Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე მიუთითებს ელენე თევდორაძის განცხადება


მომავალი წლის შემოდგომაზე მორიგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთად ჩატარდება.

უკვე შეიცვალა და, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა. მაგრამ მთავარი სიახლე მაინც ისაა, რომ პარლამენტში, 235-ის ნაცვლად, ამიერიდან 150 წევრი აირჩევა. ამ სიახლეს განსაკუთრებული დაძაბულობა შეაქვს პოლიტიკურ სპექტრში, რისი პირველი ნიშნებიც გასულ კვირაში გამოჩნდა, ელენე თევდორაძის განცხადებების სახით. როგორია ახალი საარჩევნო რეალობა?

პარლამენტართა რიცხვის შემცირებას მთელი საქართველო მხარს უჭერდა და ამისთვის სერიოზული მიზეზი ჰქონდა. საარჩევნო ბარიერის 7%-მდე გაზრდის შემდეგ, როგორც წესი, თითქმის მთელ პარლამენტს მმართველი პარტია აკომპლექტებს. ასე იყო მოქალაქეთა კავშირის შემთხვევაში და ასეა ახლაც. მმართველი პარტიის ერთიანი სიით პარლამენტში ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანი ხვდება - ადამიანი, რომელიც თავის დროზე მეასე, ასმეოცე ან ასმეორმოცე ნომრად ჩაწერეს სიაში. ისინი საზოგადოებისთვის უცნობები არამხოლოდ პარლამენტში მოხვედრის მომენტში არიან. ოთხწლიანი ციკლის დასრულების შემდეგაც მათ შესახებ და, მით უმეტეს, მათი საქმიანობის შესახებ არავინ არაფერი იცის. საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულმა თუ გამოშვებულმა დეპუტატმა გიორგი წულაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ უმრავლესობის წიაღში არსებობენ “წინწაწეული პარლამენტარები” და “ჩვეულებრივი პარლამენატარები”. წულაიას განმარტებით, პირველი ჯგუფის წარმომადგენლები მეორე ჯგუფის წევრებს გამარჯობასაც კი იშვიათად ეუბნებიან. ცხადია, მოსახლეობას ბუნებრივად უჩნდება აზრი, რომ არ არის საჭირო პარლამენტში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც იქ არავის სჭირდება, თავისიანებსაც კი. სხვა რომ არაფერი, ბიუჯეტი დაიზოგება.

ასე რომ, პარლამენტართა რიცხვის შემცირება საყოველთაო რეფერენდუმით და მთელი ელექტორატის სურვილით გადაწყდა. 2008 წელს 150 წევრიანი პირველი პარლამენტი აირჩევა და საზოგადოებას საშუალება ექნება, ამ ცვლილების ავ-კარგს დააკვირდეს. ზოგიერთი დასკვნის გაკეთება კი დღესვე შეიძლება.

პარტიული სიით მომავალი წლის შემოდგომაზე მხოლოდ 100 პარლამენტარს ავირჩევთ. ამიტომ, ნებისმიერი პარტია - პირველ რიგში კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თავის სიას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება. ცხადია, მის სიაში შემთხვევითი პირები ვეღარ მოხვდებიან. მაგალითად, ვეღარ მოხვდებიან გიორგი წულაიასნაირი ადამიანები, რომლებიც პარტიას გამარჯობის სათქმელადაც არ სჭირდება. ასევე, ვეღარ მოხვდებიან უფრო წონიანი ფიგურები, რომლებიც პრეზიდენტის ნდობას მხოლოდ ალაგ-ალაგ იმსახურებენ.

როგორც ჩანს, გადარჩევის პროცესი უკვე დაიწყო. ამას ადასტურებს გასულ კვირაში ელენე თევდორაძის მიერ გაზეთ “ალიასთვის” მიცემული ინტერვიუ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შევიწროებულ სიაში მისი ადგილი აღარ იქნება. თევდორაძე პირველი მერცხალია, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მის პოზიციაში კიდევ არაერთი უცნობი თუ ცნობილი სახე აღმოჩნდება. არ არის გამორიცხული, რომ ძალთა წინასაარჩევნო განლაგებაში გარკვეულ როლს ნაციონალების მიერ დაწუნებულთა და, შესაბამისად, განაწყენებულთა სეგმენტიც ითამაშებს.

მთავარი მაინც სხვაა. დღეს უკვე აშკარაა, რომ ყველა პარტია, რომელიც რეალურად გეგმავს პარლამენტში მოხვედრას, სიის შედგენისას პირადი ნდობისა და ერთგულების ფაქტორს გაცილებით დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს, ვიდრე - ოდესმე. იმის გამო, რომ პარლამენტი, თავისი არსით, ახალი ოპოზიციური ჯგუფებისა და პარტიების წარმოქმნისთვის იდეალური ადგილია, ნებისმიერი ლიდერი ეცდება თავის გუნდში არ შემოუშვას ადამიანი, რომლის ერთგულებაში მტკიცედ არ იქნება დარწმუნებული. ბოლო მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური გადაადგილება მაინცდამაინც ხშირი და რაოდენობრივად თვალშისაცემი არ ყოფილა, მაგრამ თვისებრივად ღირებული იყო: უმაღლეს საპარლამენტო ორგანოში სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდნენ ამჟამინდელი ოპოზიციონერები - ძმები ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა, დავით ზურაბიშვილი, ზვიად ძიძიგური და ზოგიერთი სხვაც.

რამდენადაც შეიკუმშება პარლამენტართა რიცხვი, მით უფრო მკაცრად გაკონტროლდება პარტიული სიებიც და თავად პარლამენტის საქმიანობაც. მაგალითად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ნაციონალების სიით მოხვედრილი პირები პარტიამ 100%-ით შეინარჩუნოს. ამიტომ ბუნებრივი იქნება, თუ მომავალი პარლამენტი კიდევ მეტად აღმოჩნდება დამოკიდებული პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ვიდრე ამჟამინდელი. ვისაც დღეს ამ თემაზე საუბარი ნაადრევი ან ტენდენციური მოეჩვენება, მას ხელს არაფერი შეუშლის, მომავალი მოწვევის პარლამენტს თავად დააკვირდეს.
XS
SM
MD
LG