Accessibility links

logo-print

გასულ სამუშაო კვირაში


გასულ სამუშაო კვირაში

ქვეყნის პირველმა პირებმა რამდენიმე საერთაშორისო ტრიბუნიდან განაცხადეს, რომ საქართველო მზადაა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისათვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ–მინისტრის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვიზიტებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი შევნიშნავთ, რომ გასული სამუშაო კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საფრანგეთში განხორციელებული ვიზიტი იქნა მიჩნეული. „სარკოზის კონცეფცია ხილულ ფორმებს იძენს“ - საქართველოს პრეზიდენტის ფრანგ კოლეგასთან 13 ივნისს ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის შედეგებს „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ამგვარად დასათაურებული პუბლიკაციით გამოეხმაურა. თავად შეხვედრა კი საერთაშორისო პოლიტიკური ელიტისა და მედიის ყურადღების ცენტრში, ძირითადად, იმ მკვეთრი განცხადებების გამო აღმოჩნდა, რომელიც ფრანგულ–ქართული ურთიერთობის სრულიად ახალ ფაზაში შესვლას მოასწავებს. „ რუსეთს არ მივცემთ საშუალებას, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ვეტო დაადოს“, - ბრძანა ნიკოლას სარკოზიმ. მიხეილ სააკაშვილი კი ამიერიდან საფრანგეთისგან ფენომენალურ მხარდაჭერას ელოდება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ ეს იყო ფანტასტიკური ვიზიტი. შედეგმა გადააჭარბა ყველა ჩემს ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საფრანგეთის ზოგადი მხარდაჭერა, მაგრამ ახლა მოხდა 180 პროცენტიანი შემობრუნება. ჩვენ გაგვიჩნდა ევროპაში ძალიან დიდი მხარდამჭერი. სარკოზი არის ევროპის ნატურალური ლიდერი, მას აქვს ფენომენალური მხარდაჭერა ფრანგების და, რაც მთავარია, აქვს მკვეთრი ხედვა იმის, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებში.“

ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ფრანგული პოლიტიკის დუმილის ხანა დასრულდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების ერთ–ერთ პირველ ნაბიჯად კი, შესაძლოა, საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაწყებაც იქცეს. პარიზში სტუმრად ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობაც განიხილა. საქართველოს ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის აშენების პერსპექტივის შესაჯერებლად უახლოეს მომავალში ერთმანეთს ფრანგი და ქართველი ექსპერტები შეხვდებიან. კონსულტაციების დაწყებამდე კი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შენიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას სომხეთის მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ მიიღებს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა]“ დღეს საუბარი იმაზე, რომ ეს იქნება სომხეთში ან იქნება საქართველოში, ძველი შეიცვლება ახლით თუ არა, ნაადრევია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხეთი.“(სტილი დაცულია)

ამბობს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის პარალელურად, კვირის დასაწყისში ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს იგი რადიო „თავისუფლების“ შტაბბინას სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის მეორე და მესამე დღეს გამართული უმაღლესი დონის შეხვედრებზე კი ისეთი საკითხები განიხილებოდა, როგორიცაა: ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების გაზრდა და საქართველო–ჩეხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება.

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თაობაზე კი მიმდინარე კვირაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სავაჭრო–სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა მეხუთე პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს.სხდომის დღის წესრიგში შედიოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა, მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარება, ღვინის ექსპორტის გაფართოება, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და სამედიატორო განხილვის სფეროში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სავაჭრო–სამრეწველო პალატების თანამშრომლობის გაფართოება და სხვ. სხდომას, შესაძლოა, საზოგადოებისთვის შეუმჩნევლადაც ჩაევლო, რომ არა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

{ბორის პასტუხოვის ხმა}„ვფიქრობ, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის მთელი ლოგიკა აჩვენებს, რომ სანქციები არაფერს იძლევა ხალხის გაუცხოების გარდა - იმის გარდა, რომ ჩვენ უფრო უარესად გვეპყრობიან.“

განაცხადა შეხვედრაზე რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის პასტუხოვმა. რუსეთის დელეგაციას კი რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვი ხელმძღვანელობდა. მან სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის დეგუსტაციის აქციაში და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში წარმოებული ღვინის რუსეთში ექსპორტირების პრობლემა ორივე მხარისათვის მისაღები ფორმით გადაწყდება:

[ევგენი პრიმაკოვის ხმა]“ ჩვენ მოვამზადეთ მთელი რიგი საკითხებისა ერთობლივი მოქმედებისათვის. ჩვენ ყველაფერს ამას განვიხილავთ და მე ვფიქრობ, რომ დაწესებული შეზღუდვები თანდათანობით მოიხსნება.“

თბილისის პლენარული სხდომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სავაჭრო–სამრეწველო პალატების საბჭოს, რიგითობის პრინციპის დაცვით, ყაზახეთი უხელმძღვანელებს. შავი ზვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა კი მომავალი 6 თვის განმავლობაში საქართველო გახდა. 12 ივნისს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, „ბისეკის“, საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა. სხდომაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მონაწილეობდა.მან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ”ბისეკის” პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული. თავად ორგანიზაცია კი, ”სუამის” დარად, ახლო მომავალში ახალ მნიშვნელობას შეიძენს, განგვიცხადა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა]“ შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება წამყვანი გლობალური მოთამაშეებისათვის. ვფიქრობ, სწორედ მათი დაინტერესება გახდება საფუძველი იმისა, რომ ”ბისეკი” უფრო აქტიური იქნება ახლო მომავალში. მით უმეტეს, რომ უკანასკნელ პერიოდში მისი საქმიანობის დღის წესრიგში პოლიტიკური საქმიანობის საკითხებიც გამოიკვეთა.“

განაპირობებს თუ არა საქართველოს თავმჯდომარეობა ”ბისეკის” გააქტიურებას მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, მხოლოდ პროგნოზების საგანია. საქართველოს საერთაშორისო არენაზე გააქტიურების მცდელობის კიდევ ერთ გამოვლინებად კი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმული ერთი ინიციატივაც იქცა. ნატოს შტაბბინაში დავით კეზერაშვილმა 49 ქვეყნის თავდაცვის მინისტრს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და ნატოს უახლოეს მომავალში ავღანეთში ქართული სპეცდანიშნულების ნაწილების გაგზავნა შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფი ქაბულის ზონაში იმსახურებს და იქ ლოგისტიკას უზრუნველყოფს.

მიმდინარე კვირაში გაიმართა ასევე ეუთოს მუდმივი საბჭოს მორიგი, 670–ე, სესიაც, რომელზეც მოხსენებით გამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესებსა და ამ პროცესების ხელისშემშლელ პირობებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველო–რუსეთის საზღვრის უკონტროლო მონაკვეთების გავლით საქართველოს ტერიტორიაზე, კონფლიქტურ ზონებში, იარაღის შემოდინების ფაქტზე და საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწესება მოითხოვა. ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გელა ბეჟუაშვილმა მიმოიხილა რეგიონში ბოლო დროს განვითარებული დინამიკა და აღნიშნა, რომ დღეისათვის არსებული ვითარება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეიქმნას მომგებიანი ვითარება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. თუმცა ასე არ თვლის ედუარდ კოკოითის ხელისუფლება. მიმდინარე კვირის ბოლოს ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაცია კიდევ ერთხელ, ამჯერად ნიქოზისა და ფრონეს ხეობის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, დაიძაბა.
XS
SM
MD
LG