Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში ”დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამის” სამიტში იღებს მონაწილეობას


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტში მონაწილეობის შემდეგ ( რაც ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგში შედგა),

მიხეილ სააკაშვილი ”დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია -სუამის” სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში იმართება. იქ მიხეილ სააკაშვილი 18 ივნისს გაემგზავრა. მინდა შეგახსენოთ სუამის მიზნები და ბაქოში სუამის წევრი სახელმწიფოების შეკრებაზეც გესაუბროთ.

სუამი, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვეთის მონაწილეობით, ”დემოკრატიისა და განვითარების ორგანიზაცია-სუამად” 2006 წლის მაისში კიევში, სუამის მორიგ სამიტზე, გარდაიქმნა. ამ ტრანსფორმაციის შემდეგ პრაქტიკულად ახალ ორგანიზაციას ყოფილი სახელწოდება - სუამი - საერთაშორისი არენაზე მისი პოპულარობის გათვალისწინებით შეუნარჩუნდა.

”დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია -სუამის” ძირითადი მიზნებია: დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა, საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოებისა განმტკიცება, საერთო უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავება, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა, აგრეთვე, თანაშრომლობა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ თუ სამეცნიერო სფეროებში. ორგანიზაციის წესდება მხარეებს, ურთიერთდაინტერესების შემთხვევაში, პოლიტიკური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს... ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, სუამის ბაზაზე სახეშეცვლილ ორგანიზაციაში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია. თავად რეგიონალურ ორგანიზაცია სუამს კი, როგორც გვახსოვს, 1996 წელს ჩაეყარა საფუძველი... სუამი თავიდანევ აღქმულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთგვარ ალტერნატივად - კეთდებოდა მინიშნებები, რომ ახალ გაერთიანებაში უკრაინა შეეცდებოდა, დომინანტის როლის შესრულებით, დსთ-ს სივრცეში რუსეთთან მეტოქეობის ამბიცია დაეკმაყოფილებინა... იყო ლაპარაკი სუამის შესაძლო უპერსპექტივობაზე... საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დღეს ფიქრობს, რომ სუამმა სწორედაც რომ გაამართლა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”სუამის შექმნას ობიექტური საფუძველი ჰქონდა და მე შემიძლია ვამტკიცო, მიუხედავად მთელი რიგი პერიპეტიებისა, მიუხედავად გარკვეული სტაგნაციისა, სუამმა თავისი ამოცანა შეასრულა ჩვენი საერთაშორისო თანადგომის არენაზე - ამას გარდა, ერთობლივი პროექტების რეალიზაციის მხრივ..”

აქ ყოფილმა მინისტრმა იგულისხმა ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშემწყობი პროექტი და ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების გავრცელებისა და სხვა საშიშ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ვირტუალური ცენტრის შექმნისა და ამოქმედების პროექტი.
”დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამის” სახელმწიფოთა მეთაურების ახლანდელ სამიტზე დასასწრებად ბაქოში პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებიც ჩავიდნენ. სუამის სახელმწიფოთა მეთაურების პლენარული სხდომა 19 ივნისს გაიხსნება, რის შემდეგაც ჩატარდება სუამის ქვეყნების დელეგაციათა ერთობლივი პრესკონფერენცია. სამიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები: სუამი-ამერიკის შეერთებული შტატები და სუამი-იაპონია... დაგეგმილია 10-მდე დოკუმენტის ხელმოწერა. მათ შორის იქნება ბაქოს დეკლარაცია და სუამის წევრი ქვეყნების მთავრობათა მემორანდუმი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.
XS
SM
MD
LG