Accessibility links

logo-print

კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს

შორის უმთავრესი ადგილი ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას, სუამის სამიტსა და გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გასახლებულ პირთა რეპატრიაციას უკავია.

ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მოქმედი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილმა კვირის დასაწყისში კიდევ ერთხელ განმარტა. ეს მან ბაქოში, სუამის სამიტზე გააკეთა. თავად სამიტზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი პრეზიდენტის განცხადებაზე. მან კოკოითის მიმართ გაფრთხილებით დაიწყო [სააკაშვილის ხმა ფონად], შემდეგ კი განაცხადა:

[სააკაშვილის ხმა] ”ავტონომიიის თაობაზე ვიწყებთ მოლაპარაკებას დიმიტრი სანაკოევის მთავრობასთან. ჩვენ ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მივცემთ ყველაფერს რაზეც მათ როდესმე უოცნებიათ. საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე თვის საქმეა.. საქართველოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ეს პრობლემა დროულად მოაგვაროს”.

ეს საქართველოს პრეზიდენტის 19 ივნისის, სამშაბათის განცხადებაა. კვირის დასასრულს კი ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი სანაკოევი ბრიუსელში გაემგზავრა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგება - ის ოსურ ენაზე ისაუბრებს. ბრიუსელში გამგზავრებამდე სანაკოევმა აეროპროტში მისულ ჟურნალისტებს განუცხადა:

[სანაკოევის ხმა] ”ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - მშვიდობიანად გადავჭრათ პრობლემა, რომელიც დღეს სამხრეთ ოსეთში არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკომისიამ და ევროპარლამენტის დეპუტატებმა გაიგონ, რომ რეგიონში არიან ძალები, რომლებსაც სურთ საკითხების მშვიდობიანად და სწორედაც რომ საერთაშორისო ნორმების დაცვით მოგვარება”.

ჩვენს მსმენელს შესაძლოა, ახსოვდეს ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებისთან, როცა მას სწორედ სანაკოევის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზე ვკითხე. სემნების პასუხს შეგახსენებთ:

[სემნების ხმა] ”მთავარი არ არის სანაკოევის პერსონა, ან კოკოითის პერსონა, არამედ მთავარია ის - შეუძლია, თუ არა საქართველოს თავისი მიდგომით მიწვდეს ოსური საზოგადოების ყველა ნაწილს, მათ შორის - ცხინვალის მოსახლეობასაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. აქამდე რაც ხდება, დიმიტრი სანაკოევის პერსონასთან არის მიბმული. არა მგონია, ეს საქმეს შველოდეს. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც შეიძლება დააინტერესოს საქართველოს პარტნიორები, გახლავთ მრავალმხრივი დიალოგი ოსურ საზოგადოებასთან და ოსური საზოგადოების შიგნით”.

მართალია, ევროკავშირის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ მთავარი არა პერსონა, არამედ პროცესის არსია, ევროპარლამენტში კოკოითი არასდროს გამოსულა. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული განცხადება სანაკოევთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების გეგმაზე, დროის მონაკვეთის მითითებით (და საერთაშორისო საზოგადოებას ამის შესახებ, ალბათ, მხოლოდ სუამის ბოლო სამიტიდან არ შეუტყვია), საყურადღებოდ ჩათვალეს და სანაკოევი ახლა ევროპარლამენტარებს პირადად გაეცნობა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სუამის სამიტსა და რეგიონში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაქოში ყოფნისას განაცხადა, რომ სუამის წევრები შეთანხმდნენ ერთიანი სამშვიდობო კონტინგენტის შექმნაზე:

[ბეჟუაშვილის ხმა] ”შევთანხმდით – ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ შესაძლებლობაზე, რომ სუამი უახლოეს მომავალში სამშვიდობო ოპერაციებში ჩაერთოს, არა მხოლოდ – სამხედრო, არამედ – პოლიციურ ოპერაციებშიც. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც დავალებები უკვე მივეცით შესაბამის სტრუქტურებს. საჭიროა შემუშავდეს ერთობლივი სტრატეგია. მთავარია, რომ ამ შესაძლებლობას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ."

ამ განცხადებიდან მეორე დღეს ”რადიო თავისუფლების” კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის - G-5-ის - უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ბატკუაშვილმა განაცხადა, რომ სუამის სამშვიდობო ბატალიონის სტრუქტურა გაწერილია ყველა წესის მიხედვით არის გაწერილი და განსაზღვრულია ორგანიზაციული მხარეც:

[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] ”ყველა ქვედანაყოფი იქნება თავის ქვეყანაში. იქ გაივლიან წვრთნას, მომზადებას. დაახლოებით ესე გადაწყდა, რომ ყოველ წელს შეიცვლება ბატალიონის მეთაური და, შესაბამისად, საშტაბო შესაბამისი ძირითადი ერთეულები იქნება რიგრიგობით სუამის ქვეყნები. როცა დაიგეგმება საერთო სწავლებები, მაშინ ეს ქვედანაყოფები შეიკრიბება ამა თუ იმ ქევყანაში. ეს უკვე გეგმის მიხედვით ჩამოყალიბდება.”

სუამის სამიტზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ენერგოუსაფრთხოება. კერძოდ, სუამის წევრთა როლი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სამიტს წევრი ქვეყნების გარდა ესწრებოდნენ ევროკავშირის ახალი წევრი სამი ქვეყნის პოლონეთის, რუმინეთისა და ლიტვის პრეზიდენტები. ენერგეტიკის თემა სუამის სამიტის დეკლარაციაში აისახა. დოკუმენტის მეექვსე პუნქტში წერია, რომ სუამის წევრებს განზრახული აქვთ ”აქტიური მონაწილეობა მიიღონ გლობალური ენერგო-უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მხარი დაუჭირონ ნახშირწყალბადის ახალი წყაროების აღმოჩენის მცდელობებს. სუამი გამოთქვამს მზადყოფნას დაუთმოს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიები ამ რესურსების მსოფლიო ბაზრებზე ტრასნპორტირების მარშრუტებს”.

ზოგადად სუამის აქტუალურობას რაც შეეხება, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიუხედავად სუამის ათწლიანი ისტორიის მანძილზე არსებული ჩავარდნებისა, სახელმწიფოთა ამ ერთობამ სიცოცხლისუნარიანობა დაადასტურა. სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა ჩვენი რადიოს ეთერში განაცხადა:

[მენაღარიშვილის ხმა] ”მე შემიძლია ვამტკიცო, მიუხედავად მთელი პერიპეტიებისა, მიუხედავად მართლაც რეალური სტაგნაციისა, რომელიც ასევე ჰქონდა რამოდენიმე წლის განმავლობაში სუამს, მან ეს ამოცანა გარკვეულწილად შეასრულა. ის გახლდათ ჩვენი თანადგომის ფორუმი როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ურთიერთთანამშრომლობის და საერთაო პროექტების რეალიზაციის საქმეში”.

მომავალი კვირის დასაწყისში საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ფორუმზე იქნება წარმოდგენილი - ეს გახლავთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი, რომელიც სტამბულში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი უკვე გაემგზავრა სტამბულში. 26 ივნისს ის მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკულ კონფერენციაში სახელწოდებით: "აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრა: ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი საზღვრები". სამიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა.

ამ შეხვედრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ზოგიერთები ცდილობენ რუსეთის შეკავების პოლიტიკა განახორციელონ. ამგვარი პოლიტიკის ერთგვარ გამოვლინებად ის ნატოს შემდგომი გაფართოების გეგმას მიიჩნევს. ციტატა ლავროვის 21 ივნისის გამოსვლიდან: ”დღეს ნატოს გაფართოების კურსის გაგრძელებას ”დემოკრატიის გავრცელების” აუცილებლობით ხსნიან... თუმცა, ამა თუ იმ ქვეყნის ”დემოკრატიულობის” ტესტისთვის მზადყოფნის კრიტერიუმი მხოლოდ ერთი გახლავთ - ეს არის სხვისი პოლიტიკის წინა ხაზზე ყოფნისთვის მზადყოფნა”. ლავროვი ფიქრობს, რომ დღევანდელ მსოფლიოში გამართლებულია არა რომელიმე ერთი ქვეყნის, არამედ -კოლექტიურ ლიდერობაზე საუბარი.

მიმდინარე კვირაში აქტუალურობა არ დაუკარგავს გასული საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოდან იძულებით გასახლებულთა რეპატრიაციის საკითხს. ამას სიმწვავე შესძინა თემის საპარლამენტო განხილვამაც. სამუშაო კვირის ბოლოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი ”ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ მეოცე საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”. პროექტის მიხედვით, რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნის უფლება აქვს იძულებით გადასახლებულ პირს, მის მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს და ასევე ამ პირთა ოჯახის წევრებს. კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, ასეთმა პირებმა უნდა წარმოადგინონ 7 დასახელების დოკუმენტი, მათ შორის - გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საგულისხმოა, რომ დღესაც პოლიტიკური დისკუსია მიმდინარეობს არა პროცესის მართებულად წარმართვის უზრუნველყოფაზე, არამედ მის მართებულობაზე ზოგადად. ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ გასულ საუკუნეში იძულებით გასახლებულთა რეპატრიაციის დაწყება დღეს მიუღებელია. მეორენი კი კანონპროექტის ხარვეზებზე მიუთითებენ. კონსერვატორი დეპუტატი ზვიად ძიძიგური საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გამოსავლენად პლებისციტის ჩატარებას ითხოვს:

[ძიძიგურის ხმა] ”ვალდებულებას, რომელსაც არ უჭერს საზოგადოება მხარს, უნდა შესრულდეს? განა ვალდებულება, ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ფარატინა ქაღალდზე დაწერილი არ არის? იქნებ გვეკითხა ჩვენი მოსახლეობისთვის?”

რეპატრიაციის პროცესის ოპონენტებს არგუმენტად ქვეყნის მოუმზადებლობაც მოყავთ და კონკრეტულად ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილების პრობლემას შეახსენებენ ხელისუფლებას. კანონის ინიციატორები კი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ:

[ბოკერიას ხმა] ”ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ეს არის მოვალეობა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსი, ადამიანებს, ვინც გადაიტანა ასეთი ტრაგედია, უფლებების აღდგენის საშუალება მისცეს.”

კანონპროექტის მიხედვით, პირისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ბრძანებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გამოსცემს. პროექტის მიხედვით შეზღუდულია ვადა, როცა რეპატრიაციის მსურველს განაცხადის წარდგენის საშუალება მიეცემა. ეს გახლავთ დროის შუალედი 2008 წლის 1 იანვრიდან, ანუ კანონის ამოქმედებიდან 2009 წლის 1 იანვრამდე. ჩვენს ეთერში გამართული დისკუსიისას საპარლამენტო უმრავლესობის წამრომადგენელმა ელენე თევდორაძემ ხუმრობით ასეთი რამაც დასძინა:

[თევდორაძის ხმა] ”ჩემს კომიტეტში არიან ოპოზიციონერები. ერთ-ერთმა (მე ახლა გვარს არ დავასახელებ) თქვა - რაზე უნდა მქონდეს პრეტენზია, როცა ეს კანონი გვეუბნება როგორ არ უნდა დაბრუნდნენ მესხები”.

გასულ საუკუნეში საქართველოდან იძულებით გასახლებულთა რეპატრიაცია, სავარაუდოდ, კანონპროექტის საბოლოო განხილვის თარიღის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მწვავე დებატების საგანი გახდება. შეგახსენებთ, რომ საკითხის ინიციატორებს კანონის ამოქმედება 2008 წლის პირველი იანვრიდან აქვთ დაგეგმილი. მანამდე, კანონის მიღებისთანავე კი ამოქმედდება მერვე მუხლის მეორე პუნქტი, რომლითაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ევალება რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების მიღების ორგანიზება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის ფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.



XS
SM
MD
LG