Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ზაზა თამარაშვილი ჩვენი რადიოს თხოვნით, ამ კვირაში დღიურებს წერდა

ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

17 ივნისი, კვირა
გუშინ თბილისიდან სტუმარი გვყავდა - ანსამბლ "ანჩისხატის" ლოტბარი, ცნობილი ფოლკლორისტი მალხაზ ერქვანიძე. კულტურის სამინისტროს პროგრამით ჩამოვიდა ახალციხეში, მასტერკლასები უნდა ჩაუტაროს ანსამბლებს "მესხეთსა" და "ახალციხეს". პროექტი ამ ანსამბლებისათვის პლეიერებისა და კომპაქტდისკების გადაცემასაც ითვალისწინებს . გარდა იმისა, რომ ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ, ჩემი საქმიანობა მოიცავს რამდენიმე ვოკალური ანსამბლის - მათ შორის, "მესხეთისა" და "ახალციხის" - ხელმძღვანელობასაც. ეს სამდღიანი პროგრამა ბატონ მალხაზთან ერთად დავგეგმე. გუშინვე ჩატარდა შეხვედრა "მესხეთთან". ეს ანსამბლი 1949 წლიდან არსებობს და მისი დღევანდელი შემადგენლობიდან ზოგი უკვე ათწლეულებია, ამ გუნდში მღერის. გვყავს ახალგაზრდებიც. საინტერესო და თბილი შეხვედრა გვქონდა, ბევრიც ვიმღერეთ.
დღეს კი დილიდან გადავწყვიტეთ, დაგვეთვალიერებინა საფარა და ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მართლაც, გავემგზავრეთ საფარისაკენ, რომელიც წელიწადის ყველა დროს ულამაზესია. სტუმრებს ვუხსნიდი, რომ ეს სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა პერიოდში აგებულ 12 ეკლესიას მოიცავს, მათგან ყველაზე დიდი და მშვენიერი წმიდა საბას სახელობის ტაძარია, XIII-XIV საუკუნეებშია აგებული ბექა მანდატურთუხუცესის მიერ. დღეს საფარა მოქმედი მონასტერია. ჩვენი ასვლისას წირვა ტარდებოდა. ცოტა ხანი იქ გავჩერდით, შემდეგ საფარის ცივი წყლით მოვიკალით წყურვილი და ახალციხეში დავბრუნდით.
ამდენი დამთვალიერებელი და ტურისტი, საფარაში და მისკენ მიმავალ გზაზე რომ შეგვხვდა, დიდი ხანია არ მინახავს. გამეხარდა! საინტერესო იყო ახალციხის მუზეუმის დათვალიერებაც, რომელიც ქალაქის ძველ უბანში, რაბათში - ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - მდებარეობს. მუზეუმში უამრავი ექსპონატია და რამდენჯერაც უნდა დაათვალიერო, ყოველთვის აღმოაჩენ რაიმე ახალს და საინტერესოს; განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგად მოსაუბრე ექსკურსიამძღოლი დაგხვდება.
შესანიშნავად დაწყებული დღის შემდეგ მე-6 სკოლაში წავედით, სადაც ანსამბლ "ახალციხის" წევრები გველოდნენ. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალთან არსებული ვაჟთა ანსამბლია. მალხაზთან შეთანხმებით, ახალციხის ეკლესიის მგალობელი ვაჟებიც მოვიწვიეთ მათ რეგენტთან ლია სარაშვილთან ერთად და ვინაიდან მალხაზი გალობის სპეციალისტია, გადაწყდა დღევანდელი შეხვედრის თემა გალობა ყოფილიყო. დღე დააგვირგვინა მშვენიერმა საღამომ, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის წესის სრული დაცვით შედგა. სუფრა სოფელ კლდეში გავშალეთ, ჩვენი ანსამბლის მომღერლის ტარიელ ზუმბაძის სახლში. იყო სადღეგრძელოები, ქართული ხალხური სიმღერები და სტუმარ-მასპინძლის დიდი კმაყოფილება...

18 ივნისი, ორშაბათი
დილა საქმით დაიწყო. კვლავ მე-6 სკოლაში შევიკრიბეთ და ვაჟების შემადგენლობასთან შეხვედრისას, ქართულ ხალხურ სიმღერებზე ვიმუშავეთ. მალხაზმა ჩვენს რეპერტუარში არსებული სიმღერების სხვადასხვა ვარიანტი შემოგვთავაზა. ერთი ახალი სიმღერაც შევისწავლეთ. ყველამ თქვა, რომ ეს პროექტი წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, გვინდა მომავალშიც გავიმეოროთ.
მალხაზი გავისტუმრეთ და სკოლაზე ფიქრის დროც დადგა... სამასწავლებლოში ფუსფუსი იყო. მასწავლებლები, სასწავლო წლის ბოლოსთვის დოკუმენტაციას აფორმებდნენ; განვსაზღვრეთ, თვის ბოლომდე რა უნდა გავაკეთოთ; დავნიშნეთ პედსაბჭოს დღე.
შუადღისას კვლავ ანსამბლ "მესხეთთან" დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ვცადე. ეს გუნდი კულტურის სახლის დაქვემდებარებაში იყო და თითოეულ მომღერალს ეძლეოდა სიმბოლური, მაგრამ მაინც ყოველთვიური ხელფასი. ერთი წელია, რაც კულტურის სახლი გააუქმეს და, უამრავ ღონისძიებაში მონაწილეობის მიუხედავად, ამ ანსამბლის დაფინანსება იმდენად მიზერულია, რომ სათქმელადაც არ ღირს. ანსამბლი რომ შეგვენარჩუნებინა, გადავწყვიტეთ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიგვემართა თხოვნით, დაეფინანსებინა ჩვენი მონაწილეობა ქობულეთის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში, საიდანაც მიწვევა გვქონდა. ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა ანსამბლისთვის, რომლის წევრებიც ყურადღებას იგრძნობდნენ ხელისუფლებისგან, მეორე მხრივ ქალაქს და რეგიონსაც მიეცემოდა შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოჩენილიყო. მოვიარეთ პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი, მუნიციპალიტეტის გამგეობა და მივიღეთ პირობა, რომ ოთხშაბათს შედგება შეხვედრა და საუბარი ანსამბლის მომავლისა და, კონკრეტულად, ქობულეთის ფესტივალში მისი მონაწილეობის შესახებ.
ამ საქმეების პარალელურად, დღის განმავლობაში შევირბენდი ხოლმე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოების ერთი ნაწილი დღეს დასრულდა და მქონდა მიზეზი, კარგი განწყობით დამესვენა. ამას დაემთხვა ისიც, რომ ერთმა მევალემ დიდი ხნის ვალი დამიბრუნა, რითაც საშუალება მომეცა, რემონტი აქტიურად გავაგრძელო.

19 ივნისი, სამშაბათი
ეს დღე, სხვებთან შედარებით, ნაკლებად დატვირთული გამოდგა. შუადღემდე ვიყავი სკოლაში. მივხედე სხვადასხვა საქმეს. ჩავატარეთ მათემატიკის კათედრის სხდომა. მათემატიკოსები მოწესრიგებული ხალხი ვართ და ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე, მარტივად გავაგებინეთ ერთმანეთს ჩვენი სათქმელი. იმ პრობლემებზე ვილაპარაკეთ, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება.
დავბრუნდი სახლში და დამხვდა ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სიტუაცია: მუშები კვლავ აგრძელებენ რემონტს, დედაჩემი კვლავ ზრუნავს იმაზე, რომ მუშებს სადილი არ მოაკლოს, მამაჩემი კვლავ ყურადღებას აქცევს ხელოსნებს, რომ მათ სამუშაოები ჩაატარონ სრულყოფილად და ხარისხიანად. მამაჩემი მეოთხმოცე წელშია, თუმცა გასაოცარია მისი ენერგია! მთელი დღის განმავლობაში მოძრაობს, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურადაც ეხმარება ხელოსნებს. დედაჩემიც არ არის მამაჩემზე ბევრად უმცროსი, მაგრამ მასაც თითქმის მთელი დღე უწევს სახლში ფუსფუსი. ოჯახში საქმეს რა გამოლევს!
ასე გადის დღე. მეუღლე სამსახურიდან ბრუნდება. მზია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ამდენად, მას გამოწერილი აქვს 9-დან 6-მდე სამსახურში ყოფნა. ის მობილიზატორია და ხშირად დადის სოფლებში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. რთულია, მაგრამ ღირს წვალებად ნორმალური ხელფასის გამო. დღეს სახლში ნაკლებად დაღლილი დაბრუნდა და რემონტში წინსვლაც რომ დაინახა, ხალისიან განწყობაზეა.
გაგვახსენდა ჩვენი ბიჭები - გიორგი და მიხეილი - და ვრეკავთ აბასთუმანში, სადაც ბავშვები რამდენიმე დღეა, გაგზავნილი გვყავს მეუღლის მშობლებთან. გიორგი ექვსი წლისაა და უკვე მეორე კლასში გადავიდა, ხოლო მიშიკო ოთხი წლისაა. ვესაუბრეთ მათ და დავპირდით, რომ ამ შაბათ-კვირას თუ არა, იმ შაბათ-კვირას აუცილებლად ავალთ და ვინახულებთ.

20 ივნისი, ოთხშაბათი
მე და ჩემი მეუღლე ჩვეულებისამებრ წავედით ჩვენს სამსახურებში. სახლში მშობლები დავტოვეთ. 10 საათზე სკოლაში დანიშნული გვქონდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომა, რომელმაც საქმიან ვითარებაში ჩაიარა. კათედრამ შეარჩია სახელმძღვანელოები ახალი სასწავლო წლისთვის. ვისაუბრეთ პრობლემებზე და დავსახეთ სამომავლო გეგმები. შემდეგ გადავინაცვლეთ სამასწავლებლოში. იქაც საქმიანი ვითარება დაგვხვდა და ვიდრე ვიტყოდი, რომ სახლის რემონტისათვის კიდევ არ მყოფნის თანხები და სახალხო ბანკიდან მასწავლებელთათვის განკუთვნილი კრედიტის აღება მინდა, ჩემთან მოვიდნენ მასწავლებლები, რომელთაც ეს კრედიტი ჯერ კიდევ არ აუღიათ და მთხოვეს, გამეცა მათთვის თანხის მისაღებად აუცილებელი საბუთები. ასე რომ, სკოლაში თითქმის არ დარჩენილა მასწავლებელი, ეს სესხი რომ არ მიეღოს. რითი ვაპირებთ მომავალში ცხოვრებას, ცოტა გაუგებარია, თუმცა განწყობა მაინც იმედიანია...
შემდეგ გადავწყვიტე გამეგო, მოგვიგვარა თუ არა გამგეობამ ანსამბლ "მესხეთის" პრობლემები. გაირკვა, რომ ზოგს არ ეცალა ჩვენთვის, ზოგი საერთოდ არ იმყოფებოდა ქალაქში, ზოგმა კი გვითხრა, თქვენს საქმეში არაფერი სიახლე არ არისო. მოკლედ, ქობულეთში ვერ მივდივართ... ამიტომ გადავწყვიტე, გუნდი სექტემბრამდე დავითხოვო და, ზოგადად, კიდევ ერთხელ დაველოდო "კარგი" დროის დადგომას.
შევიარე ბანკში, სადაც დამპირდნენ, რომ სესხს უახლოეს ხანში მომცემენ. დავბრუნდი სახლში და სიხარულით ვაცნობე ეს ინფორმაცია ოჯახს და ხელოსნებს. მათ განსაკუთრებით გაუხარდათ - უფრო ხალისიანად განაგრძეს მუშაობა.
შევიტყე, აგრეთვე, რომ ჩვენს ქალაქში სკოლის დირექტორის არჩევის დღედ 7 ივლისი დადგინდა. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად, მე სასკოლო უბანში საუკეთესოთა ოც პროცენტში მოხვედრილი კანდიდატი ვარ და მქონდა უფლება, ამერჩია კენჭის საყრელად ჩემთვის სასურველი სკოლა. ცხადია, კვლავ ის სკოლა ავირჩიე, რომელიც, პრაქტიკულად, ჩემი ხელმძღვანელობით დაარსდა და აგერ უკვე 11 წელია, მისი დირექტორი ვარ. მაგრამ საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, სკოლის სამეურვეო საბჭოზეა.
დღეს ჩვენი უბნისთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაწყდა. მართალია, ჩვენს ქალაქში მოგვარებულია ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი, მაგრამ მაინც პრობლემად რჩება თითოეული ოჯახისათვის დახარჯული ელექტროენერგის მიხედვით მისი საფასურის გადახდის საქმე. უბანში ყოველთვის იყო დანაკარგი ენერგიისა, რომლის საფასურიც ემატებოდა ჩვენი ოჯახების მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს. ჩვენი ქუჩის ათმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, საკუთარი სახსრებით და ენერგოკომპანიის თანხმობით, გავიყვანოთ ცალკე ხაზი, რის შემდეგაც გადავიხდით ზუსტად იმდენს, რამდენსაც მოვიხმართ. ვფიქრობ, ხვალისთვის ეს საქმე პრაქტიკულად დამთავრდება.

21 ივნისი, ხუთშაბათი
ეს დღეც ჩვეულებრივ დაიწყო. ხელოსნებთან შევთანხმდი, დღეს რა უნდა გააკეთონ. მოვამარაგე მასალებით, რაც აკლდათ და სკოლაში წავედი. სიახლე ის იყო, რომ სკოლაში დამხვდა ჩვენი გერმანულის მასწავლებელი, რომელმაც გოეთეს ინსტიტუტში გაიარა ტრეინინგი და აღნიშნა, რომ, სხვა ტრეინინგებისგან განსხვავებით, იგი მეტად დატვირთული და საინტერესო იყო. სხვა მასწავლებლებმა ისაუბრეს მოსწავლეთა ექსკურსიების შესახებ. სასწავლო წლის ბოლოს პრაქტიკულად ყველა კლასი მიდის ექსკურსიაზე. ეს ჩვენი სკოლის ერთ-ერთი დაუწერელი კანონია. ჩვენს ბავშვებს სხვადასხვა დროს მოვლილი აქვთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. წელს მათ მოიარეს რაჭა, იმერეთი, მესხეთის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები. ძალზე ამაღელვებელი გამოდგა IX ა კლასის მოგზაურობა ზემო ვარძიაში, სადაც ბავშვები შეხვდნენ თავიანთი კლასის ყოფილ დამრიგებელსა და მასწავლებელს, რომელიც 4 წელია, ზემო ვარძიის დედათა მონასტერში ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს. იყო შეხვედრით გამოწვეული დიდი სიხარული, ცრემლები და დაუვიწყარი ამბების გახსენება.
მოგვიანებით მგალობელმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ აბასთუმანში ბრძანდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მასთან შესახვედრად მივდივართ და წამოგვყევიო. მართლაც, გავემგზავრეთ აბასთუმანში - რომანოვების ყოფილ სასახლეში, სადაც ახლა დედათა მონასტერია. მივედით სწორედ მაშინ, როცა პატრიარქი ღვთისა და ერის სიყვარულს ქადაგებდა. ჩვენს მხარეში უწმინდესის სტუმრობა ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მრევლი იყო დიდძალი. ვიგალობეთ, შევასრულეთ რამდენიმე მრავალჟამიერი.
შევხვდი უამრავ ნაცნობს და, მათ შორის, სამ მონაზონს, რომლებიც მესხეთის უნივერსიტეტის გუნდში ჩემთან ერთად მღეროდნენ. ვინ იფიქრებდა რამდენიმე წლის წინ, რომ ასეთი შეხვედრა გველოდა! მოკლედ მოვიკითხეთ ერთმანეთი... მითხრეს ისიც, რომ იკრიბებიან ხოლმე და მღერიან - მათ შორის, იმ სიმღერებსაც, რომლებიც თავის დროზე მე მისწავლებია. დავშორდით იმ პირობით, რომ, როცა საშუალება მექნება, მათ ვესტუმრები. ამასობაში გამოჩნდნენ ასპინძის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. პატრიარქმა მიიღო ისინი და ესაუბრა. ძალზე ემოციური იყო უწმინდესის სიტყვები, რომ ბავშვებს უნდა უყვარდეთ თავიანთი მშობლები და უნდა ლოცულობდნენ მათთვის. წამოვედით ახალციხისკენ. ვერ მოვახერხე შვილების ნახვა, ვინაიდან მიკროავტობუსით მოვდიოდით.

22 ივნისი, პარასკევი
დღეს გადავწყვიტე, სამსახურში არ წავიდე. ჩემი საქმეები გადავაბარე სასწავლო ნაწილის გამგეს და, როგორც მერე შევიტყე, მას ყველაფერი კარგად განუხორციელებია. მე კი გავემგზავრე აწყურში, სადაც თბილისისკენ მიმავალი პატრიარქი უნდა შეჩერებულიყო და მოენახულებინა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. ტაძარი თავის დროზე მართლაც გრანდიოზული იყო და დღესაც ემჩნევა ამ სიდიადის კვალი. ეს ის წმინდა ადგილია, სადაც ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა და დაასვენა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. ამ ხატს ისტორიულად მრავალი ლეგენდა უკავშირდება. და დღეს, აწყურელი მეცენატის შემწეობით, შესაძლებელი ხდება ამ ტაძრის აღდგენა. ნაწილი სამუშაოებისა უკვე ჩატარებულია, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალზე ბევრია. თავისი მასშტაბით და სირთულით ეს მშენებლობა თითქმის იგივეა, ბაგრატის ტაძრის აღდგენა რომ მოისურვო.
მრევლი აქაც დიდძალი იყო, როგორც აბასთუმანში, და სუფევდა საზეიმო განწყობა ამგვარი პიროვნული თვისებებისა და რანგის ადამიანის სტუმრობის გამო. დამთავრდა ცერემონია და გამოვემგზავრეთ ახალციხისკენ. ჩამოსვლისთანავე წავედი ბანკში, სადაც ავიღე დაპირებული კრედიტი, გავიარე მაღაზიაში, გავისტუმრე ვალები, შემდეგ ხელოსნებს მივეცი დაპირებული თანხა.
ელექტრომონტიორებმაც დაამთავრეს ჩვენი ქუჩისთვის განკუთვნილი საქმე. ეს ამბავი მეზობელთან ავღნიშნეთ კიდეც და, საბოლოო ჯამში, ეს მრავალმხრივ დაძაბული და საინტერესო სამუშაო კვირაც ამით დამთავრდა.

23 ივნისი, შაბათი
ადრე გავიღვიძე...
დღეს თბილისში მივდივარ...
მზიას დავუბარე, რემონტისთვის რა უნდა გააკეთოს და წამოვედი...
ხაშურს ახალი გამოცდენილი ვიყავი, ბიძაჩემის ზარი რომ დამეწია. ამ ცოტა ხნის წინ შვილიშვილი შეეძინა. ქალიშვილი წყალტუბოშია გათხოვილი და დღეს თურმე მთელი ნათესაობა იქ ჩადის – საღამოს ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთო. დაიჟინა, ახლავე უკან გამობრუნდი, შენ რომ არ იყო, არაფრით არ გამოვაო. ვუთხარი, გზაში ვარ და რადიო "თავისუფლებაში" მელოდებიან-მეთქი.
რა მძიმე გზაა თბილისამდე! გზადაგზა სულ სამუშაოები მიდის და კარგა დიდი მონაკვეთები გადათხრილია. რომ აკეთებენ კარგია, მაგრამ აღარ დაადგა საშველი...
დღეს თბილისში მალხაზ ერქვანიძესაც უნდა შევუარო: ჩამოსული რომ იყო, მისი ანსამბლის ჩანაწერები ვთხოვე. ძალიან მინდა, მათი შესრულებული ჩანაწერი გვქონდეს. ამაზე რომ ვფიქრობდი, მალხაზის ზარიც გაისმა - მითხრა, დღეს ხაშურში მივდივარ, მაგრამ ჩანაწერები გაგიმზადე, შეგიძლია ჩემთან შეიარო და აიღოო. კარგი ამბავია! ჩანაწერს ავიღებ და დღესვე გავბრუნდები ახალციხეში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG