Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება


გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან მოყოლებული,

ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 8,5 მილიონი ლტოლვილი და 25 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია აღრიცხული. ლტოლვილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები არ აკლია არც საქართველოს, სადაც, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 250 ათასამდე ადამიანი ატარებს დევნილის სტატუსს და მათი აბსოლუტური უმრავლესობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საქართველოში მცხოვრები დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 45 პროცენტი, კოლექტიურ ცენტრებში, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების კუთვნილ შენობებში ცხოვრობს. ამიტომაც ხშირია შემთხვევები, როცა დევნილებს საცხოვრებელი ფართის დაცლას აიძულებენ - ვის კომპენსაციას სთავაზობენ, ვის კი - ალტერნატიულ ფართობს.

[დევნილი ქალბატონის ხმა] „ჩემი ძმის ოჯახი გამიერთიანეს ერთ ოჯახად, რომელმაც ოთხი სული დაკარგა ომის შემდეგ და შვიდიდან სამი სული დარჩა და ჩემი ხუთსულიანი ოჯახი გავდივართ ერთ საოჯახო კოდში, ანუ 7 ათას დოლარს გვაძლევენ. ამ თანხით ერთ ოთახს ვერ ვყიდულობ.“(სტილი დაცულია)

[დევნილის ხმა] „ჩვენ გარემონტებულ ოთახში დაგვაბრუნონ, სანამ ნორმალურ ფართს მოგვიძებნიან და მერე გადავალთ და ვიცხოვრებთ იქ.“

თუმცა ასევე ხშირია შემთხვევები, როცა დევნილებს საცხოვრებელი ბინებიდან ძალის გამოყენებით ასახლებენ. არადა, სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განმარტებით, ყველა ასეთ შემთხვევაში დევნილებს კანონი იცავს:

[სოზარ სუბარის ხმა] „გამოსახლების უფლება სახელმწიფოს აქვს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში: თუკი მოხერხდა შეთანხმება და თუკი შესაბამისი ფართით უზრუნველყოფს, ისე რომ დევნილის საცხოვრებელი პირობები არ გაუარესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსახლების უფლება არ აქვთ. თუ ასეთი რამ მოხდება, ეს უნდა მოხდეს სასამართლო ძალით.“(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის მსგავსად, დევნილთა უფლებების დარღვევებზე მიუთითებს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯომარეც. თემურ მჟავიას თქმით, დევნილთა მთავარი პრობლემა სწორედ რომ განსახლებასა და გაუსაძლის ყოფით პირობებს უკავშირდება:

[თემურ მჟავიას ხმა] „მე ვიტყოდი, რომ ძალიან კრიტიკული სიტუაციაა ელექტროენერგიით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ ვითარებაში, როცა შეგნებულად ითიშება შუქი იქ, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ეს არის ტერორის განხორციელება.“(სტილი დაცულია)

თემურ მჟავიას თქმით, ხელისუფლება, მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ცდილობს დევნილთა პირობების გაუმჯობესებას. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ, 2007 წლის 2 თებერვლის ნომერ 47-ე განკარგულებით, „დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ დაამტკიცა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი ამბობს, რომ დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნებამდეც ღირსეულ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „აქ ღირსეული ცხოვრება და ინტეგრაცია საზოგადოებაში არავითარ შემთხვევაში არ უშლის ხელს დაბრუნების პროცესს. ღირსეული ცხოვრება ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ღირსეულ დაბრუნებას. ასეთ ყოფაში ცხოვრება, როგორშიც დევნილები ცხოვრობენ, უბრალოდ, შეუძლებელია.“

სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, აუცილებელია დევნილებისთვის ისეთივე სამართლებრივი, პოლიტიკური, საყოფაცხოვრებო და სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა, როგორიც აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი მანანა მეშვილდიშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლება მთელი 17 წლის განმავლობაში დევნილთა პრობლემებს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავდა:

[მანანა მეშვილდიშვილის ხმა] „სიტყვა ”დევნილი” საქართველოში ყოველთვის იყო პოლიტიკური მცნება, იმიტომ რომ მიბმული იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და არასოდეს ხელისუფლება დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავდა.“(სტილი დაცულია)

დევნილების სოციალურ მდგომარეობას უდავოდ სასიკეთოდ შეცვლის რესტიტუციის კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 247 ათასი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 6%-ია. შედარებით მცირეა ლტოლვილების რაოდენობა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ამჟამად თავს აფარებს ჩეჩენი ლტოლვილების 700-მდე ოჯახი, რომელთა ყოფა ასევე უკიდურესად მძიმეა.

[ჩეჩენი ქალის ხმა] ”ჩვენს ბავშვებს საჭმელი არა აქვთ. არ დამიჯერებეთ, ზოგჯერ დღეები გადის, რომ შაქარიც არ გვაქვს, პურისთვის არ გვყოფნის ფული ზოგჯერ... მეც და აქ მყოფ სხვა ლტოლვილებსაც არაფერი გვინდა საქართველოსგან. რუსეთმა ჩვენს ბავშვებს წაართვა ბავშვობა, საქართველო კი მათ მომავლს ართმევს. აღარ გვინდა საქართველოს ტერიტორიაზე, პირადად მე არ მინდა აქ ყოფნა.. ”

ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები 20 ივნისს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა მოინახულა. გიორგი ხევიაშვილმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ლტოლვილთა დროებითი ბინადრობის მოწმობების დარიგების პარალელურად, ლტოლვილებს სხვადასხვა სახის პრობლემების გადაჭრაში დახმარება აღუთქვა. საქართველოში - ძირითადად, პანკისის ხეობაში - მცხოვრები ლტოლვილები 2007 წლის პირველი იანვრიდან, ფულადი შემწეობის სახით, ყოველთვიურად 14 ლარს იღებენ.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG