Accessibility links

logo-print

ნიქოზ-ავნევის მშენებლობის საკითხი ცხინვალს მუქარისა და ნგრევის სურვილს აღუძრავს


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაწყებული ერთბაშად ორი შემოვლითი გზის მშენებლობა სერიოზული დაპირისპირების საგანი ხდება

ქურთაში განლაგებულ დროებით ადმინისტრაციასა და დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას შორის. ედუარდ კოკოითი განადგურებით დაემუქრა საქართველოს პოლიციის ძალებს, რომლებიც ნიქოზ-ავნევის შემოვლითი გზის მშენებლობას იცავენ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა კი შაბათს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა აღკვეთოს პროვოკაციის მცდელობა ცხინვალიდან, ხოლო ედუარდ კოკოითის ხელისუფლებას ”აღსასრულის მოახლოება” უწინასწარმეტყველა. მინდა უფრო ვრცლად გიამბოთ იმის თაობაზე, თუ რა განცხადებები კეთდებოდა 16 ივნისს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.

სოფელ ქურთაში მოქმედ პროქართულ ”დროებით ადმინისტრაციასა” და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გასაყოფი აქვს არა მხოლოდ ძალაუფლება, არამედ კომუნიკაციები და სარწყავი არხები. ცხინვალის ხელისუფლების ცნობით, ავნევი-ცხინვალის შემოვლითი გზა საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ, რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოების გვერდის ავლით, დამატებითი სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია მოახდინოს. დე ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მკაცრად გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება შეაჩეროს გზის მშენებლობა და კონფლიქტის ზონიდან გაიყვანოს ქართული სპეცრაზმი, რომელიც, თბილისის განცხადებით, მხოლოდ გზის მშენებლობას იცავს:

[ ედუარდ კოკოითის ხმა] ”თუ ქართული მხარე არ გაიყვანს თავის ძალებს, ისინი განადგურდებიან.”

უფრო ადრე ცხინვალიდან ისმოდა მუქარა იმ მშენებლების მისამართით, რომლებიც, დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის დავალებით, ცხინვალ-ავნევის შემოვლით გზას აშენებენ. 16 ივნისს დროებითი ადმინისტრაციის ლიდერმა დიმიტრი სანაკოევმა, რომელიც ოსი და ქართველი ხალხის ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების მომხრეა, ცხინვალი საშიში პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და დე ფაქტო ხელისუფლებას სწრაფი აღსასრული უწინასწარმეტყველა:

[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ერთი რამ ცხადია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ხელისუფლება ზაფხულის პერიოდში სპეციალურად არ კეტავს წყალს და არ ემუქრება საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. დღევანდელი რეჟიმი ცხინვალში არის არა ხელისუფლება, არამედ საფრთხე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს მშვიდობიან თანაარსებობას. ხალხს ეს უკვე ესმის. ძალიან მალე სამხრეთ ოსეთის ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს და ასეთი ნაბიჯები დღევანდელი ცხინვალის რეჟიმისა მხოლოდ აახლოებს მის დასასრულს.”

დროებითი ადმინისტრაციის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში სამი წყალგამანაწილებელი ქსელი უშუალოდ ედუარდ კოკოითის მითითებით გადაიკეტა, რის გამოც სარწყავი წყალი არ მიეწოდება ცხინვალისა და გორის რაიონის 10-ზე მეტ ქართულ სოფელს. დიმიტრი სანაკოევს ასევე დაუშვებლად მიაჩნია ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ მუგუთი-წუნარის გზის მშენებლობა, რომელზეც ცხინვალის ხელისუფლებას თავისი ბლოკ-საგუშაგოს აღმართვა სურს. დიმიტრი სანაკოევმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ:

[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ჩვენ მოვითხოვთ, რომ თითოეულ ასეთ ქმედებაზე ცხინვალის ხელისუფლებისა, რომელიც მოსახლეობას უკეტავს გზებს და კომუნიკაციებს, მიღებულ იქნეს გარკვეული გადაწყვეტილება და შესაბამისი შეფასება მიეცეს მათ ქმედებას. ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს. ჩვენ წინ ბევრი საქმე გვაქვს. და თუ ცხინვალის რეჟიმს არ შეუძლია მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლის. ”


სიტუაციის განმუხტვის მიზნით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პარასკევს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩავიდა და სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვს შეხვდა. კულახმეტოვმა განაცხადა, რომ დროებით შეჩერდა გზის მშენებლობა როგორც ცხინვალ-ავნევის, ისე მუგუთი-წუნარის მიმართულებით. ესკალაციის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ცხინვალის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი გამოვიდა წინადადებით, ცხინვალში სასწრაფოდ იქნეს მოწვეული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა.
XS
SM
MD
LG