Accessibility links

logo-print

რატომ სურთ ან რატომ არ სურთ გაერთიანება პოლიტიკურ პარტიებს


ბოლოხანს აშკარად შეიმჩნევა ბზარი ოპოზიციური პარტიების ურთიერთობაში.




ზოგიერთი ლიდერი წინასაარჩევნო გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, დანარჩენები კი ან პირდაპირ უარყოფენ გაერთიანების იდეას, ან, უკეთეს შემთხვევაში, ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ. რატომ სურთ ან რატომ არ სურთ გაერთიანება პოლიტიკურ პარტიებს?

ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროიდან მოყოლებული, საქართველოში მოდური იყო და არის პრეზიდენტსა და მის პარტიასთან “ფრონტის პრინციპით” დაპირისპირება. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ მმართველი ძალის წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა გაერთიანდეს, მათი პოლიტიკური გემოვნების ან იდეოლოგიური პლატფორმის მიუხედავად. ამ პრინციპის თანახმად, მიზნის მისაღწევად გამართლებულია მემარჯვენეებისა და მემარცხენეების, კონსერვატორებისა და ლიბერალების, წესიერებისა და უწესოების ნებისმიერი დაჯგუფება. “ფრონტის პრინციპმა” განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის შემდეგ შეიძინა, რაც საპარლამენტო ბარიერი 5%-დან 7%-მდე გაიზარდა. ოპოზიცია ყოველი არჩევნების წინ ცდილობდა ისეთი გაერთიანება ჩამოეყალიბებინა, რომელიც ელექტორატს მარტივი არჩევანის წინაშე დააყენებდა: ხმა მიეცა “თეთრებისთვის” - “შავების” წინააღმდეგ.

შარშან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სცადა გაერთიანება. პარტიების ლიდერები ერთმანეთის ოფისებში დადიოდნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. კობა დავითაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერით დაუთმო თბილისის მერის კანდიდატობა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. გაერთიანება ჩაიშალა. მაშინ ეს ოპოზიციას მძიმე მარცხად დაუჯდა.

საქმე ის არის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა თავად უკარნახებს პარტიებს, რა არის მათთვის ხელსაყრელი მოცემულ პოლიტიკურ მომენტში. შარშან არჩევნები ჩატარდა სისტემით, რომელიც მარტივად ასე გამოითქმის: ამა თუ იმ ოლქში გამარჯვებული პარტია იმ ოლქის ყველა მანდატს ისაკუთრებდა. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო ელექტორატის ხმები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის არ დაქსაქსულიყო. თუკი ხელისუფლების მომხრეთა ხმები ერთ ყულაბაში მოიყრიდა თავს, პროტესტული ხმები კი - მეორე ყულაბაში, არჩევნებზე, შესაძლოა, ის ადამიანებიც წასულიყვნენ, რომლებიც შინ დარჩნენ და, თავისი პასიური პოზიციით, ხელისუფლება გააძლიერეს.

მაგრამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სხვა წესები ამოქმედდება. იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებსაც პარტიული სიით ავირჩევთ, 100-მდე შემცირდება. საფიქრებელია, რომ, ამ მიზეზით, ოპოზიცია განსაკუთრებით გულმოდგინედ იბრძოლებს ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც საარჩევნო ბარიერის 4 ან 5 პროცენტამდე ჩამოწევას გულისხმობს.

თუ ოპოზიცია მიზანს მიაღწევს, პარლამენტში - ნაციონალური მოძრაობასთან ერთად - სულ მცირე, კიდევ ორი პარტია მოხვდება. ამ შემთხვევაში პარტიებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვის რეალური შანსი ექნებათ, გაცილებით მეტად აძლევს ხელს ცალ-ცალკე გამოსვლა, ვიდრე - გაერთიანება. საქმე ისაა, რომ გაერთიანებულ საარჩევნო სიაში, კერძოდ, მის პირველ და მეორე ათეულში, იმ პარტიების ინტერესებიც აისახება, რომლებსაც ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვა გაუჭირდებათ - ეს იქნება გაერთიანების ფასი. არადა, ბარიერის დაძლევა, როგორც წესი, სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზებას და რეგიონალური ოფისების ენერგიულად ამოქმედებას მოითხოვს. ასეთი ფუფუნების საშუალება კი ჯერჯერობით სულ ორიოდე პარტიას აქვს. გამოდის, რომ მწვავედ მოლაპარაკე, მაგრამ ცუდად ორგანიზებული პარტიების ლიდერები პარლამენტში არა საკუთარი, არამედ სხვების რესურსით უნდა შევიდნენ. ამიტომაც იმ პარტიებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ, გაერთიანება უნდათ, ხოლო იმ პარტიებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ბარიერს საკუთარი ძალით დაძლევენ, გაერთიანების გაგონებაც არ სურთ.

გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო გაერთიანება საზოგადოების დაკვეთად ცხადდება. საზოგადოების მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს, შესაძლოა, მართლაც გულწრფელად სურდეს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური კანდიდატის მოხვედრა პარლამენტში. მაგრამ, ამჟამინდელი საარჩევნო რეალობის გათვალისწინებით, “ფრონტის პრინციპის” ამოქმედებამ, შესაძლოა, საპარლამენტო ოპოზიციის ხარისხზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედოს, რაც საზოგადოებისთვის ხელსაყრელი ნამდვილად ვერ იქნება. ასე რომ, ადრე თუ გვიან მოგვიწევს იმის გაცნობიერება, რომ ოპოზიციის გაერთიანება მომავალ არჩევნებში არც მოსალოდნელია და არც სახარბიელო.


XS
SM
MD
LG