Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი გასული საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოდან იძულებით გასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ


22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი გასული საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოდან იძულებით გასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ.

განხილვის პროცესი მწვავე იყო. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობამ მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღება გაუმართლებლად დაჩქარებულ ტემპში და თანაც ხალხის ზურგს უკან დაგეგმა. როგორც ცნობილია, დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის ვალდებულება საქართველომ ჯერ კიდევ 1999 წელს აიღო. ვალდებულების შესრულებისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა ვალდებულების აღებიდან 8 წლის შემდეგ ხდება. როგორ არის ჩაფიქრებული რეპატრიაციის პროცესის დაწყება და როგორია მესხთა რეპატრიაციისთვის შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები?

”ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოდან იძულებით გასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გიგა ბოკერიამ წარუდგინა. კანონპროექტი ადგენს იმ პროცედურას, რომლის მეშვეობითაც საქართველოდან გასული საუკუნის 40-იან წლებში გასახლებულებსა და მათ შთამომავლებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ საქართველოს სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეობის თხოვნით - ეს კანონპროექტი ძალიან მოკლე პირდაპირი განმარტებაა.. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გიგა ბოკერიამ კანონპროექტის სხვა მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

[გიგა ბოკერიაა ხმა} ”ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ეს არის მოვალეობა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსი, ადამიანებს, ვინც გადაიტანა ასეთი ტრაგედია, უფლებების აღდგენის საშუალება მისცეს.”

გიგა ბოკერიამ თქვა ისიც, რომ პროცესი კონტროლირებული უნდა იყოს (ლეგიტიმურ ჩარჩოებში) ისე, რომ ვალდებულების შესრულებამ რაიმე საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს. ეს რომ სწორედ ასე იქნება, ამაში კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს ეჭვი არ ეპარება. ამიტომ მან 22 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, არ დაუჯერონ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა - საქართველოდან დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის პროცესის დაწყება - საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებს ახალ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ოპოზიციის რეაქცია ამ მოწოდებასა და, ზოგადად, პარლამენტში რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებაზე სხვადასხვგვარი იყო. ოპოზიციის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ვალდებულების აღება ხალხის ზურგს უკან მოხდა და დღესაც ხალხის ზურგს უკან ეყრება საფუძველი საკანონმდებლო ბაზას რეპატრიაციის დასაწყებად. ასე ფიქრობენ კონსერვატორებიც:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ვალდებულებას, რომელსაც არ უჭერს საზოგადოება მხარს, უნდა შესრულდეს? განა ვალდებულება, ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ფარატინა ქაღალდზე დაწერილი არ არის? იქნებ გვეკითხა ჩვენი მოსახლეობისთვის?”

ზვიად ძიძიგურმა, კონსერვატორების სახელით, კანონპროექტის განხილვის გადადება და მოსახლეობის აზრის დასადგენად ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარება მოითხოვა. ასეთი მოთხოვნით არ გამოსულა ფიქრია ჩიხრაძე ”ახალი მემარჯვენეებიდან”. თუმცა მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად არის მომზადებული და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი მხარდაჭერა კანონპროექტის მიღმა ჩაფიქრებული, სიტყვიერი დაპირებების მხარდაჭერა იქნება.
ნათქვამში ფიქრია ჩიხრაძემ იგულისხმა სწორედ ის პროცესი, რომელიც არცთუ შორეულ მომავალში, 2008 წლის 1 იანვრიდან, უნდა დაიწყოს და, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული უნდა იყოს. კანონპროექტის ოპონენტებს არ აკმაყოფილებთ განმარტება, რომ რეგულაციას ამა თუ იმ მიმართულებით სახელმწიფოს თავად პროცესი უკარნახებს, რადგან საქართველოს მოქალაქეობის მოსურნეთა განცხადებების მიღების დაწყებამდე შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს დეპორტირებული მოსახლეობის რა ნაწილს სურს სამშობლოში დაბრუნება ან როგორია დაბრუნების მოსურნეთა შორის განწყობილება.. მოქალაქეობის მიცემისას პრიორიტეტი ქართული ენის ცოდნას მიენიჭება. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ და სხვა ჩაფიქრებულ ნორმებს გაუმართლებლად ლოიალურად, მეორე ნაწილი კი (რესპუბლიკელები), პირიქით, ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს. დავით ბერძენიშვლმა, რესპუბლიკური პარტიის სახელით, რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტი შეაფასა როგორც საბჭოთა წარსულისაგან გათავისუფლების მცდელობა და ისურვა ამ კანონის მიღებას ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებაც მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG