Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა მე-700 გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ალექსანდ ლიტვინენკოს მკვლელობის ისტორიაში საქართველოს შესაძლო კვალის შესახებ; მოგითხრობთ გზააბნეულ თანამგზავრთა ოდისეაზე; ვისაუბრებთ ახალ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ არქივში; დღეს ჩვენი გამოშვების სტუმარია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ისტორიიდან

ბიძინა რამიშვილი:
კვლავ რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის ისტორიაში საქართველოს შესაძლო კვალის თემას ვუბრუნდებით. გემახსოვრებათ, მას შემდეგ, რაც ლონდონში, რადიაქტიური ნივთიერების პოლონიუმ 210-ის გამოყენებით, ლიტვინენკო მოწამლეს, საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, გამორიცხული არ არის, პოლონიუმ 210 სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტიდან ყოფილიყო გატანილიო. რამდენად რეალურია ეს ვარაუდი?

თამარ ჩიქოვანი:
ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი - უფრო ზუსტად, დევნილი ინსტიტუტი - დღეს თბილისშია განლაგებული. ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა უკვე შეჩვეულია, რომ ინსტიტუტში მისული ჟურნალისტები, როგორც წესი, სოხუმის ინსტიტუტიდან რადიაქტიური ნივთიერებების დაკარგვის შესაძლებლობით ინტერესდებიან. მისი თქმით, ბოლო აღწერა, რომელსაც ისიც ესწრებოდა, 1993 წელს რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი კოზირევის, მოთხოვნით ჩატარდა:

[ გურამ ბოკუჩავას ხმა] ”არის ამ ჩამონათვალში პლუტონიუმ 210. ეს ცალკე, სუფთა სახით, არ არის. არის ამპულებში, შენაერთებში - ეს მზა ამპულები იგზავნებოდა რუსეთიდან. თეორიული შანსი...ამ ამპულებიდან განცალკევება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, რომელსაც ადვილად მიუწვდება ხელი ყველა ამ რადიაქტიური ნივთიერების მწარმოებელ ინსტიტუტებთან, მაინცდამაინც სოხუმის ინსტიტუტის ამპულების გადამუშავება დასჭირდეთ, არ მგონია. თეორიულად შესაძლებელია ყველაფერი.”(სტილი დაცულია)

დღეს რა ვითარებაა სოხუმში დარჩენილ ინსტიტუტში - გურამ ბოკუჩავამ არ იცის. რამდენიმე მცდელობა, ყოფილ თანამშრომლებთან კონტაქტები აღდგენილიყო, უშედეგოდ დასრულდა.
არადა, საბჭოთა კავშირის პერიოდში სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე დახურული და პრესტიჟული კვლევითი ცენტრი იყო.
ყველაფერი 1945 წელს, ბერლინის დაცემის შემდეგ, დაიწყო. გერმანიის არმიის განადგურების გარდა, საბჭოელებიც და ამერიკელებიც იმ გერმანელი ფიზიკოსების აღმოჩენას ცდილობდნენ, ვინც ატომური იარაღის პრობლემაზე მუშაობდა:

[ გურამ ბოკუჩავას ხმა] ”ბერიას და დალესის ხალხი - ორივე ნადირობდა ამ ჯგუფებზე და ლაბორატორიებზე, რომლებიც მუშაობდნენ ატომური იარაღის შექმნის პრობლემაზე. ნაწილი ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში - მეტი რაოდენობის გამდიდრებული ურანით, და ნაწილი - ბერიას ხალხმა. ეს იყო ორი ჯგუფი: ერთი - მანფრედ ფონ არდენეს ხელმძღვანელობით და მეორე იყო გუსტავ გერცის - ის ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. ეს ორი ობიექტი შეიქმნა 1945 წლის 27 ივლისის ბრძანებულებით.”

გერმანელ მეცნიერებს მუშაობისთვის რამდენიმე ადგილი შესთავაზეს - მათ შორის, ყირიმი, მოსკოვის შემოგარენი და აფხაზეთი. არჩევანი აფხაზეთზე შეჩერდა. სინოპში სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები ზონა ”ა”-დ გადაკეთდა - იქ ბარონ მანფრედ ფონ არდენეს ლაბორატორია მოთავსდა. აგუძერა - ზონა ”გ”-დ იქცა - იქ გუსტავ ლუდვიგ გერცი განთავსდა. იმასაც დავამატებ, რომ მეცნიერებს აფხაზეთში ოჯახის წევრებიც ახლდნენ. რაც შეეხება ლაბორატორიებს:

[ გურამ ბოკუჩავას ხმა] ” აპარატურა ჩამოტანილი იყო, რა თქმა უნდა, გერმანიიდან. ის ლაბორატორიები, თავისი ხალხით, აპარატურით და ყველაფრით, რაც საჭირო იყო, გამოტანილი იყო გერმანიიდან. ამიტომ მუშაობა დაიწყო ძალიან სწრაფად.”

მუშაობა არა მხოლოდ სწრაფად დაიწყო, არამედ წარმატებულადაც. მაგალითად, დღემდე ბარონ მანფრედ ფონ არდენე ერთადერთი უცხოელი მეცნიერია, რომელსაც 1947 წელს სახელმწიფო, 1953-ში კი სტალინური პრემია მიენიჭა. პრემიების გარეშე არც ის გერმანელი და საბჭოთა მეცნიერები დარჩენილან, რომლებიც სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდნენ. გურამ ბოკუჩავა ამბობს, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მეცნიერების ფასი იცოდა. ამ მეცნიერების ფასი კი ძალიან მაღალი იყო:

[ გურამ ბოკუჩავას ხმა] ” პირველი (საბჭოთა) ატომური ბომბის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის წვლილი.”

გერმანელმა მეცნიერებმა სოხუმი და საბჭოთა კავშირი 1956 წელს დატოვეს. ნაწილი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბრუნდა, ნაწილი - ავსტრიაში. რაც შეეხება სოხუმის ინსტიტუტს:

[ გურამ ბოკუჩავას ხმა] ”50-იანი წლების ბოლოს, 58-59 წლიდან, ახალი ამოცანები იყო დასმული ინსტიტუტის წინაშე. ეს იყო კოსმოსურ პროგრამებში მონაწილეობა - კონკრეტულად, საბორტო აპარატებისთვის კვების პრობლემის გადაწყვეტა.”

1993 წლამდე სოხუმის ინსტიტუტი დახურულ ობიექტად ითვლებოდა. სოხუმის დაცემის შემდეგ ინსტიტუტის ქართველი თანამშრომლები თბილისში გადმოვიდნენ. დღეს ძველი დიდებიდან ბევრი არაფერი შემორჩათ - სხვა ინსტიტუტების მსგავსად, სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტიც გრანტების მოპოვებას ცდილობს სამეცნიერო საქმიანობის გასაგრძელებლად.


გზააბნეულ თანამგზავრთა ოდისეა

ბიძინა რამიშვილი:
ორიოდე დღის წინათ ქართველმა ასტრონომმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, საქართველოს ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელმა როლან კილაძემ თავის სამეცნიერო აღმოჩენებზე საინფორმაციო სააგენტო ,,ახალი ამბები - საქართველოს” მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აღმოჩენების შეფასება და, მით უმეტეს, აღიარება, სწავლულთა და ექსპერტთა საქმეა. იმის გაცნობა კი, რაზე მუშაობენ ქართველი მეცნიერები, ყოველთვის საინტერესოა. როლან კილაძის ერთ-ერთი ,,კოსმოსური” ნაშრომის შესახებ მარინა ვაშაყმაძე მოგითხრობთ.


[ნაწყვეტი ,,პინკ ფლოიდის” კონცერტიდან]

მარინა ვაშაყმაძე:
ღია კოსმოსში თანამგზავრი მიცურავს...
გზააბნეული, მიტოვებული ხომალდი...
სადღაც შორს მოჩანს პლანეტა - დედამიწა... სადაც ამ თანამგზავრის შესახებ უკვე აღარც კი ახსოვთ.
თანამგზავრი კი მერამდენე წელიწადია დახეტიალებს - მიტოვებული, უფუნქციო ზონდი.
დროდადრო ჰორიზონტზე ჩაიქროლებენ სხვა ხომალდების ნატეხები ან ასეთივე მიტოვებული საფრენი აპარატები, რომელთაც უკვე აღარავინ მოიხსენიებს კაცობრიობის გენიის მიღწევად. მათ ახლა კოსმოსური ნარჩენები ჰქვია.

ეს სურათი სულაც არ გახლავთ რეი ბრედბერის რომანებიდან მოტანილი. კარგა ხანია ეს ამბავი კაცობრიობის ყოფით პრობლემად იქცა.
ისევე როგორც დედამიწა, კაცობრიობამ უკვე საკმარისად აავსო კოსმოსი ნარჩენებით, რომლებიც ასტრონავტებისა და ხელოვნური თანამგზავრებისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] ,,საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ კოსმოსი ძლიან გაჭუჭყიანდა. ძალიან ბევრი გამონაყოფია. ისინი, ერთი მხრივ, ფრენების უსაფრთხოების პრობლემას ქმნის, მეორე მხრივ, ეკოლოგიურად და, სხვადასხვა ამოცანებიდან გამომდინარე, აჭუჭყიანებენ დედამიწის ირგვლივ ორბიტებს... და საერთოდ კოსმოსს...” (სტილი დაცულია)

ამბობს ტექნიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.

მეცნიერები ამბობენ, რომ დღეს დედამიწის ორბიტაზე უკვე ათასზე მეტი მწყობრიდან გამოსული კოსმოსური აპარატი დაფრინავს. მათ დიდძალი მსხვილი და წვრილი ნამსხვრევები ემატება, რომელთა რაოდენობაც იზრდება და იზრდება.
დედამიწის გეოსტაციონალურ ორბიტაზე თანამგზავრების გაშვება 1963 წლიდან დაიწყეს. ხშირ შემთხვევაში, უკვე ერთი წლის შემდეგ, თანამგზავრების უმეტესობა მწყობრიდან გამოდის.

[ომარ კურტანიძის ხმა] ,,და ისინი, ასე რომ ვთქვათ, ასე თვითნებურად დადიან ამ კოსმოსურ სივრცეში და ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერი კატასტროფა გამოიწვიონ იქ... და დაეტაკონ კოსმოსურ ხომალდს და სხვა და სხვა. აი, ეს პრობლემა დგას მთელი მსოფლიოს წინაშე.” (სტილი დაცულია)

განმარტავს ომარ კურტანიძე, ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

პრობლემის გაჩენასთან ერთად გაჩნდა კოსმოსური ნარჩენების უტილიზაციის იდეაც.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] ,,ამ თანამგზავრების ადგილმდებარეობის აღმოჩენა, მათი უტილიზაცია ან მოცილება ობიექტიდან, დედამიწაზე ან სხვაგან გატანა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა.” (სტილი დაცულია)

მეცნიერებმა მრავალი პროექტი შეიმუშავეს. მაგრამ მთავარი პრობლემა აქ თურმე თანამგზავრების ადგილმდებარეობის დადგენა და თვალის მიდევნება გახლავთ. როგორც ცნობილი მეცნიერი რევაზ ჭანიშვილი ამბობს:

[რევაზ ჭანიშვილის ხმა] ,,ახლა, როცა ამას ანგარიშობენ, ამ გეოსტაციონალურ ორბიტებს, მათემატიკურად იდეალიზირებულია, დედამიწა მრგვალია, სინამდვილეში ამაზე მოქმედებს ის, რომ დედამიწა მთლად მრგვალი არ არის. გარდა მაგისა, მთვარეს აქვს გავლენა, მზეს აქვს გავლენა, მართალია, მცირეა ეს გავლენები, მაგრამ მაინც, რომელიღაც ორბიტებისთვის შეიძლება ეს გავლენა საკმაოდ დიდი იყოს. ამიტომ, როცა წერენ ამ განტოლებებს და ხსნიან, რიგ შემთხვევებში აღმოჩნდება, რომ ეს გავლენა იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება წლის განმავლობაში 7 გრადუსამდე დაგროვდეს ცდომილება. ერთი წელი რომ არ უყურებდე, შეიძლება დაგეკარგოს... იქ აღარ იყოს.” (სტილი დაცულია)

მოკლედ ობიექტი თვალთახედვიდან იკარგება, კონტროლიდან გამოდის.

[როლან კილაძის ხმა] ,, ...და ერთხელ გაშვებული ასეთი ობიექტი იქ ქვეყნის დაქცევამდე იმოძრავებს იმ სიმაღლეზე... და თანდათანობით ესენი გროვდებიან...” (სტილი დაცულია)

განმარტავს ასტრონომი როლან კილაძე და დასძენს:

[როლან კილაძის ხმა] ,, აი, ყველაფერი ამის მათემატიკურად აღწერა შეუძლებელი აღმოჩნდა იმ ძველი მეთოდების საშუალებით, რომლებიც დამუშავებული იყო იმ ჩვენი მათემატიკოსების მიერ, ჩვენი წინაპრების. და იმიტომ იყო ის ამბავი, რომ ყოველ ნახევარ წელიწადში ხელახლა იყო საჭირო ამ თანამგზავრების დაკვირვება-გაზომვა - სად არიან ამ წუთში, საით მიდიან და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ ეს თანამგზავრი დაკარგულია და შემთხვევით თუ აღმოვაჩენთ თავიდან.” (სტილი დაცულია)

ელგუჯა მეძმარიაშვილს მიაჩნია, რომ

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] ,,ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ამისათვის რაიმე თეორიული ამოცანა გადაწყდა, რომლის საშუალებითაც მოხდება ამ ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა.” (სტილი დაცულია)

როლან კილაძემ ამ პრობლემის კვლევა კარგა ხნის წინათ დაიწყო და სანკტ-პეტერბურგის (პულკოვოს) ობსერვატორიის მკვლევარ ალა სოჩილინასთან ერთად ახალი თეორია შეიმუშავა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ამა თუ იმ თანამგზავრის ადგილმდებარეობა წინასწარ, 100 წლით ადრე, განისაზღვროს.

ამ თეორიას წინ უძღოდა კვლევის ხანგრძლივი ისტორია, რომელსაც თავად რომან კილაძე ასე გადმოგვცემს:

[როლან კილაძის ხმა] ,,ჯერ კიდევ 1969 წელს გაჩნდა პირველ შრომა ამერიკელის, რომელმაც ცოტათი გაამარტივა ეს ამოცანა. შემდეგ, 1985 წელს, გაჩნდა მეორე, უკვე, აი, ჩვენთვის ნაცნობი სოჩილინასი, რომელმაც კიდევ იქ რაღაც ახალი კოორდინატთა სისტემა შემოიღო და კიდევ ცოტათი გაამარტივა ამოცანა. მერე, 1992 წლისთვის, შექმნეს უკვე პირველი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მუშაობდა... რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად, მაგრამ პირველი იყო... და შემდეგ განვითარდა. აი, იმ დროს ჩავერთე მე ამ სამუშაოში...” (სტილი დაცულია)

რა მოხდება მას შემდეგ, რაც ობიექტი აღმოჩენილია და მისი მოძრაობის ტრაექტორია -უახლოესი 100 წლისათვის გარკვეული?

დღეს ეს შესაძლებლობას მისცემს მეცნიერებს ზუსტად განსაზღვრონ ახალი თანამგზავრების უსაფრთხო მოძრაობის ტრაექტორია, შეჯახების გამორიცხვა წინასწარ იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ კი...
სამომავლოდ კვლავ რეი ბრედბერის რომანები და ფანტასტიკური სერიალების სურათები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომლებიც, შესაძლოა, უახლოესი მომავლის სურათად იქცეს - აი, ისეთად, მაგალითად, პროფესირი ელგუჯა მეძმარიაშვილი რომ აღწერს:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] ,,მიდის მრავალჯერადი გამოყენების თანამგზავრი და მოჰკიდებს, აი, ამას ხელს... უკვე გამოუყენებელ თანამგზავრს. მექანიკურ ხელს მოჰკიდებს, ჩაიდებს თავის საბარგულში და წამოიღებს დედამიწაზე ან შეუცვლის ორბიტას და გატყორცნის მას სხვა მიმართულებით.” (სტილი დაცულია)

[ნაწყვეტი ,,პინკ ფლოიდის” კონცერტიდან]

ასე დაიწყო კაცობრიობის ახალი - კოსმოსური - ერა,
ადამიანური წარმატებებით და ადამიანური პრობლემებით...
ასეთია გზააბნეული ხომალდების ოდისეა...

მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ახალი ეტაპი საქართველოს ეროვნულ არქივში

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოს ეროვნულ არქივად გადაკეთებული საარქივო დეპარტამენტის შესახებ გასული რამდნიმე თვის მანძილზე რადიო ”თავისუფლებამ” რამდენჯერმე მოგითხროთ. თავდაპირველად მოგითხრეთ იმ უმძიმესი ყოფის შესახებ, რომელშიც ცენტრალური არქივი იყოფებოდა, შემდეგ გესაუბრეთ ამ დაწესებულების გეგმებსა და პერსპექტივაზე. ახლა კი, მოგითხრობთ იმ მასშტაბურ ცვლილებებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს ეროვნულ არქივში და რომელთა შედეგადაც სულ მალე სახელმწიფოს ისტორიული მეხსიერების საცავი თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდება. ამ სიახლეებზე სასაუბროდ ეროვნულ არქივს ალექსანდრე ელისაშვილი ეწვია

ალექსანდრე ელისაშვილი:
ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისში მდებარე არქივის შენობაში, რომ დიდი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ეს გარედანაც თვალშისაცემია. კარის შეღების შემდეგ კი რემონტის მასშტაბებში კიდევ უფრო რწმუნდებით და რაც მთავარია ვეღარ იცნობთ ძველ, გაპარტახებულ ფოიეს, რომელიც წლების მანძილზე ნებისმიერ მნახველზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენდა. სამშენებლო მასალების მტვრით სქლად დაფარული დერეფნებითა და კიბეებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თავმჯდომარის თეონა იაშვილის კაბინეტის მისაღებამდე მივაღწიეთ. მისაღებში თავმჯდომარის მდივანმა ცოტა ხანს დალოდება გვთხოვა, თუმცა არა ”ტრადიციული” – ”უფროსს თათბირი აქვს” მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ ”უფროსი” სარემონტო სამუშაოების შესამოწმებლად სახურავზე იყო ასული. რამდენიმე წუთის შემდეგ თეონა იაშვილი სახურავიდან ჩამოვიდა და თავის ჯერ კიდევ საბჭოურ ყაიდაზე მოწყობილი კაბინეტისაკენ გაგვიძღვა. ”არქივისათვის ახალი ეტაპი დაიწყო” - საუბრის დასაწყისშივე გვითხრა ეროვნული არქივის თავმჯდომარემ, რომელმაც ის სირთულეები ჩამოთვალა, რომლებიც წლების მანძილზე მოუგვარებელი იყო და რომლებიც სულ მალე ალბათ მწარე მოგონებადღა დარჩება:

[თეონა იაშვილის ხმა] ის, რომ ვთქვათ შიდა პერიმეტრზე ლოკალურად ტარდება რემონტები, ის, რომ სველი წერტილების პრობლემა აღარ იქნება. ის, რომ წყალი ადის ყველა სართულზე. ის, რომ კონდიცირება შეიცვლება, თანამედროვე კონდიციონერები დაყენდება მკვლევართა ყველა დარბაზში, ფოტო და ფონო საცავებში, საგამოფენო დარბაზში.

უახლოეს მომავალში მთელ შენობაში გამოიცვლება ელექტროქსელი, რაც დოკუმენტების საცავებში მუდმივი ტენიანობის შესანარჩულებლად აუცილებელია, შეიცვლება უკვე სრულიად გამოუსადეგარი ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია. დაიწყება შენობის საძირკველის გამაგრება. კატასტროფულ მდომარეობაში მყოფი საისტორიო არქივის მკვლევართა დარბაზი დაინგრევა და ხელახლა აშენდება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტდება საგამოფენო დარბაზი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სრულიად უფუნქციო იყო:

[თეონა იაშვილის ხმა] ბოლო 20-25 წელია არცერთი გამოფენა არ გამართულა, ვინაიდან ეს დარბაზი გაპარტახებული იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს დარბაზი განგვეახლებინა, ამასთან ერთად ფოიე, ჰოლი ვესტიბული, ეს კარგად გაგვეკეთებინა კონდიცირების ნორმალური სისტემა, სადაც შევა ადამიანი არც სიცხე შეაწუხებს, არც სიცივე და შევძლებთ ხოლმე დროებითი თემატური ექსპოზიციების გამართვას.

ყველაფერი ეს ეროვნული არქვისათვის დაფინანსების გაზრდის წყალობით მოხერხდა. 2007 წლის ბიუჯეტში ფინანსთა სამინისტრომ არქივის რემონსტისა და რეაბილიტაციისათვის 600 ათასი ლარი გამოყო. გარდა რემონტისა ”გამოცოცხლებულმა” და მატერიალურად მოღონიერებულმა ეროვნულმა არქივმა კერძო პირებისაგან მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და გამოცემების შეძენაც განაახლა. ვისგან და რა თანხად შეიძინეს ”ვეფხისტყაოსნის” 1887 წლის პირველი ილუსტრირებული გამოცემა და ჟურნალ ”კვალის” 1893-99 წლების ნომრები ეს საიდუმლოდ რჩება. ბოლოს როდის მოხდა მსგავსი რამ საქართველოს მთავარ დოკუმენტთსაცავში თეონა იაშვილი ვერც კი იხსენებს:

[თეონა იაშვილის ხმა] ბოლო 20 წელი, რომ არ მომხდარა და 30 წელი, რომ არ მომხდარა ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ და მანამდე უფრო შორეული წარსული, თუ წავალთ ვერ გეტყვით. ძალიან დიდი ხანია შესყიდვა არ მომხდარა. ჩვენ როცა ბიუჯეტს ვგეგმავდით გავითვალისწინეთ, ვინაიდან კანონი ამის საშუალებას გვაძლევს და რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს. როცა ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ ზოგიერთს ისეთი მატერიალური მდგომარეობა აქვს, რომ მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენ ვერ ვყიდულობდით მათგან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელი წელი აქტიურად გამოგვეყენებინა და აი, პირველი შედეგიც სახეზეა.

თუმცა, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელმძღვანელობა ამ პირველ შედეგზე შეჩერებას არ აპირებს. უწყება მზადაა ნებისმიერი კერძო პირისაგან შეიძინოს ისტორიული ღირებულების მქონე სხვადასხვა დოკუმენტი, თუ გამოცემა. ბუნებრივია ის, რომლის ყიდვაზეც მათ ხელი მიუწვდებათ. ამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ ბოლო წლებში ყველას მიერ მივიწყებულ და გაპარტახებულ არქივში შემობრუნება დაიწყო და სახელმწიფომ საკუთარი ისტორიული მეხსიერების გადასარჩენად მოიცალა.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო ”თავისუფლება”, თბილისი

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ”მთავრობებს შორის პოლიტიკური უთანხმოება არ უნდა აისახოს კონკრეტული მოქალაქეების ბედზე”

ბიძინა რამიშვილი:
ევროპის საბჭო, რომელშიც საქართველო 1999 წელს გაწევრიანდა, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგშია განთავსებული. თუმცა, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ამ დღეებში პრაღაში არიან შეკრებილი. მიზეზია ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს სხდომა, რომელშიც ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილიც მონაწილეობს. ბატონმა ზურაბმა დრო გამონახა რადიო ”თავისუფლების” პრაღის შტაბ-ბინაში ვიზიტისთვისაც, რომლის დროსაც მარიამ ჭიაურელის შეკითხვებსაც უპასუხა.

(იხ. აუდიოვერსია)

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში - იულია საიკო, თბილისში - ლევან გვარამაძე.

მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG