Accessibility links

logo-print

„მაჰმადიანი მესხების” სამშობლოში დაბრუნების თემა – პრესის ყურადღების ცენტრში


„საბჭოთა კავშირის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტის” განხილვის დაწყებამ

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ გააღვივა მსჯელობა ე.წ. „მაჰმადიანი მესხების” სამშობლოში დაბრუნების თემაზე. ბუნებრივია, ეს პრესაშიც აისახა. გაგაცნობთ ზოგიერთ პუბლიკაციას.

”24 საათის” მიმომხილველი ფიქრობს, რომ, გასულ საუკუნეში დეპორტირებულებისა და მათი შთამომავლობის დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკების გარდა, არსებობს უამრავი ლეგიტიმური არგუმენტი იმისა, თუ რატომ შეიძლება გადავადდეს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება: ”ეს არის - შიდა კონფლიქტური კერების არსებობა, უამრავი დევნილი კონფლიქტური ზონებიდან, ახალწამოწყებული რესტიტუციის კამპანია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოსებისა და ქართველებისთვის. ამ პრობლემების მოგვარებას დრო და სახსრები სჭირდება, რის გამოც მესხების პრობლემის მოგვარება დათქმულ ვადაში - 2011 წლამდე - შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი მაჰმადიანი მესხების გასახლების აქციაზე - ის საბჭოთა კავშირმა განახორციელა, რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია პრობლემის მოგვარებაში საერთოდ არ მონაწილეობს”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი.

”ახალი თაობა” ამავე თემაზე ექსპერტ მამუკა არეშიძესა და სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა. მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ დაბრუნების პროცესი უნდა დაიწყოს, მაგრამ ძალიან ფრთხილად. არეშიძე ამბობს: ”თუ ეს [რეპატრიაცია] არ მოხდება ეტაპობრივად, თუ არ მოხდება მათი ინტეგრირება ქართველ საზოგადოებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება ეთნიკური დაპირისპირება”. მამუკა გიორგაძის აზრით, გასულ საუკუნეში სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულთა რეპატრიაცია საქართველოს ინტერესში არ შედის: ”ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ ორი მიმართულება უნდა გამოვყოთ. პირველი - მაშინ, როდესაც საქართველოდან ქართველები გარბიან, საქართველოში მკვიდრდებიან არაქართველები. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ეს მიგრაცია ქართველი ერის დემოგრაფიისთვის ხელოვნურ ცვლილებებს იწვევს; მეორე - იმ 300 ათას ადამიანში, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, ჯერ არ ვიცით ვინ რა ცნობიერებისაა, იქ შეიძლება აღმოჩნდეს ქართული ცნობიერების, ქართული წარმომავლობის ადამიანი, შეიძლება აღმოჩნდეს აგენტურა.” - ეს გახლდათ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძის მოსაზრება, რომელსაც ”ახალი თაობა” ბეჭდავს.

რეპატრიაციის თემას დიდ ადგილს უთმობს ”ახალი 7 დღე”. თუმცა გაზეთის პირველი გვერდი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს შეახსენებს მკითხველს. დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ინტერვიუ გურამ შარაძის შვილ რუსუდან შარაძესთან, რომლის თქმითაც, გურამ შარაძის მობილურ ტელეფონზე მკვლელობამდე მუქარითა და ზიზღით აღსავსე, მკვლელობის შემდეგ კი ნიშნისმომგები გზავნილები მივიდა. რუსუდან შარაძის აზრით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და რეჟიმის შეცვლამდე მკვლელობის საიდუმლო არ გაირკვევა. ”ახალი 7 დღე” დღეს აქვეყნებს გურამ შარაძის 2005 წლის ინტერვიუს, რომელიც სწორედ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხს შეეხება და რომელშიც შარაძე რეპატრიაციის ვალდებულებას უკანონოს უწოდებს. ამავე გაზეთის კიდევ ერთ ვრცელ პუბლიკაციაში მკითხველი გაეცნობა პარლამენტის წევრთა მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე. ”საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების პერიოდში - ”მე ვარ ქართველი, მე ვარ ევროპელის” ნიადაგზე საკმაოდ დიდი ეიფორია იყო. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ევროსაბჭოს წინაშე მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების ვალდებულება აიღო. იმ დროს ევროსაბჭომ საქართველოს 40-მდე მოთხოვნა შესთავაზა. მათგან მხოლოდ რამდენიმეს შესრულება იყო სავალდებულო. ჯობდა, საქართველოს ვალდებულებად სხვა მოთხოვნები აერჩია”, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე, რომლის კომენტარსაც ”ახალი 7 დღე” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG