Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ენერგეტიკის სფეროში "სანდო ბიზნესპარტნიორობას" ჰპირდება ბალკანეთის ქვეყნებს


მეგობრობა, თანამშრომლობა და ნდობა - ამ ცნებებით იყო გამსჭვალული რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა ბალკანეთის ენერგეტიკულ სამიტზე,

რომელსაც კვირას ზაგრებმა უმასპინძლა. ვლადიმირ პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, ჯერ ერთი, რუსეთი სანდო ბიზნეს-პარტნიორია და მეორეც: მას ისტორიული მეგობრობა აკავშირებს სამიტის მონაწილე ქვეყნებთან - ალბანეთთან, ბულგარეთთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საბერძნეთთან, მაკედონიასთან, სერბიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთთან და ჩერნოგორიასთან. საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს.

პრეზიდენმა პუტინმა ზაგრების სამიტის მსვლელობაში რამდენიმე ახალ პროექტზე ილაპარაკა. ერთი მათგანი ითვალისწინებს ელექტროქსელის გაყვანას, რომელიც შავი ზღვის სახელმწიფოებს დააკავშირებდა და საფუძველს ჩაუყრიდა ერთობლივ ენერგეტიკულ ბაზარს. გარდა ამისა, პუტინმა ილაპარაკა ბალკანეთში ნავთობისა და გაზის პროექტებში რუსეთის მონაწილეობის სურვილზე. რუსული კომპანიები, პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს წამყვან კომპანიებს უწევენ კონკურენციას, ხოლო ეკოლოგიური სტადნარტებით რუსეთი ყველა სხვა ქვეყანას სჯობნის.

[პუტინის ხმა] “რუსეთი დაინტერესებულია გაზის გაყიდვაზე, რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებზე მოლაპარაკებების გაგრძელებით, აგრეთვე ბალკანეთის რიგ ქვეყნებში გაზის მიწისქვეშა საცავების აგებით, რაც უდავოდ გააუმჯობესებს არა მარტო რეგიონის ენერგეტიკულ მომარაგებას, არამედ რეგიონს უფრო მიმზიდველს, უფრო მნიშვნელოვანს გახდის ენერგეტიკული პრობელმების მოგვარების თვალსაზრისით მთელს ევროპაში”.

ზაგრების სამიტზე პუტინმა წინა დღეს ხელმოწერილი შეთანხმებაც ახსენა: რუსეთის “გაზპრომისა” და იტალიის კომპანია “ენის” გეგმა შავი ზღვის ფსკერზე ახალი ნავთობსადენის გაყვანის შესახებ. ეს ნავთობსადენი (რუსეთსა და ბულგარეთს შორის) პროექტ “სამხრეთის ნაკადის” შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, “სამხრეთის ნაკადი” კი არის ნავთობსადენი, რომლითაც რუსული ნავთობის იტალიისთვის და ცენტრალური ევროპისთვის მიწოდება იგეგმება.
[პუტინის ხმა] “ეს არის რეალისტური და ძალიან პერსპექტიული პროექტი, რომელიც უთუოდ ხელს შეუწყობს მთელი ევროპის ენერგეტიკული მომარაგების გაუმჯობესებას. და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტს ემხრობა არა მარტო იტალიის მთავრობა - რუსეთის მთავრობასთან ერთად, არამედ ევროკავშირის კომისიაც”.

უკვე ორი ახალი პროექტი ვახსენეთ - ნავთობსადენი შავი ზღვის ფსკერზე და ელექტროქსელი შავი ზღვის სახელმწიფოებში. მაგრამ გეგმები ამით არ ამოიწურება: სამიტის მონაწილეებმა იმსჯელეს რუსეთის ნავთობსადენ “დრუჟბას” და ხორვატიის ნავთობსადენ “ადრიას” დაკავშირებაზე და პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ნავთობსადენის გაყვანას ბულგარეთის საპორტო ქალაქ ბურგასსა და საბერძნეთის ნავსადგურ ალექსანდრუპოლისს შორის. მოკლედ, პროექტი ბევრია დ, როგორც რუსეთის მხარე ირწმუნება, ხელს არ უშლის ერთმანეთს.

ზაგრების სამიტის სხვა მონაწილეები კმაყოფილი ჩანდნენ. პუტინის კონცეპციას, რომ რუსეთი ბელკანეთის სანდო ტრადიციული და სამომავლო მოკავშირეა, კრიტიკით არავინ გამოხმაურებია - ერთი გამონაკლისის გარდა. ეს გამონაკლისი იყო რუმინეთის პრეზიდენტი, ტრაიან ბასესკუ. მან აღნიშნა, რომ რეგიონის ინტერესებშია იზრუნოს ენერგეტიკის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე. იქვე ბასესკუმ “მიუღებელი” უწოდა ენერგიის გამოყენებას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.
XS
SM
MD
LG