Accessibility links

logo-print

მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში და ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი


გიორგი ჭანიშვილი, თბილისი სპორტული სეზონის მთავარი მოვლენა

- მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბში - ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებული იქნება.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც, სიმბოლოს გამო, `ბორჯღალოსნებს~ უწოდებენ, ზედიზედ მეორედ ითამაშებს პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან სარაგბო ტურნირზე. მსოფლიოს თასი წელს შემოდგომაზე საფრანგეთში გაიმართება, სადაც 20 უძლიერესი ნაკრები მოიყრის თავს... მათ შორის იქნება საქართველოც. მინდა გიამბოთ იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპოიონატზე და როგორ ემზადება გუნდი საფრანგეთისთვის.

რაგბში მსოფლიოს ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და იქ მოხვედრა ნებისმიერი ნაკრებისათვის უდიდესი წარმატებაა. საქართველოში მორაგბეთა ნაკრები ათწლეულის საუკეთესო გუნდად რომ დაასახელეს, ამის მიზეზი, გულშემატკივრის სიყვარულის გარდა, ისიც იყო, რომ ჩვენი ნაკრები კვლავ ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც სათამაშო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე უასპარეზია. პირველად ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიოს თასზე 2003 წელს ავსტრალიაში ითამაშეს, 4 წლის შემდეგ კი წარმატება გაიმეორეს.

`ბორჯღალოსნებმა~ საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ორწლიანი შესარჩევი ეტაპი გაიარეს და არაერთი მძიმე თამაში გადაიტანეს.

შესარჩევ გზაზე ბოლო ბარიერი პორტუგალიის ნაკრები იყო. 2006 წლის ნოემბერში საქართველო და პორტუგალია ორჯერ - ჯერ თბილისში, შემდეგ კი ლისაბონში - შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული სწორედ ამ ორი მატჩის შედეგით გამოვლინდა. თბილისში ქართველებმა 17:3 გაიმარჯვეს. ამიტომ ლისაბონის გასვლით შეხვედრაში 14-ზე ნაკლები ქულით დამარცხებაც კი გვაძლევდა ხელს, ფრესა და მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პორტუგალია დონით საქართველოზე ქვემოთაა, მაგრამ ამ ერთი კონკრეტული თამაშისათვის პორტუგალიელები განსაკუთრებულად მოემზადნენ და `ბორჯღალოსნების~ საჭირო ანგარიშით დამარცხებაც დაგეგმეს. მატჩი 25 ნოემბერს ლისაბონის `სტადიო უნივერსიტარიოზე~ ჩატარდა. ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი და მეტოქეს მძლავრი თამაში დაუპირისპირეს. შეხვედრა ფრედ 11:11 დასრულდა... საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

ლისაბონში `ბორჯღალოსნებს~ თან მცირერიცხოვანი ქომაგი ახლდა, თბილისში კი რაგბის გულშემატკივრები კაფე `მსოფლიო სპორტში~ შეიკრიბნენ, სადაც მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დიდ ეკრანზე უჩვენეს. იმ დღის ემოციები და გამარჯვების სიხარული საქართველოში კიდევ დიდი ხნით ემახსოვრებათ. რაგბის გულშემატკივარი რეზი შავლაძე 25 ნოემბრის მოვლენებს ასე იხსენებს:

[რეზი შავლაძის ხმა] `ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი სიხარული. იმიტომ რომ, ასეთი სიხარული, სამწუხაროდ, ჩვენი სპორტის ისტორიაში ბევრი არ ხდება. შარშან, ნოემბრის თვეში, ეს იყო ძალიან, ძალიან დიდი რამ. რა თქმა უნდა, მახსოვს, დილიდანვე შევიკრიბეთ მეგობრები, აჟიტირებულები ვიყავით. დილიდანვე, რა თქმა უნდა, იყო ლუდი და არცთუ ცოტა. შევიკრიბეთ კაფე `მსოფლიო სპორტში~, თვითონ თამაში როგორ წარიმართა, ალბათ, მაყურებელსაც ახსოვს. იყო საკმაოდ დაძაბული თამაში, პორტუგალიელებმაც არაფერი დაგვითმეს, მაგრამ უკვე თამაშს ეტყობოდა, რომ ჩვენ მსოფლიოზე გავიდოდით. იმიტომ რომ, ეს იყო ქართული სულის ზეიმი, ბრძოლა თითოეული გოჯისათვის. რაღაც მომენტში გაგვიჭირდა, მაგრამ უკან არ დავიხიეთ. თამაშის დროს რა ხდებოდა, თქვენ წარმოგიდგენიათ: იყო გულშემატკივრობა მხურვალე, იყო რაღაც იმედგაცრუებაც, იყო პლუსები, მინუსები, მაგრამ თამაშის ბოლოს იყო უდიდესი სიხარული.

მაინც რამდენად კანონზომიერი იყო საქართველოს ნაკრების მოხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე? რა არის ის მთავარი მიზეზები, რის გამოც რაგბში, სპორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, ასეთი ძლიერი და წარმატებული ნაკრები გვყავს?

ქართული რაგბის ექსპერტის გიორგი მამარდაშვილის აზრით:

[გიორგი მამარდაშვილის ხმა] ,,ჩვენი ნაკრები და, საერთოდ, ჩვენი სარაგბო სამყარო აპირებს, რომ მალე დაეწიოს დიდ სარაგბო ქვეყნებს. სულ რაღაც ორი თვის წინ საქართველოს ნაკრები მეთხუთმეტე ადგილზე იმყოფებოდა რეიტინგში. იყო დიდი წარმატებები, ევროპის `ერთა თასი~ მოვიგეთ 2001 წელს და ვიყავით მეჩვიდმეტე ადგილზე. საერთოდ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარაგბო სამყაროს რეიტინგი მართლა რეიტინგია და არ აღნიშნავს, ვთქვათ, თურქეთისა და სამხრეთ კორეის დონის გუნდები, ფეხბურთს რომ შევადაროთ მეოთხედფინალში, თუგინდ მერვედფინალში ვერ გადიან ხოლმე რაგბიში და ასევეა რეიტინგში. რეიტინგში ვერ მოხვდება შემთხვევითი გუნდი მაღალ საფეხურზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა, უმრავლესობა კი არა, მთლიანად ნაკრების მოთამაშე 26 კაცი, ყველანი, თამაშობენ საფრანგეთში და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საფრანგეთის უკვე ტოპ-დივიზიონებში თამაშობენ.”(სტილი დაცულია)

`ბორჯღალოსნები~ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ინტენსიურად ემზადებიან. ამ ეტაპზე ნაკრები რაგბის საერთაშორისო საბჭო `ირბ~-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე თამაშობს, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს. მართალია, რუმინეთში ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის 12 მოთამაშე აკლია, მაგრამ ჩვენი ბიჭები მაინც შედეგიანად თამაშობენ. რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი გვენეტაძის თქმით, მწვრთნელები გუნდის თამაშით კმაყოფილნი არიან:

[ირაკლი გვენეტაძის ხმა] `რუმინეთში ეს ტურნირი, რომელიც მიმდინარეობს, `აირბის ერთა თასი~, ეს არის `ა~ კატეგორიის ტურნირი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ამ ტურნირს. როგორც იცით, უკვე ორი თამაში გამართა საქართველოს ნაკრებმა. პირველი გავიმარჯვეთ ნამიბიასთან, მეორე 24:7 დავმარცხდით სამხრეთ აფრიკის `ა~ ნაკრებთან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იგივე ამ ნაკრებმა წინა პირველი თამაში მოუგო რუმინელებს 61:7. აქედან გამომდინარე, მე ვესაუბრე იქ მწვრთნელებს და საკმაოდ კმაყოფილები არიან ამ თამაშითაც.~(სტილი დაცულია)

საქართველოს ნაკრები რუმინეთის ტურნირიდან 18 ივნისს დაბრუნდება. ბიჭები ცოტას დაისვენებენ, 9 ივლისიდან კი ისევ ერთად შეიკრიბებიან. მორაგბეებს ვარჯიშებზე დიდი ფიზიკური დატვირთვა ელით, რაზეც ფიზმომზადების ახალი, ფრანგი მწვრთნელი იზრუნებს.

[ირაკლი გვენეტაძის ხმა] `9 ივლისის შეკრება მთლიანად მიეძღვნება ფიზიკურ მომზადებას. ამისათვის ჩვენ ვიქირავეთ, ვერ ვიტყვი სიტყვას, უბრალოდ, სარაგბო ოჯახში გამოინახა, ფრანგულ ოჯახში გამოინახა ძალიან კარგი ფიტნესს მწვრთნელი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, რომელიც ახლა რუმინეთში ახლავს გუნდს, ძალიან კმაყოფილები არიან და ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია.~(სტილი დაცულია)

აგვისტოში გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზადებას იქვე განაგრძობს. `ბორჯღალოსნები~ ფრანგულ კლუბებთან რამდენიმე საკონტროლო მატჩსაც გამართავენ. ამასობაში სექტემბერიც მოახლოვდება და გულშემატკივრის მოლოდინი პიკს მიაღწევს.

ქართველ მორაგბეებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში 4 მატჩი ელით - არგენტინის, ირლანდიის, ნამიბიისა და ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის წინააღმდეგ. ნაკრების მწვრთნელთა შტაბს საფრანგეთში ერთი გამარჯვების იმედი აქვს. თუ ასე მოხდა, ეს ქართული რაგბის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი და ისტორიული გამარჯვება იქნება.
XS
SM
MD
LG