Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხის პარტიის ლიდერი არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს


საქართველოში საპარლამენტო და, ამავდროულად, საპრეზიდენტო არჩევნები, სავარუადოდ, 2008 წლის შემოდგომით უნდა ჩატარდეს.

არჩევნებამდე საკმაო დროა, თუმცა ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ დროა ოპოზიციურმა პარტიებმა დაიწყონ ფიქრი დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების ერთი მიზნით გაერთიანების ინიციატივით, დავითაშვილი 19 ივნისს გამოვიდა. ხალხის პარტიის ლიდერმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის საშუალებით გაავრცელა მოწოდება ოპოზიციური ძალების გაერთიანების თაობაზე. როგორ მიიღეს სხვადასხვა ოპოზიციურმა ძალებმა ხალხის პარტიის ლიდერის წინადადება?

ხალხი პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს დაასწრო და არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე თქვა, ოპოზიციის გაერთიანების გარეშე მომავალ არჩევნებზე მმართველ ძალას რეალური კონკურენტი არ ეყოლებაო. მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას საქართველოში 2008 წლის შემოდგომაზე ვარაუდობენ. კობა დავითაშილმა 2007 წლის 19 ივნისს მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ და გაერთიანების ვადაც დაუსახელა - 2007 წლის ნოემბერი.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”მინდა მოვუწოდო ყველ ოპოზიციურ პარტიას, გვერდზე გადავდოთ ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, პიროვნული ამბიციები და შევძლოთ თუნდაც ერთხელ გაერთიანება ქვეყნის საკეთილდღეოდ საერთო პლატფორმაზე.”(სტილი დაცულია)

საერთო პლატფორმაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, თუმცა ცხადია, რომ ოპოზიციური ძალებისგან დიდი საარჩევნო კოალიციის შექმნის წინადადება ერთგვარ პროგრამა მაქსიმუმად ხელისუფლების შეცვლას უნდა გულისხმობდეს. ასე ფიქრობს დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელი კახა კუკავაც. 2008 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის მსხვილი გაერთიანების ჩამოყალიბების იდეა მისთვის
მისაღებია:

[კახა კუკავას ხმა] ”თუ ერთი მიზანი გვაქვს, ხელისუფლების შეცვლა, მაშინ ყველა ოპოზიციური ძალა, გარდა დისკრედიტირებული ძალებისა, ყველა რეალური მოთამაშე ძალა ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში..”

პროცესის სასურველი შედეგი კუკავას ასე წარმოუდგენია: არჩევნების დღეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის იოლი უნდა იყოს არჩევანის გაკეთება - უნდა იყოს 2 პოლუსი და ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩეველი ორიდან ერთს აირჩევს - ოპოზიციას..

ინიციატივის ავტორი კობა დავითაშვილი ხაზგასმით შენიშნავს, რომ ოპოზიციის გაერთიანება მისი კი არა, ხალხის მოთხოვნაა. ხალხის პარტიის ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს წინასწარი არჩევნების ჩატარების იდეასაც, ანუ პარტიების რეიტინგის დადგენას, რათა შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების ერთიან საარჩევნო სიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის პარტიებმა შეავსონ წინა რიგები. კობა დავითაშვილმა მოწოდება გააკეთა და მასზე რეაგირებას დაელოდა. ”ახალი მემარჯვენეებიდან” მის წინადადებაზე კომენტარი ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა და თქვა, რომ უკვირს გაერთიანებისკენ მოწოდება პოლიტიკოსისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდა, დღეს კი ხალხის პარტიის ლიდერია.
უფრო ზომიერი იყო ”მრეწველების” რეაქცია:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც მიმდინარეობდა ასეთი კონსულტაციები, მაგრამ ვერ მოხერხდა. სასურველია ეს მოხდეს, მაგრამ იმის გარანტია, რომ მოხდება, არ არსებობს.”(სტილი დაცულია)

საარჩევნო გაერთიანებისკენ ხალხის პარტიის ლიდერის მოწოდებას ლეიბორისტული პარტიაც გამოეხმაურა:

[სოსო შატბერაშვილის ხმა] ”არანაირი შემოთავაზება - არც წერილობითი და არც ზეპირი - არ მიგვიღია. თუ მივიღებთ ასეთ შემოთავაზებას, კომენტარსაც მაშინ გავაკეთებთ.”

დავითაშვილის ინიციატივაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პირველი რეაქციების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანების წინადადება ( კობა დავითაშვილის წინადადება) ოპოზიციურ პარტიებში ერთნაირი ენთუზიაზმით არ მიუღიათ. არჩევნებამდე საკმაო დროა. ოპოზიციურ ძალებში მოუწევთ ფიქრი გაერთიანების ფორმაზეც და საპრეზიდენტო კანდიდატის შეთანხმებაზეც, თუმცა, როგორც ზურაბ ტყემალაძემ თქვა, შეთანხმების გარანტია არ არსებობს.
XS
SM
MD
LG