Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ირღვევა ხშირად ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებები საქართველოს რეგიონებში


ბოლო ორი წელია საქართველოს რეგიონები უდენობას ნაკლებად უჩივიან

- ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებათ. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ სხვა პრობლემა გაჩნდა, კომუნალური მრიცხველებისა თუ ზედმეტად დარიცხული გადასახადების სახით. ამჯერად თქვენს ყურადღებას ქალაქ რუსთავში ელექტროენერგიის მრიცხველებთან დაკავშირებით წარმოქმნილ გაუგებრობებზე შევაჩერებ. ამ ქალაქის 70-მდე მოსახლემ იურიდიული დახმარების თხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. ისინი გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიას უჩივიან. რატომ?

რუსთავის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ინდივიდუალური მრიცხველებით აღწერს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. შესაბამისად, ისინი მრიცხველებზე ასახული მონაცემების მიხედვით უნდა იხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურს, მაგრამ მათგან სულ სხვა რაოდენობის თანხას მოითხოვს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის რუსთავის ფილიალი. ”რელასის” მესვეურები ეგრეთ წოდებული კომუნალური მრიცხველის მონაცემებს იშველიებენ.

[მოქალაქის ხმა] ”მოტყუებით გაგვიკეთეს ეს საერთო მრიცხველები...”

[მოქალაქის ხმა] ”... ეჭვი გვეპარება ინკასატორების პატიოსნებაში, ეჭვი გვეპარება თავად ამ მრიცხველზე, არ არსებობს, რომ ამხელა სხვაობა გვქონდეს.”(სტილი დაცულია)

კომუნალური მრიცხველებით უკმაყოფილო ამ რუსთაველების მოსაზრებები ჩვენმა კორესპონდენტმა დავით მჭედლიძემ ჩაიწერა. მათ მსგავსად, სულ 70-მდე მოქალაქემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა სამართლებრივი დახმარების თხოვნით. ახალგაზრდა იურისტებმა, მართლაც, გაუწიეს ასეთი დახმარება და ერთი სასამართლო განხილვა უკვე ”რელასის” აბონენტის გამარჯვებითაც დასრულდა. ამისდა მიუხედავად, ისეთი მოქალაქეების საჩივრების რიცხვი მაინც იზრდება, რომლებისგანაც დახარჯული ელექტროენერგიის საფასურზე გაცილებით მეტი თანხის გადახდას მოითხოვენ.

[ბესარიონ გრიგალაშვილის ხმა] ”მათი ეგრეთ წოდებული ინდივიდუალური მრიცხველები არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს და ამაზე არსებობს სრულყოფილი დოკუმენტაცია.”

აცხადებს ”რელასის” მენეჯერი ბესარიონ გრიგალაშვილი. მისი და გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლების მსგავსი არგუმენტები არასამართლებრივად მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძეს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს 2 განსხვავებული ქვითარი მისდით. მივმართეთ სასამართლოს, ერთი პროცესი მოვიგეთ კიდეც, რამდენიმე სასამართლო ახლაც მიმდინარეობს.”

25 ივნისს გიორგი ჩხეიძემ რუსთავში სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა ამ ქალაქში ელექტროენერგიის მომხმარებელთა პრობლემებს, რომელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”...გვინდა, რომ როგორც სასამართლოს გზით, ასევე პრობლემების თაობაზე საჯაროდ გაცხადების გზით მოგვარდეს ეს პრობლემები და მოქალაქეთა უფლებები იყოს დაცული.”(სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG