Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება ერაყში ერთი ქალაქის - ბასრის მაგალითზე


ბოლო დღეებში ერაყიდან გავრცელებულ ცნობებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო განაჩენმა, რომელიც სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავს გამოუტანს

- ალი ჰასან ალ-მაჯიდს (მას, ჩვეულებრივ, “ქიმიურ ალის” უწოდებენ) სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა 1988 წელს ეთნიკური ქურთების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს “ქიმიურ ალისთან” ერთად ბრალდებულ კიდევ ორ პირს. თუმცა, ერაყზე თხრობას ახლა ამ თემით არ ვაგრძელებთ: დღეს გაგაცნობთ შეფასებას, რომელსაც სამხრეთ ერაყის საპორტო ქალაქ ბასრაში შექმნილ ვითარებაზე გამოთქვამს ერთ-ერთი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია.

ბასრაში შექმნილი ვითარების შეფასება საგულისხმო და მრავლისმეტყველია უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ ბასრა საკამოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იყო მიჩნეული სტაბილიზაციის გზაზე მდგომ ქალაქად - ადგილად, სადაც განსხვავებული რელიგიური და პოლიტიკური ფრაქციების მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელი ჩანდა.

მაგრამ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში მძიმე ვითარებას ასახავს: თუ ბასრის შესახებ ამ ანგარიშს ვენდობით, იქ დაპირისპირებულ მხარებს შორის ამჟამინდელი შეიარაღებული დაპირისპირება შეუძლებელს ხდის მშვიდობიან პროცესს.

ანგარიშს, როგორც ჩანს, ღირს ვენდოთ: მისი ავტორია “საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი” - ორგანიზაცია, რომელიც წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოების ყოფილ პრეზიდენტებს, მინისტრებს, სხვა გავლენიან მოღვაწეებს აერთიანებს. ორგანიზაციაში ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მუშაობს პიტერ ჰარლინგი. მან ლონდონში ქალაქ ბასრის შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჩვენს კორეპსონდენტთან საუბარში შეაჯამა ის, რაც ანგარიშშია ჩამოყალიბებული:

[ჰარლინგის ხმა] “ჩვენ ამას, ვითარების დინამიკის ანალიზს ვიყენებთ იმის საჩვენებლად, რომ ამჟამინდელი მძიმე ვითარება ერაყში განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქმე ეხება არ-შემდგარ სახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს კანონის უზენაესობასა და რესურსების სამართლიანად განაწილებაზე ზრუნვის უნარი. პოლიტიკური სარბიელი, ფაქტობრივად, დაპყრობილი აქვთ შეიარაღებულ ისლამისტურ ჯგუფებს, რომლებიც ადგილობრივი რესურსებისთვის იბრძვიან.”

ბასრაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოთხი მთავარი დასკვნის გამოტანა შეიძლება და ისინი, პიტერ ჰარლინგის განმარტებით, ეხება ვითარებას მთელს ერაყში.

პირველია ის გარემოება, რომ ძალადობას მრავალი მიზეზი აქვს, არ არის მარტო რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების და ტერორიზმის შედეგი. ამას ემატება პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები, ვენდეტა ისლამისტურ პარტიებს შორის.

მეორე დასკვნაა ის, რომ, როგორც ბასრის მაგალითზე ჩანს, ძალადობა ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა.

მესამე - შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად არ არის სწორი გზა ერაყის ამჟამინდელი პოლიტიკური სტრუქტურის გაძლიერება, რასაც აშშ და ბრიტანეთი აკეთებენ.

და მეოთხე, ბოლო დასკვნა: ბასრაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ბრიტანელების არაერთი გარიგების, ბევრ შემთხვევაში საერთო ენის გამოძებნის მიუხედავად, შედეგი, სტაბილიზაციის თვალსაზრისით, თითქმის უმნიშვნელოა.

ჰარლინგის თქმით, მრავალეროვანმა კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, უნდა გააცნობიეროს, რომ ერაყის მთავრობის შემადგენელი პარტიები დემოკრატიას კი არ აშენებ, პირიქით, ანგრევენ იმას, რაც რაღაცნაირი ფორმით მაინც არსებობს: [ჰარლინგის ხმა] “ბაღდადის მთავრობა თავს ეროვნული თანხმობის მთავრობად წარმოაჩენს. და თუ ამ შეფასების დამსახურებაც სურს, უნდა შეასრულოს კიდეც თავისი პასუხისმგებლობა, რასაც არ აკეთებს მას შემდეგ, რაც ამბოხება დაიწყო. თითქმის არაფერი გაკეთებულა ძალადობის მთავარი მიზეზების მოსაგვარებლად - განსაკუთრებით სუნიტ არაბებთან დასაკავშირებლად, მათი სრულიად კანონიერი მოთხოვნების გასათვალისწინებლად”, განმარტავს “საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის” ექსპერტი, რომელმაც ლონდონში წარადგინა ორგანიზაციის ანგარიში.

ჩვენი კორესპონდენტი კიდევ ერთ ექსპერტს გამოელაპარაკა - კრისტოფერ პანგს, რომელიც, როგორც გაირკვა, იზიარებს ანგარიშში გამოთქმულ შეფასებას. [პანგის ხმა] “ერაყის სტრატეგიაზე მსჯელობისას ხშირად ამბობენ, რომ შეუძლებელია განვითარება უსაფრთხოების გარეშე და შეუძლებელია უსაფრთხოება განვითარების გარეშე. ვფიქრობ, ანგარიში აჩვენებს, რომ ნებისმიერმა სტრატეგიამ, რომელიც ერაყს ეხება, თუ სურს წარმატების მიღწევა - რეგიონში მშვიდობის დამყარება და ფრაქციებს შორის დაპირისპირებისთვის ბოლოს მოღება - პოლიტიკის ამ ორივე ასპექტზე უნდა იზრუნოს”.

დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ ლონდონელი ექსპერტი კრისტოფერ პანგი არ იზიარებს საერთაშორისო კრიზისის ცენტრის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ერაყში ამერიკელი ჯარსიკაცების რიცხვის გაზრდა არ იყოს სწორი სტრატეგია ერაყში ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად. პირიქით, ამბობს ექსპერტი: კოალიციის ჯარისკაცების რიცხვის გაზრდით ერაყელ პოლიტიკოსებს მოქმედების მეტი თავისუფლება მიეცემათ და შეძლებენ, მიმართონ აუცილებელ ზომებს, როგორიცაა მოლაპარაკებები საკვანძო მნიშვნელობის საკითხებზე - საკითხებზე, რომელთა გარშემო განხეთქილებაც ერაყს ქურთების, სუნიტებისა და შიიტების ნაწილებად ჰყოფს.
XS
SM
MD
LG