Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში


18 ივნისს დაიწყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვიზიტის მსვლელობისას ხელი მოეწერა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებას "ინვესტიციებსა და ვაჭრობაში მხარდაჭერის" შესახებ. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოცულობის გაზრდასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება "საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ქართული და ამერიკული ავიაკომპანიებისთვის გაიხსნება როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის საჰაერო სივრცე.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 ივნისს გემგზავრა. მინისტრმა გიორგი არველაძემ ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი ბოლომდე არაა ათვისებული:

[გიორგი არველაძის ხმა] „მივდივარ ვაშინგტონში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და მივდივართ იმისათვის, რომ კიდევ უფრო ბევრი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში ამერიკიდან. გვექნება შეხვედრები როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს წრეებთან.“(სტილი დაცულია)

"ინვესტიციებსა და ვაჭრობაში მხარდაჭერის" შესახებ შეთანხმებას ამერიკის მხრიდან ხელი სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა ჯონ ვორონეომ მოაწერა. ითქვა, რომ მხარეები ქმნიან საბჭოს, რომელიც მოწოდებულია განსაზღვროს ბიზნესის კეთების გზები. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ჩარჩო შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში ამერიკის უახლოეს მოკავშირეს განახორციელოს დემოკრატიული და ეკონომიკური ცვლილებები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა კი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დასავლურ ყაიდაზე მოწყობას. თუმცა მთავრობის ამგვარ ოპტიმისტურ ხედვას არ იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ შემთხვევითი არაა ის, რომ ამერიკელ ინვესტორთა წილი საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელოა:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „ამერიკის ხელისუფლება ინტენსიურად მიმართავს კერძო ინვესტიციების დაზღვევას, როცა ისინი გადიან „ფავორიტ ქვეყნებში“. ასეთ კომფორტულ სიტუაციაშიც კი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში პრაქტიკულად არ შემოდის. ამის მიზეზი გახლავთ საფრთხობელასავით ბიზნეს-გარემო, რომლის მიმზიდველობისა, ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი მცდელობის მიუხედავად, არავის სჯერა.“

ამ ფონზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა ვაშინგტონში ყოფნისას აპირებს "საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმების გაფორმებას. გიორგი არველაძე ამბობს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთხელ და სამუდამოდ გახსნიან ერთმანეთისთვის საკუთარ ცას.
„გვინდა, რომ საქართველოში მაქსიმალურად ბევრმა ავიაკომპანიამ იფრინოს. ამისთვის ჩვენ ვატარებთ "ღია ცის" პოლიტიკას", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, რომლის ამ მოსაზრებას - უფრო სწორად კი, „ღია ცის პოლიტიკას“ - აკრიტიკებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „კი ბატონო, მოვაწერეთ ამ ღია ცის ხელშეკრულებას ხელი და გაიხსნა ამერიკის ცა ქართული ავაიკომპანიებისთვის, მაგრამ ეს ავაიაკომპანიები უკვე აღარ არსებობენ. სამაგიეროდ, ამერიკიდან საქართველოში იფრენენ და იფრენენ ავიაკომპანიები. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის არსებობს პარიტეტული საწყისები: ორი ამერიკული კომპანია თუ იფრენს, ქართულიც ამდენივე იქნება. მაგრამ როცა ამბობ, არანაირი რეგულირება, არანაირი პარიტეტი და ამბობ, რომ ღია კარი მაქვსო, ეს ღია კარი კი არა და „პრახადნოი დვორია“, სადაც იმარჯვებს ჯუნგლების კანონი: იმარჯვებს ის, ვინც ძლიერია.“(სტილი დაცულია)

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ "საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმების გაფორმებით, ავიაკომპანიების გარდა, მგზავრებიც იხეირებენ. ლაპარაკია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო რეისების დანიშვნაზე. საქართველოს ავიაციის მწირი ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამ რეისებს, მაღალი ალბათობით, ამერიკული ავიაკომპანიები მოემსახურებიან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG