Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა გადაწყდეს სამხრეთი ოსეთის პრობლემა - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წამმზომი ჩართულია


უახლოეს ხანებში ოფიციალური თბილისი დაიწყებს მოლაპარაკებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ამოქმედებულ დროებით ადმინისტრაციასთან

საქართველოს შემადგენლობაში რეგიონის სამომავლო სტატუსის თაობაზე. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 ივნისს ბაქოში, სუამის სამიტზე, გააკეთა. ”მინდა გავაფრთხილო კოკოითი, რომ მისი დრო იწურება”, - იქვე თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. გესაუბრებით ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებისთვის საქართველოს ხელისუფლებაში ჩაფიქრებულ ნაბიჯებსა და იმაზე, თუ როგორ მიიღეს სააკაშვილის განცხადება ცხინვალში, ედუარდ კოკოითის გარემოცვაში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” ავტონომიის თაობაზე ვიწყებთ მოლაპარაკებას დიმიტრი სანაკოევის მთავრობასთან. ჩვენ ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მივცემთ ყველაფერს, რაზეც მათ ოდესმე უოცნებიათ. საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე თვის საქმეა.. საქართველოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ეს პრობლემა დროულად მოაგვაროს.”

ბაქოში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ ედუარდ კოკოითის გარემოცვაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ”სამხრეთ ოსეთის საზღვართან საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადების ფონზე, სააკაშვილის გამოსვლას სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა ნებისმიერ ქმედებას საქართველოს მხრიდან შესაბამისი პასუხი გაეცემა”,- განაცხადა კოკოითის წარმომადგენელმა მედოევმა. ”კოკოითის დრო იწურება” - საქართველოს პრეზიდენტის ეს სიტყვები ცხინვალში საომარ მუქარად მიიღეს. საქართველოს ხელისუფლებაში მართლაც დარწმუნებულნი არიან, რომ კოკოითისა და მისი გარემოცვისთვის წამმზომი ჩართულია, მაგრამ განმარტავენ, რომ წამმზომი ომისთვის კი არა, მოლაპარაკების გზით პრობლემის გადასაწყვეტად არის ჩართული. მოლაპარაკებას კი საქართველოს ხელისუფლება კოკოითთან კი არა, დიმიტრი სანაკოევთან გეგმავს.

[დავით ბაქრაძის ხმა] ”წამმზომი ნამდვილად ჩართულია. ამას თავად კარგად ხვდება კოკოითი, თუ გადავხედავთ მის ბოლო ქმედებებს - წყლის გადაკეტვა, ეგრეთ წოდებული ულტიმატუმებით გამოსვლა. ეს არის იმ ადამიანების ქმედებები, რომელიც ხედავს თავისი არსებობის დასასრულის დასაწყისს და ცდილობს რაღაცნაირად გადარჩენას.. ” (სტილი დაცულია)

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის აზრით, სტატუსის თაობაზე დროებით ადმინისტრაციასთან სამომავლო მოლაპარაკება არ იქნება მოლაპარაკება ოსების ერთ ნაწილთან, რადგან საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს კონფლიქტის ზონის მოსახლეობის ნდობა მოიპოვოს. ”ამისთვის მუშაობა მიდის... ჩვენ ვთავაზობთ და შევთავაზებთ ოსებს გადაწყვიტონ, რა ურჩევნიათ: განვითარება, კეთილდღეობა, სტაბილურობა თუ კოკოითის რეჟიმის ტყეობაში, მუდმივი შიშისა და ეკონომიკური კოლაფსის პირობებში ცხოვრება”, - ამბობს დავით ბაქრაძე და შეკითხვას, სტატუსის თაობაზე დროებით ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დაწყების პირობებში
როგორ წარიმართება მუშაობა შერეულ საკონტროლო კომისიაში, მოლაპარაკებების ოთხმხრივ ფორმატში, უპასუხებს, რომ ამ აბსოლუტურად არაეფექტიან ფორმატზე საქართველო უარს მხოლოდ იმ მიზეზით არ ამბობს, რომ ეს ვინმემ კონფლქიტის ზონაში მოლაპარაკებების საერთაშორისო მექანიზმის ჩაშლის მცდელობად არ მიიღოს:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ჩვენ ამის დაბლოკვას არ ვაპირებთ, თუმცა შერეული საკონტროლო კომისია საკუთარი თავის დაბლოკვას ახდენს. ეს არის ის სტრუქტურა, რომელიც ვერ ასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც მან უნდა შეასრულოს.”

დავით ბაქრაძეს ვკითხეთ ისიც, თუ რამდენად აქვს და ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა სტატუსის თაობაზე დროებით ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების წარმოებას. პასუხი ასეთი იყო: არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის საბოლოო მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს კოკოითისა და მისი რეჟიმის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, მხარდაჭერილი იქნება ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს, თუნდაც კოკოითის რეჟიმის საწინააღმდეგოდ, კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დამყარებას. ასე ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაშიც. შეგახსენებთ: თბილისი დროებით ადმინისტრაციასთან სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG