Accessibility links

logo-print

საფეხბურთო ,,დია 2007”


გიორგი ჭანიშვილი, თბილისი უკვე მესამე წელიწადია პროფესიული ფეხბურთის ლიგა

წლის საუკეთესო სპორტსმენებს გამოავლენს და საზეიმოდ აჯილდოებს. წლევანდელი საფეხბურთო გალა-დაჯილდოება ,,დია 2007” გასულ კვირაში შედგა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. დია ძველქართულად პლანეტა იუპიტერს ნიშნავს. იუპიტერი კი წინსვლისა და გამარჯვების სიმბოლოა. წლევანდელი ,,დიას” მთავარი გამარჯვებული შოთა არველაძე გახდა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.


[ დიმიტრი რამიშვილის ხმა] `2007 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – შოთა არველაძე.~
[ შოთა არველაძის ხმა] `შარშან დაგპირდით ყველას, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ აქ დავბრუნებულიყავი და ეს პრიზი კიდევ ერთხელ სახლში წამეღო. მე მგონი, ღირსეულად შევასრულე დანაპირები. თქვენ დიდი მადლობა მობრძანებისათვის, ჩვენი დაფასებისათვის. ის, რომ ერთი გუნდი ვართ, ალბათ, სახეზეა და მინდა საქართველოს ვუსურვო ზუსტად ასეთი ლამაზი და ნამდვილი გულშემატკივარი.~(სტილი დაცულია)

ასეთი იყო საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გალა-დაჯილდოების - `დია 2007~-ის - კულმინაცია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ შოთა არველაძე დასახელდა. 34 წლის არველაძემ სულ ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა ისიც თქვა – ჩემი გულშემატკივრისთვის თბილისში კიდევ ერთ მატჩს ვითამაშებო. ეს, ალბათ, სექტემბერში იქნება, უფრო ზუსტად, 8 სექტემბერს, როდესაც საქართველო უკრაინას უმასპინძლებს.

მოკლედ, კარიერის დასასრულს არველაძე კიდევ ერთხელ დააფასეს. ჰოლანდიური გუნდის `აზ ალკმაარის~ ქართველმა ბომბარდირმა საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდოც მიუმატა. შოთასთან ერთად ნომინაციაში ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელი `მილანის~ მცველი კახა კალაძე და გერმანიის `ბუნდესლიგის~ ვიცე-ჩემპიონი ლევან კობიაშვილიც იყვნენ წარდგენილნი. შოთამ სწორედ კალაძეს და კობიაშვილს აჯობა.

`დია 2007~-ზე, საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, კიდევ 9 ნომინაცია იყო: საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, წლის აღმოჩენა, მწვრთნელი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, მსაჯი და, ასევე, წლის საუკეთესო საფეხბურთო პროექტი.

ჯობს თანმიმდევრობით მივყვეთ და ისიც განვმარტოთ, რომ ქართველი ლეგიონერები მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში იყვნენ დასახელებულები, ყველა დანარჩენი ტიტულისათვის კი საქართველოს ჩემპიონატის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს. და ერთიც, ნომინანტები, ისვევ როგორც გამარჯვებულები, სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს.

წლის საუკეთესო მეკარედ საქართველოს თასის მფლობელის - თბილისის `ამერის~ - წევრი ზურაბ ქვაჩახია დასახელდა. ამერელებმა ყველაზე მეტი ჯილდო მიიღეს, რაც ამ გუნდის, მართლაც რომ, პოპულარობას უსვამს ხაზს.

მეკარესთან ერთად, წლის საუკეთესო ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე და საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ასევე ამერელები არიან. გიორგი ჩიხრაძემ საუკეთესო მწვრთნელად აღიარებისათვის მადლობა ფეხბურთელებსაც გადაუხადა:

[ გიორგი ჩიხრაძის ხმა] `ძალიან მოხარული ვარ, რომ დამასახელეს ამ ნომინაციაში გამარჯვებულად. ამ ჯილდოში, მე ვთქვი სცენაზეც, რომ ძალიან ბევრი ამერელის შრომაა ჩადებული. მინდა მათ ყველას დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისათვის და მინდა ჩემს ბიჭებსაც მოვულოცო, მათ, ვინც გაიმარჯვეს ამ ნომინაციაში და ყველა გამარჯვებულს, ვინც იყო წარდგენილი, ნომინირებული, ყველას ვულოცავ.~(სტილი დაცულია)

ჯილდოს გარეშე არც საქართველოს ჩემპიონის – რუსთავის `ოლიმპის~ - და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე გუნდის – თბილისის `დინამოს~ - ფეხბურთელები დარჩენილან.

წლის საუკეთესო მცველი რუსთაველი გიორგი ონიანი გახდა, ხოლო დინამოელმა სანდრო იაშვილმა ერთდროულად ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – საუკეთესო თავდამსხმელისა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის.

სანდრო იაშვილს ასეთი აღიარება, რა თქმა უნდა, ძალიან ესიამოვნა,
მით უმეტეს, რომ პრიზი მან სოფიკო ჭიაურელისაგან მიიღო, რომელმაც კოტე მახარაძის მიერ 1981 წელს ნათქვამი ლეგენდარული ფრაზა და თბილისის `დინამოს~ გამარჯვება გაიხსენა.

[სანდრო იაშვილის ხმა] `ძალიან კმაყოფილი ვარ. როდესაც დაგაფასებენ, როდესაც იგრძნობ, რომ ხალხი გაფასებს და შენს თამაშს უყურებს და რაღაცა შრომას გიფასებენ, ეს ყველა ადამიანში, ყველა სფეროში დასაფასებელია და სასიხარულოა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას აბსოლუტურად, ვინც გვერდში მედგა. ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს მწვრთნელს, საერთოდ `დინამოს~ შტაბს. იგივე იმ ხალხს, ვინც დააფასა სანდრო იაშვილი.~(სტილი დაცულია)

სეზონის აღმოჩენად 16 წლის ფორვარდი ლევან ყენია დასახელდა. ყენია ქართული ფეხბურთის ახალი თაობის ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და შეიძლება ითქვას, რომ მისგან ახალი ვარსკვლავის დაბადებას ელიან. ყენია თბილისის `ლოკომოტივის~ წევრია, თუმცა თვალი ევროპაზე უჭირავს. გერმანული `ბუნდესლიგის~ ვიცე-ჩემპიონი `შალკე~ თინეიჯერი ქართველი თავდამსხმელით უკვე დაინტერესდა.

[ლევან ყენიას ხმა] `ძალიან გახარებული ვარ. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ეს პრიზი მე მომანიჭეს. ვეცდები ყველანაირად, რომ ასე გავაგრძელო და ვასახელო საქართველო, სადაც წავალ, იქ. აუცილებლად გავაგრძელებ ისე, როგორც აქამდე ვთამაშობდი და უფრო მეტად მოვინდომებ. 16 წლის ბიჭისათვის ეს ძალიან დიდი სტიმული უნდა იყოს და ასეც არის ჩემთვის.~


წლის საუკეთესო მსაჯი ლევან ფანიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ეს ჯილდო დიდი სტიმული უნდა იყოს, რაკი მსაჯობა, ალბათ, მაინც ყველაზე არასასურველი პროფესიაა ფეხბურთში, მით უმეტეს, ქართულ ფეხბურთში.

და სეზონის საუკეთესო საფეხბურთო პროექტიც. აქ, რაღა თქმა უნდა, გაიმარჯვა ნაკრების ჰიმნმა `ჩვენ ერთი გუნდი ვართ~, რომელსაც ჯგუფ `სტრინგის~ ვოკალისტი დავით ლომიძე, ზედმეტსახელად `ქუინი~, ასრულებს. `ქუინმა~ `ჩვენ ერთი გუნდი ვართ~ დაჯილდოების საღამოზეც ემოციურად იმღერა, რითაც ქომაგი ძალიან გაახარა.

საფეხბურთო საღამო ოპერის თეატრში მსახიობ ზურა ყიფშიძეს და `ჯი ეფ ეფ თრეველის~ ხელმძღვანელს სოფო თავართქილაძეს მიჰყავდათ, ხოლო ცერემონიალის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იყო. დავით ლომიძის გარდა, საღამოზე იმღერეს ლიზა ბაგრატიონმა, ასევე ნინო ქათამაძემ. ლიზამ სიმღერა თავის ბიძაშვილს, შოთა არველაძეს, მიუძღვნა, ხოლო ქათამაძემ, შეიძლება ითქვას, მთელ პუბლიკას უმღერა, ისევე როგორც ლიზამ.

საბოლოო ჯამში, როგორც მაყურებელი, ასევე ორგანიზატორები კმაყოფილები დარჩნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე ამბობს::

[ გოგი ქავთარაძის ხმა] `ყველაზე მეტად ვნერვიულობდი იმაზე, თუ რამდენად შესრულდებოდა ყველაფერი, მთელი ის პროგრამა, ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. მართლა ძალიან მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარდა. ასეთი საღამოები ამ დონის, ასეთი აკადემიური, კლასიკური, თავისი დონით, თავისი ყველაფრით, თუნდაც მუსიკალური თვალსაზრისით, იშვიათად ტარდება საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი პროექტები, ასეთი საღამოები ძალიან დადებითად იმოქმედებს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე.~ (სტილი დაცულია)

საფეხბურთო ზეიმი ამგვარად დასრულდა. რაც შეეხება მომავლის ამბებს – ზაფხულში ქართული კლუბების მთავარი საზრუნავი ევროტურნირები და საქართველოს ახალი ჩემპიონატი იქნება, ნაკრებს კი მთავარი ბატალიები სექტემბერში ელის.
XS
SM
MD
LG