Accessibility links

რუსეთის სამხედრო ტექნიკა ბათუმს დაჩქარებული ტემპით ტოვებს


21 ივნისს რუსეთმა განაახლა საქართველოდან სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გატანის პროცესი.





ამჯერად 33 ვაგონისგან შემდგარი ეშელონით საქართველოს ტერიტორიას დატოვებს აჭარაში დისლოცირებული მე-12 სამხედრო ბაზის 60-მდე ერთეული საავტომობილო და ჯავშან-ტექნიკა. ტურისტული სეზონის დაწყების წინ ბათუმიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკის გატანა კარგი ფსიქოლოგიური განტვირთვაა კერძო ტურიზმით დაკავებული მოსახლეობისთვისაც და დამსვენებლებისთვისაც. თუმცა ქართულ მხარეს ახლო მომავალში მოუწევს მაინც დამატებითი საინჟინრო და ქიმიური აუდიტი ჩაუტაროს რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიას, რომლის პერიმეტრი მთელი ამ ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ იყო დანაღმული.

19 ივნისს ბათუმში დიდი რაოდენობით განნაღმმველი ჩავიდა, ხოლო ყველა წამყვანი ტელეარხი აჩვენებდა კადრებს, თუ როგორ გააუვნებელყვეს მათ საავიაციო ბომბი, რომელიც აეროპორტის სანავიგაციო სამსახურის თანამშრომლებმა სარემონტო სამუშაოების დროს მართვის პუნქტიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით მიწაში იპოვეს. ბომბი, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აღმოჩნდა და, როგორც ვარაუდობენ, ბათუმის აეროპორტში 70 წლის წინ ბაზირებულ საბჭოთა სამხედრო ავიაციას უნდა დარჩენოდა. ამ ფაქტმა კვლავ შეახსენა საზოგადოებას აუფეთქებელი ნაღმების პრობლემა. მით უფრო, რომ ბათუმს ახლაც ტოვებს რუსეთის სამხედრო ბაზა, რომლის საწყობებში ათასობით ჭურვი და დიდძალი საბრძოლო მასალა ინახება. გარდა ამისა, რუს სამხედროებს თავდაცვის მიზნით დანაღმული უნდა ჰქონდეთ, სავარაუდოდ, ყველა საცავის პერიმეტრი, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” რედაქტორმა, ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ საქართველოს მხარეს სამხედრო ქალაქების ტერიტორიებთან ერთად, შესაძლოა, ”საშიში მემკვიდრეობაც” ერგოს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”მხედველობაში მაქვს გამოუყენებელი და საშიში ჭურვები, ვაზნები და ნაღმები და ასევე რადიაქტიური ნივთიერებების ნარჩენები.”


განსაკუთრებული სიფრთხილით ესაჭიროება კონტროლი და პრევენციული განნაღმვა ხელვაჩაურში განლაგებული ბათუმის მე-12 ბაზის საბრძოლო მასალების საწყობის მიმდებარე ტერიტორიას. 21 ივნისს ამ ბაზის კუთვნილი დიდძალი საბრძოლო ტექნიკით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით დატვირთულმა ეშელონმა რკინიგზით დატოვა საქართველო და, აზერბაიჯანის გავლით, გეზი ვოლგოგრადისკენ აიღო. საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, ტექნიკითა და ტყვია-წამლით დატვირთული მომდევნო ეშელონი საქართველოს ტერიტორიას 28 ივნისს დატოვებს. სამხედრო ბაზის დაცლის პროცესი გრძელდება ახალქალაქში. სამხედრო ტვირთების გადაადგილებასა და გაცილებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მუჩაიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების ტერიტორიები საქართველოს კუთვნილება გახდება, ისინი ქიმიურ და საინჟინრო დამუშავებას დაექვემდებარებიან:

[გიორგი მუჩაიძის ხმა] ”მოთხოვნილი იქნება რუსეთის მხარისაგან ყველა ის ეკოლოგიური დოკუმენტი, რაც ადასტურებს ხსენებული ბაზის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომ, ესე იგი, შესაბამისი ინფორმაცია გვქონდეს და თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი საშიშროება. თუ არსებობს[საშიშროება], უნდა მოხდეს მათი განეიტრალება.”(სტილი დაცულია)

ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზის გარდა, სპეციალისტების ვარაუდით, ბევრი ჭურვი და საბრძოლო მასალა უნდა იყოს რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფილ ტერიტორიებზე. განნაღმვითი სამუშაოები, ეუთოსა და ნატოს დაფინანსებით, წინა წლებში კოპიტნარის სამხედრო აეროდრომისა და ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიებზე ტარდებოდა, საიდანაც მენაღმეებმა ასეულობით ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვი ამოიღეს. თუმცა 90-იან წლებში, როდესაც მოსახლეობა სტიქიურად აწარმოებდა ლითონისა და დენთის მოგროვებას, ყოფილი ბაზების ტერიტორიაზე ნაღმებზე, სულ მცირე, 40 ადამიანი აფეთქდა, რომელთაგან 20-მდე შემთხვევა სასიკვდილო აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG