Accessibility links

“წითლიდან ნაცრისფრისკენ” - გარდაქმნის მესამე ეტაპი ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში


“წითლიდან ნაცრისფრისკენ”, უფრო ზუსტად, ჭაღარისკენ - ასეთ ფერად მეტაფორას იყენებს “მსოფლიო ბანკი” დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში,

რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ ქვეყნებში მიმდინარე პროცესს - მოსახლეობის დაბერებას ასახავს.

როგორც ირკვევა, იქ, სადაც ერთ დროს წითლების იდეოლოგია ბატონობდა, ბოლო წლებში სულ უფრო მატულობს ხანდაზმულთა (ჭაღარათა) რიცხვი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. ეს კი, თუ დაბერების პროცესი გაგრძელდა, სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს მოასწავებს რეგიონის ქვეყნებისთვის.

მაინც რა იწვევს მოსახლეობის დაბერებას, ან რატომ არის ეს პროცესი სახიფათო ეკონომიკისთვის? ამის გასარკვევად ჩვენმა რადიომ რამდენიმე შეკითხვით მიმართა მსოფლიო ბანკის ანგარიშის ერთ-ერთ თანაავტორ გორდონ ბეჩერმენს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიში პირქუშ სურათს ხატავს ბევრ შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეს - მაინც საქართველოში ასახავს. ანგარიშში ვკითხულობთ:

“ქვეყნებიდან, რომლებშიც დაბერების პროცესი მიმდინარეობს, არც ერთია ისე ღარიბი, როგორც საქართველო. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1000 დოლარზე ცოტა მეტი თუა - და ეს ქვეყანაში, რომელიც მომავალი 20 წლის მანძილზე მოსახლეობის მეხუთედით შემცირებას უნდა მოელოდეს”.

რატომ არის საქართველოში განსაკუთრებით მძიმე ვითარება, ამაზე ცოტა მოგვიანებით, ერთი-ორი ზოგადი საკითხის გარკვევის შემდეგ.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ცენტრალური ევროპის ქვეყნები გარდაქმნის მესამე ეტაპს მიადგნენ, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში. რა იგულისხმება ამ შეფასებით, ანგარიშის თანაავტორი, გორდოგ ბეჩერმენი განმარტავს: [ბეჩერმენის ხმა] “ამჟამად მიმდინარე დემოგრაფიული გარდაქმნა - მოსახლეობის დაბერების მიმართულებით - მესამე გარდაქმნაა, რომელსაც ეს ქვეყნები გადიან ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ. პირველი ორი, რასაკვირველია, პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნები იყო - კომუნისტური სისტემიდან და გეგმური ეკონომიკიდან დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. ჩვენს ანგარიშში გვინდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები ახლა გარდაქმნის მესამე ფაზაში შედიან - ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნა, რომლის წინაშეც ისინი აღმოჩნდნენ პირველი ორი გარდაქმნის დამთავრებამდე”.

საინტერესოა, რომ დემოგრაფიული გარდაქმნა - მოსახლეობის დაბერება - ერთი მხრივ დადებით პროცესებს უკავშირდება. ჩვეულებრივ, თავისუფლების ხარისხისა და შემოსავლის მატებასთან ერთად ქვეყანაში შობადობა კლებულობს ხოლმე, ხოლო სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება - სიცოცხლის გახანგრძლივებას იწვევს. ასე რომ, ბავშვი ნაკლები იბადება, ხანდაზმულების რიცხვი კი მატულობს - ასეა დასავლეთ ევროპაშიც. მაგრამ ამ პროცესს უარყოფითი მხარე აქვს: [ბეჩერმენის ხმა] “ეს უზრმაზარ ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის ქვეყნებისთვის, რომლებსაც ჩვენი ანგარიში ეხება. დასავლეთი ევროპისა და ევროკავშირისათვისაც კი საკმარისად რთული ამოცანაა გამკლავება პენსიებისა და ჯანდაცვის ხარჯების მოსალოდნელ მატებასთან, რაც თან ახლავს მოსახლეობის დაბერებას. ხოლო როცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ვლაპარაკობთ, მათ ამ დემოგრაფიულ პრობლემებთან გამკლავება მოუწევთ გაცილებით უფრო ნაკლები რესურსებით. უხეშად რომ ვთქვათ, მათ გაცილებით უფრო ნაკლები ფული აქვთ ამ პრობლემისთვის, ვიდრე დასავლეთი ევროპის ქვეყნებს. და მეორე საკითხი ის არის, რომ ვლაპარაკობთ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემებზე, რომლებიც თავისთავად ცუდად მუშაობს. ამდენად, ეს პრობლემა დაემატება სისტემებს, რომლებიც ისედაც ვერ ფუნქციონირებს რიგიანად”.

ყოველივე ეს ზოგადად ეხება პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, უწინარეს ყოვლისა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს.

რაც შეეხება კონკრეტულად, საქართველოს: [ბეჩერმენის ხმა] “საქართველო არ არის განსაკუთრებული შემთხვევა დემოგრაფიის თვალსაზრისით. შეიძლება მისი შედარება უკრაინასთან, რუსეთთან. საქართველო - მომდევნო 20 წლის განმავლობაში - მოსახლეობის 17 პროცენტით შემცირდება, უკრაინა კი მოსახლეობის 24 პროცენტს დაკარგავს. ეს არის ქვეყნები, რომელთაც მართლაც მოელით მოსახლეობის მკვეთრი კლება დაბერების პროცესის გამო. მაგრამ საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს განვითარების ისეთ დონეზე ყოფნისას, რომელიც გაცილებით, გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე იტალიის, საფრანგეთის ან გერმანიის განვითარების დონე. საქართველო ღარიბი ქვეყანაა - მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1000-მდე დოლარს შეადგენს, რაც აფრიკისა ან სამხრეთ აზიის ქვეყნების მაჩვენებლებს უფრო ჰგავს, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებისას, რომელთაც ჩვეულებრივ განვიხილავთ ხოლმე, მოსახლეობის დაბერებაზე საუბრისას”.

ანუ, მსოფლიო ბანკის ანგარიშის ავტორთაგანის განმარტებით, საქართველოს მოუწევს გაუმკლავდეს ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელ პრობლემას - მაღალგანვითარებული ეკონომიკის გარეშე. ეს, ბუნებრივია, რთული ამოცანაა, თუმცა, მსოფლიო ბანკის ექსპერტის განმარტებით, შეუძლებელი არ არის. გორდონ ბეჩერმენი ირწმუნება, რომ მოსახლეობის დაბერება ავტომატურად არ ნიშნავს ეკონომიკური განვითარების შეჩერებას. ოღონდ ქვეყნებს სათანადო ზომების მიღება მართებთ.

[ბეჩერმენის ხმა] “მათ ორი რამ უნდა გააკეთონ: განახორციელონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის გაგრძელებას მომავალი 20 წლის მანძილზე, მოსახლეობის დაბერების ფონზე. და მეორე - გააუმჯობესონ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების დონე, რათა ეს სისტემები ეკონომიკურად გაძლიერდეს - მოსახლეობის დაბერებით გამოწვეული ამოცანებისთვის თავის გასართმევად”.

მსოფლიო ბანკის ანგარიში კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას შეიცავს, რომელთაც - როგორც ანგარიშის ავტორები იმედოვნებენ - გაითვალისწინებენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. თან გაითვალისწინებენ ახლავე: წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობის დაბერების პროცესი 10-20 წელიწადში მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG