Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მარია გავრილიდი განვლილი კვირის მანძილზე, რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

დღიურს აწარმოებდა მარია გავრილიდი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაჟიორი.

10 ივნისი, კვირა
მოღრუბლული და წვიმიანი დილა გათენდა. კვირა დღეა და შესაძლებელია მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა. უკვე მოვიდნენ ნინი და გოჩა. დავსხედით, ცოტა წავიჭორავეთ, ვისაუბრეთ მათ მომავალ ნიშნობაზე და ქორწილზე.
როგორც კი გამახსენდა, რომ ხვალ დავით გუნაშვილს მოხსენებითი ბარათი უნდა წარვუდგინო, მაშინვე დავიწყე წერა.
გამახსენდა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა სანკტ-პეტერბურგში.
მე მივესალმები ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თუმცა არ ვიზიარებ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის პოლიტიკას.
ძალიან მომეწონა პრეზიდენტის ინიციატივა ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ საქართველოდან წასული სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რითაც მათ გაუადვილდებათ სამშობლოში ჩამოსვლა.
ეს ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა...

11 ივნისი, ორშაბათი
როგორც ყოველთვის, ამ დილითაც მაღვიძარამ გამაღვიძა, რომელსაც ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთსა და იმავე დროზე ვაყენებ, რათა სამსახურში არ დამაგვიანდეს.
სამსახურს კარგად მოვერგე, კოლექტივი ძალიან მომწონს, ბევრს თანამშრომელს დავუმეგობრდი. ხათუნამ ისევ დამავალა სტატიის გადათარგმნა. ამ სტატიების თარგმნამ ქართულად ლაპარაკი გამიადვილა.
გუგა ყოველთვის მისწორებს გრამატიკულ შეცდომებს.
3 საათისთვის GFSIS-ში დაგეგმილი იყო სერგო მინასიანის წიგნის პრეზენტაცია. წიგნის სახელწოდებაა: "მიტინგიდან კონვენციებისაკენ: საქართველოს სომხური ეთნიკური უმცირესობის უფლებების დაცვის სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაგალითზე" და შეეხება სტრატეგიულ ზონებს და მრავალეროვან საზოგადოებას. ეხება საქართველოსაც, როგორც მრავალეროვან ქვეყანას. დღევანდელი მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნულ უმცირესობებს, ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

12 ივნისი, სამშაბათი
დღევანდელი დღისგან სიახლეებს ველი. ჯერ სამსახურში უნდა წავიდე, შემდეგ - ლექციაზე. რატომღაც ძალიან მოვიწყინე. დღეს დედამ დამირეკა და მითხრა, ვერ ჩამოვალო. ხანდახან თეთრი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც მშობლები გვერდში ჰყავს. ხშირად დედის მოფერება მენატრება. 6 წელია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ და მაინც ვერ მივეჩვიე უდედოდ ყოფნას. მშობლები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. როგორ ვაიძულო თავი, რომ მათზე არ ვიფიქრო?
შვიდის ნახევარზე დაგეგმილია ცნობილი ეკონომისტის ლადო პაპავას ლექცია. ლექციაზე გარდამავალი პერიოდის ეკონომიკას განვიხილავთ.
დღეს მაკა პეტრიაშვილმა პირველი სერიოზული დავალება მომცა. იმედია, თავს გავართმევ. დავალების შესრულების ვადა შემდეგ ორშაბათამდე მაქვს.
თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ საინტერესო სტრუქტურაა. აქ მუშაობა საკითხების ღრმა ცოდნას მოითხოვს.
საბერძნეთის და შვეიცარიის დაფინანსებით და საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, საშუალება მომეცა, თავი ვიგრძნო ამ სახელმწიფოს სრულუფლებიან მოქალაქედ. გამიჩნდა მოტივაცია, აქტიურად ვიმუშავო საქართველოს კეთილდღეობისათვის.

13 ივნისი, ოთხშაბათი
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ადამიანმა არ იცის, რა ელოდება და რას მოუტანს მას ახალი დღე. თითქოს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია, მაგრამ არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ. დღესაც ასე მოხდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამიკავშირდებოდა ამხანაგი, რომელიც ხუთი წელია, არ მინახავს. დღეს მას შევხვდი და მომიყვა თავისი საქმიანობის შესახებ. ყველაზე უარესი ის არის, რომ შენი თავი შენ არ გეკუთვნის. ხანდახან გინდა, რაღაც შეცვალო, სამსახურში ან ლექციებზე არ წახვიდე. თუმცა, ამის უფლება არ გაქვს. თორმეტმა კაცმა, რომლებიც აგვირჩიეს და სხვადასხვა სამინისტროში დაგვასაქმეს, დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენს თავზე. არ მინდა, ზედმეტად სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, საზოგადოებას ვუჩვენო, რა შემიძლია და რისთვის ვიბრძვი. ჩემი მთავარი მიზანია, დავრჩე ჩემს საქართველოში. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია და ასეთ სილამაზეს, სულიერ სიმშვიდეს ვერსად ვგრძნობ.

14 ივნისი, ხუთშაბათი
როგორც ყოველთვის, დღევანდელი დილაც გადატვირთულია. ჭამის დროც არ მქონდა და პირდაპირ სამსახურში გავვარდი. ტრანსპორტით მგზავრობა არ მიყვარს, ფეხით სიარული მირჩევნია, მაგრამ ვერ ვასწრებ და ავტობუსით დავდივარ. თავში უამრავი აზრი მიტრიალებს. მაღელვებს დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია. რა ელოდება ჩემს ქვეყანას? იქნება ოდესმე სტაბილური მდგომარეობა?
განსაკუთრებით ბევრს იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩემმა ძმამ დამირეკა საბერძნეთიდან და გამახარა, რომ ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოდის. მას ძალიან უყვარს საქართველო. საზღვარგარეთ ოჯახის სარჩენად წავიდა, მაგრამ ყოველ ზაფხულს ჩამოდის დასასვენებლად. მთელი ოჯახი ვიკრიბებით მამასთან, წალკის რაიონში. იქ მდიდარი ბუნება და სუფთა ჰაერია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველანი ერთად ვართ. წელიწადში ერთხელ გვაქვს ეს ბედნიერება.
დღეს საკმაოდ დიდი ხანი მომიწია სამსახურში ყოფნა, რადგან ბევრი საწერი მქონდა. სამსახურიდან ისევ ლექციებზე უნდა წავიდე - ლადო პაპავას ბოლო ლექციაა, რის გამოც გული მწყდება. ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა!
მთელი კვირის განმავლობაში დასვენების საშუალება არ მოგვცემია. მოულოდნელად გადავწყვიტეთ კინოში წასვლა. ვნახეთ "კარიბის ზღვის მეკობრეები". სახლში გვიან დავბრუნდი. ვიცოდი, რომ უამრავი საქმე მელოდებოდა და მერჩივნა, კინოში საერთოდ არ წავსულიყავი. ბევრი რამ მაქვს წასაკითხი და გასაანალიზებელი.

15 ივნისი, პარასკევი
არაჩვეულებრივი დილაა. ღია ფანჯრიდან თბილი, სასიამოვნო სიო უბერავს. მეზარება ლოგინიდან ადგომა, მაგრამ წასასვლელი ვარ. ქუჩაში ნაღველმა შემიპყრო, რადგან ახალგაზრდებს არ ადარდებთ თავიანთი ქალაქი და ყველგან ანაგვიანებენ. ვოცნებობ, ისეთი თანამდებობა მქონდეს, რომ მათი დასჯა შემეძლოს.
სამსახურში ბექა ალადაშვილმა სერგო მინასიანის წიგნის მოკლე შინაარსის დაწერა დამავალა. მან ძალიან კარგად იცის თავისი საქმე და ბევრი რამის სწავლება შეუძლია. ჩემს გარშემო ყველა ცდილობს, დამეხმაროს, გამაცნოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა. გამიმართლა, რომ ამ სისტემაში მოვხვდი. GFSIS-ში შესანიშნავი ლექტორები გვყავს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა ჩაგვიტარა ლექციების კურსი თემაზე: "პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში". ეს თემა ძალიან აქტუალური და მტკივნეულია. მინდა, ქვეყანა განვითარდეს - არა მარტო ჩემთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც.
ალექსანდრე რონდელმა ბევრ რამეზე აგვიხილა თვალი და სხვაგვარად დავიწყე ახალი ამბების ყურება და აღქმა.
პარალელურად გვაქვს ქართული ენის ლექციები. ქალბატონი რუსუდანისნაირი პედაგოგი ადრევე რომ მყოლოდა, ქართულად ლაპარაკში ქართულენოვნებს არ ტოლს არ დავუდებდი!

16 ივნისი, შაბათი
შაბათი მშვენიერი დღეა ჩემთვის, რადგან არსად მეჩქარება. საშინლად ცხელა. ჩემმა ძმამ წუწაობის დღე გამოაცხადა. ვერც მოვასწარი თვალების გახელა, ვიგრძენი, როგორ გადამასხეს ცივი წყალი. კივილი ავტეხე - ასე იწყება ჩემი დასვენების დღე!..
დილიდან ეკლესიაში ვიყავი, იქ თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობ. ღმერთს ვთხოვ, დაეხმაროს ყველა ადამიანს, ვისაც ღმერთის დახმარება სჭირდება და ბოლოს ჩემთვის ვთხოვ დახმარებას.
ადამიანი, რომელსაც რწმენა არა აქვს (მნიშვნელობა არა აქვს, რისი სწამს), საშიშია.
ძალიან ძნელია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ბევრი გაჭირვებულია. რატომღაც ვერ ვხვდებით, რომ თვითონ უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და არ ველოდოთ, რომ ვინმე ამას ჩვენს მაგივრად გააკეთებს.
დღეს საღამოს ჩემს მეგობარ ჟანას უნდა შევხვდე. დიდი ხანია, არ მინახავს და მაინტერესებს მისი ამბები. საშინლად განვიცდი ახლობლების პრობლემებს. მინდა, როგორმე დავეხმარო. ხანდახან ჩემს თავზე ვბრაზობ: რატომ ვარ ასეთი გულმოწყალე?..

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG