელი რიგი საკითხებისა ერთობლივი მოქმედებისთვის. ჩვენ ყველაფერ ამას განვიხილავთ და მე ვფიქრობ, რომ დაწესებული შეზღუდვები თანდათანობით მოიხსნება.”

ოპტიმისტურადაა განწყობილი და ეკონომიკური სანქციების გაუქმების ვარაუდს გამოთქვამს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ბორის პასტუხოვი:

[ბორის პასტუხოვის ხმა] ”ვფიქრობ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მთელი ლოგიკა აჩვენებს, რომ სანქციები არაფერს იძლევა ხალხის გაუცხოების გარდა, იმის გარდა, რომ ჩვენ უფრო უაერესად გვეპყრობიან.”

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ამ ორმა ხელმძღვანელმა თბილისში სტუმრობისას ქართული ღვინის დასაგემოვნებლად რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტი ვადიმ დრობიზიც ჩამოიყვანა. ერთი წლის წინ სწორედ ამ სამსახურმა აკრძალა ქართული ღვინო რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.

[ვადიმ დრობიზის ხმა] ”ჩვენ ვთვლით, რომ ქართულ ღვინოს აქვს პერსპექტივა რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. ამისთვის მომწიფებულია ორივე მხარე, რაც უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს. უპირველეს ყოვლისა, რუსეთში არ არის ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახე, რა მოხდა საქართველოს ბაზარში ბოლო ერთი წლის მანძილზე. ჩვენ მხოლოდ მასობრივი ინფორმაციიის საშუალებათა ინფორმაცია გვაქვს - ბევრი, ძირითადად, უცხოეთიდან რომ გაკეთდა.”

ეს რაც შეეხება რუსეთის პოზიციას. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები კი მხოლოდ მიესალმებიან მათ ბაზრებზე ქართული ღვინის შესვლას. აი, რას ამბობს უკრაინის წარმომადგენელი სერგეი სკრიპჩენკო:

[სერგეი სკრიპჩენკოს ხმა] ”ქართულ ღვინოს ვაღმერთებ. და ქართულ ღვინოს აფასებენ არა მარტო უკრაინაში, არამედ პროპორციულად იმდენივე მოსახლეობა რუსეთის ფედერაციაში. მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხები უახლოეს მომავალში მოგვარდება, თუმცა რუსეთი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. უკრაინის ღვინის ბაზარი კი ღიაა.”

დსთ-ის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა საბჭოს მეხუთე პლენარულ სხდომას საქართველოს მხარემ დეტალურად გააცნო ბოლო ერთი წლის მანძილზე უცხოეთის ბაზრებზე ქართული ღვინის წარმატებები. ფრაგმენტი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის შოთა მაქაცარიას მოხსენებიდან:

[შოთა მაქაცარიას ხმა] ”ქართული ღვინო გამოჩნდა ჩინეთსა და იაპონიაში, ინგლისში, ამერიკაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, იტალიაშიც კი! ყველა პირობაა იმისთვის, რომ 20 პროცენტით კიდევ გაიზარდოს ექსპორტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს არ დაგვეკარგება ინტერესი რუსეთის ბაზრისადმი.”

თუ ღვინის პროდუქციამ მოახერხა რუსეთის ბაზრის ალტერნატიულ ბაზრებზე შეღწევა, განსაკუთრებით გაუჭირდა ქართული კონიაკის წარმოებას. მისი პროდუქციის 90 პროცენტი რუსეთისთვის იყო განკუთვნილი და სხვა ქვეყნებში რეალიზება ვერაფრით მოხერხდა. სწორედ ქართული კონიაკის, სარაჯიშვილისა და ენისელის წარმოება დაათვალიერეს დსთ-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ.

თბილისის პლენარული სხდომის მერე დსთ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატების საბჭოს, რიგითობის პრინციპის დაცვით, ყაზახეთი უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG