Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულ-ქართული სამხედრო პროგრამა დასრულდა. რა იქნება შემდეგ?


პარასკევს თავდაცვის სამინისტროს

კრწანისის სასწავლო ცენტრში საზეიმოდ დაიხურა რიგით მესამე ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამა (GSSOP-2), რომლის მთავარი მიზანი იყო მოემზადებინა და გაეწვრთნა ერაყში ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციაში” მონაწილე ქართველი სამხედროები. სამხედრო გამოცდილებას, რომელიც 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიური თეორიული და პრაქტიკული ვარჯიშის ფასად დაუჯდათ, ქართველი სამხედროები მნიშვნელოვანს უწოდებენ. თუმცა, მათი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიგონზე ჩამოყალიბებული მეგობრობა.

ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანის გასაცნობად ზოგჯერ წლებია საჭირო, ბრძოლაში კი ერთი დღეც საკმარისია. ბრძოლამდე ჯერ შორსაა, თუმცა ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამით” 12 კვირიანი წვრთნები ქართველი სამხედროებისათვის, ძირითადად, საბრძოლო ვითარებასთან დაახლოებულ პირობებში წარმოებდა. ანუ პატარა ერაყი ქართველმა სამხედროებმა კრწანისის პოლიგონზე უკვე გაიარეს. ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა მეთაური მაიორი ქრეგ ჯონსი, რომელიც 2 წელი ხელმძღვანელობდა ქართველი პროფესიონალი სამხედროების წვრთნის პროცესს საქართველოში, ასე ემშვიდობებოდა განსაკუთრებით გამორჩეულ ქართველ სამხედროებს:

[ქრეგ ჯონსი] ”თქვენ ხართ საუკეთესო ჯარისკაცი თქვენს ასეულში და აუცილებლად უნდა მოხდეს ამის აღიარება. იმედია, თქვენ მოგეწონათ ის სწავლება, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ. ასე რომ, წარმატებას გისურვებთ ერაყში.”

მაგრამ როგორი შთაბეჭდილება დარჩათ თავად ქართველ სამხედროებს ამერიკელ ინსტრუქტორებზე - დიდი ქვეყნის წარმომადგენლებზე, რომელთა სამხედრო ბარაკები და საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად აღემატება ქართველებისას, ანაზღაურებაში სხვაობაზე რომ არაფერი ვთქვათ? მე-2 ბრიგადის სერჟანტმა ემზარ დემეტრაძემ გვითხრა, რომ პროგრამით გათვალისწინებულ ფიზიკურ დატვირთვას ამერიკელი და ქართველი სამხედროები ერთად იტანდნენ:

[ემზარ დემეტრაძის ხმა] ”ფიზიკური დატვირთვა ძალიან მძიმე იყო, კი. ამერიკელი ინსტრუქტორები ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ, როგორც ბრძოლის ველზე.”

კაპრალ მამუკა ბანძელაძეს კი გული სწყდება, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ ამერიკელ მეგობრებთან დამშვიდობება მოუწევს.

[ემზარ დემეტრაძის ხმა] ” გული გვწყდება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ინსტრუქტორები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ, სამწუხაროდ, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს და აღარ გვექნება შესაძლებლობა, რომ კვლავ შევიკრიბოთ. მაგრამ თუ კიდევ ჩამოვლენ, ჩვენ მოვალთ და აუცილებლად მოვინახულებთ და მეგობრულ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ. მათთან არა მხოლოდ საბრძოლო მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა, არამედ ადამიანური. თითქოს მეგობარი შემეძინოს.”(სტილი დაცულია)

2 წლის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა (GSSOP-2) არამარტო საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში იყო. შეერთებული შტატებიდან, რომლის მთავრობამ პროგრამის დასაფინანსებლად 50 მილიონზე მეტი დოლარი გაიღო, ყოველი 12 კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ,იქაური სენატორები, პენტაგონის წარმომადგენლები და დიპლომატები ხშირად სტუმრობდნენ კრწანისის ცენტრს. ცოტა ხნის წინ კრწანისში იმყოფებოდა ამერიკის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის, ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტის, კურსდამთავრებულთა ერთი ჯგუფი. ამ ჯგუფის ლიდერმა, თამარა ფიცჯერალდმა, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოს წვლილს ერაყის სტაბილურობის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს:

[თამარა ფიცჯერალდის ხმა] ”მე, როგორც ამერიკელი მოქალაქე, განსაკუთრებულად ვამაყობ საქართველოს ხელისუფლების ასეთი გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილებით და თქვენი ჯარისკაცების მზადყოფნით, გაემგზავრონ ერაყში. ამაღელვებელია ის მეგობრობა, რომელიც ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს შორის არის, ისევე როგორც მეგობრობა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. ეს, მართლაც, ძალიან საამაყოა. ”

როგორც რეპორტაჟის დასაწყისში ვთქვით, ამერიკელთა პროგრამის დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროების კონტრაქტით გათვალისწინებულ მოვალეობას შეადგენს 6 თვის მანძილზე ერაყში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. კაპრალ მამუკა ბანძელაძის თქმით, მის არჩევანს ოჯახიც გაგებით შეხვდა:

[მამუკა ბანძელაძის ხმა] ”შეეგუა ოჯახი. სხვა გზაც არ იყო და, რა ვიცი. და არაფერს არ ამბობენ ისეთს, რომ აი, საშიშროებას წარმოადგენს ან რაღაც. შეეგუა ოჯახი. იციან, რომ მივდივარ და დამილოცავენ გზას.”(სტილი დაცულია)

ქართველი სამხედროები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამერიკულ-ქართული სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამამ მათ მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილება შესძინა. შეიძლება გვეფიქრა, რომ ქართველი სამხედროები ასე არიან დარიგებული მათი უფროსების მიერ. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ერაყში 4 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ქართულ სამხედრო კონტინგენტს არც ერთი სამხედრო არ დაკარგვია, რაც ადასტურებს 12 კვირიანი სწავლების მაღალ ხარისხს. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს პროგრამა 16 ივნისს დასრულდა. შესაბამისად, აქტუალურია შეკითხვა, თუ რა ფორმით გაგრძელდება ამერიკის სამხედრო დახმარება, რითაც ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველო განებივრებული იყო. ეს შეკითხვა მე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს დავუსვი.

[ჯონ ტეფტის ხმა] ”დიახ, ჩვენ რამდენიმე პროგრამას ვახორციელებთ. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა მრჩევლების სახით, რომლებიც ორგანიზაცია ”კიუბიკის” წარმომადგენლები არიან. ამ ჯგუფის მიზანია იმუშაოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად და დაეხმაროს მას რეფორმების წინსვლაში. მე კარგად ვიცნობ ”კიუბიკს”. ისინი იმ დროს მოღვაწეობდნენ ლიტვაში, როდესაც მე იქ ელჩად ვმუშაობდი. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ იმის ახსნა, თუ რა არის საჭირო და რა გეგმით უნდა წარიმართოს ნატოსთან თავსებადი სამხედრო სისტემის ჩამოყალიბება.”

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში პროფესიონალი ქართველი ჯარისკაცების მომზადების ორი პროგრამა განახორციელა. 2002-2003 წლებში იყო ”წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა”, რომელსაც ანტიტერორისტული ერქვა. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი დაიწყო ”სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა” (GSSOP-2) , რომელიც, ორ ეტაპად, სამ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ორივე პროგრამის ფარგლებში გაიწვრთნა 7000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე და მომზადდა რამდენიმე ასეული ქართველი ინსტრუქტორი, რომლებიც შემდგომში უკვე თავადვე გაუძღვებიან ანალოგიურ პროგრამებს საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG