Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


განვლილი კვირის მანძილზე დასავლეთის წამყვან გაზეთებში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა საქართველოზე,

ერთ შემთხვევაში კი ქართველზე -რუსეთში მოღვაწე ცნობილ მოქანდაკეზე. მის შესახებ მოგვიანებით.

ერთ-ერთმა წამყვანმა გერმანულენოვანმა გაზეთმა, შვეიცარიის ყოველდღიურმა “ნოიე ციურხერ ცაიტუნგმა” ბოლო დღეებში ორი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა: ერთი საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას ეხება, მეორე - სუამის სამიტს.

სამხედრო ბიუჯეტისადმი მიძღვნილ სტატიაში მოყვანილია მაისში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილი ბიუჯეტი მკვეთრად იზდება 513-დან 957 მილიონ ლარამდე. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას სათავეში მოექცა მიხეილ სააკაშვილი, სამხედრო ბიუჯეტი გაათმაგდაო, წერს სტატიის ავტორი და აანალიზებს, რატომ ზრუნავს საქართველო სამხედრო სფეროს გაძლიერებაზე, ან რას ნიშნავს ეს გარემოება რეგიონული უსაფრთხოებისთვის, თუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივისთვის.

სტატიაში ლაპარაკია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზეც, რომელიც- სტატიის ავტორის შეფასებით - გაუარესდება ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რადგან ნატოში საქართველოს გაწევრიანების ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი მომხრე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაა.

რაც შეეხება “ნოიე ციურხერ ცაიტუნგის” სტატიას სუამის სამიტზე, ჟურნალისტი სამიტს წარმატებულად მიიჩნევს თუნდაც იმის გამო, რომ მასში სუამის წევრების, მათ შორის საქართველოს გარდა ევროკავშირის სამი წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებიც მონაწილეობდნენ. მეორე მხრივ, სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ზეწოლის შედეგად, სუამს მოლდავეთი გამოეყოს, როგორც 2005 წელს გამოეყო უზბეკეთი. და თუ ეს პროგნოზი გამართლდა ამჟამინდელი სუამი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდავეთი) მომავალში სუა იქნებაო. ასე მთავრდება “ნოინ ციურხერ ცაიტუნგის” სტატია სუამის სამიტზე, რომელსაც 19 ივნისს ბაქომ უმასპინძლა.

ბაქოში ჩასვლამდე კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ცნობილია, საფრანგეთში სტუმრობდა - ამ ვიზიტს ეხება გაზეთ “ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში” დაბეჭდილი სტატია, რომელიც ციტატით იწყება - კერძოდ, ქებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა საფრანგეთის ახალ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მისამართით - რომ “მისი ხელისუფლების სათავეში ჩადგომით, საფრანგეთში უკვე ბევრი რამ შეიცვალა! ახლა ოპტიმიზმი სუფევს, ყველაფერი შესაძლებელია, ყველა გზა ღიაა. რაღაც რევოლუციური იგრძნობა. ეს რაღაც გრანდიოზულის დასაწყისია”.

ქების ამ სიტყვებს, მიხეილ სააკაშვილმა სარკოზის მისამართით რომ გამოთქვა, “ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი სარკასტულად აფასებს: ბოლოს პოლიტიკოსის ასეთი ხოტბა ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, კიმ ირსუნის მისამართით თუ ისმოდაო. მოკლედ, სტატიის ავტორი სარკოზის ერთთვიანი პრეზიდენტობით ასეთ აღფრთოვანებას გადაჭარბებულ ენთუზიაზმად მიიჩნევს, თუმცა აღიარებს, რომ სააკაშვილის პოზიცია გასაგებია: საქართველოს, ერთი მხრივ, თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი ამოძრავებს, მეორე მხრივ - დასავლური ტიპის დემოკრატიად ჩამოყალიბების ამბიცია. სარკოზი კი უკვე შორდება მისი წინამორბედის, ჟაკ შირაკის დამყვავებლურ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
მაგალითად, სარკოზი ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებას, სააკაშვილის პარიზში ვიზიტისას მას აღუთქვეს ასევე დახმარება შეიარაღებული ძალების და პოლიციის გაძლიერებაში, ბირთვული ენერგიის მოსახმარებლად შესაბამისი პროგრამის განვითარებაში. ყოველივე ამის შესახებ ვკითხულობთ “ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის” სტატიაში.

ასევე ინგლისურენოვანი და ფრიად პრესტიჟული გამოცემა “ნიუ იორკერი” კი ვრცელ სტატიას უძღვნის ზურაბ წერეთლის ერთ-ერთ ნამუშევარს. ამ სტატიით შეიტყობთ, მაგალითად, რომ ნიუ-იორკში გემით ჩასული კაცი სახელგანთქმულ და ურიცხვ დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმში ასახულ თავისუფლების ქანდაკებაზე უფრო ადრე ხედავს მონუმენტს, რომელიც “ჩაისთან მისაყოლებელ გიგანტურ ნამცხვარს” წააგავს. ეს გახლავთ “მსოფლიოში ტერორიზმის წინაღამდეგ ბრძოლისადმი” მიძღვნილი მონუმენტი - გრანდიოზული მასშტაბის ცრემლი, მწუხარების ობოლი ცრემლი, რომელიც ნიუ ჯერსის შტატში, ბაიონის ნახევარკუნძულზე აღუმართავთ. მონუმენტის ავტორი კი ზურაბ წერეთელია.

მას, როგორც “ნიუ იორკერმა” შეიტყო, 2001 წლის 11 სექტემბერს გასჩენია ცრემლის გამოსახვის სურვილი: “მოსკოვში, ამერიკის საელჩოსთან შეკრებილი ხალხი რომ დავინახე, ცრემლი წამსკდა და ძირს დაეცა. ასე გამიჩნდა მონუმენტის შექმნის იდეაო”, იხსენებს წერეთელი. “ნიუ იორკერში” აღწერილია ისიც, როგორ შეარჩია მოქანდაკემ ახალი ქმნილებისთვის განკუთვნილი ადგილი, რამდენი წინააღმდეგობა შეხვდა ამერიკელებისაგან, ვინც მის ესთეტიკურ მრწამსს არ იზიარებს. ჩამოთვლილია აგრეთვე ზურაბ წერეთლის სხვა ნამუშევრები, მედლები, თანამდებობები.

დაბოლოს, “ნიუ იორკერში” მოყვანილია წარწერაც, რომელიც გიგანტური ცრემლის გამოსახულების გვერდით, შავი გრანიტის ქვაზე გამოუსახავთ: “რუსეთის ხალხის საჩუქარი - პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი”. სხვათა შორის, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრებოდა წერეთლის მიერ შექმნილი მონუმენტის გახსნას ამერიკულ მიწაზე.
XS
SM
MD
LG