Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ დიმიტრი სანაკოევი ევროპარლამენტში მოხსენებით წარდგება


დღეს ბრიუსელში მუშაობას შეუდგა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში ქართველ პარლამენტარებთან ერთად იმყოფება სამხრეთ–ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. 26 ივნისს იგი კომიტეტის სხდომაზე თხუთმეტწუთიანი სიტყვით წარდგება და ევროკავშირს, ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში აქტიურად ჩართვის თხოვნით, ოსურ ენაზე მიმართავს. რატომ ეძლევა დიმიტრი სანაკოევს ევროპარლამენტში გამოსვლის უფლება და მოჰყვება თუ არა ამ ფაქტს მისი ქართულ–ოსური კონფლიქტის ლეგიტიმურ მხარედ ცნობა?

წინასწარი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაური დიმიტრი სანაკოევი ევროპარლამენტარებს რეგიონში არსებულ მდგომარეობას გააცნობს, დროებითი ადმინისტრაციის მიერ იქ ჩატარებული მუშაობის შესახებ მოახსენებს და ევროკავშირს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების დაფინანსებაში ჩართვის თხოვნით მიმართავს.

[დიმიტრი სანაკოევის ხმა]“ ჩვენი სურვილია ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტში სამხრეთ ოსეთის პრობლემის არსი განვუმარტოთ და კონფლიქტის მოგვარების ჩვენი ხედვა გავაცნოთ. განვუმარტოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ გვესახება ჩვენი გზა. ჩვენ გვსურს ჩვენი მოქმედებები წარმოვაჩინოთ ისე, რომ გაგვიგონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარები სამხრეთ ოსეთს განიხილავდნენ არა როგორც ექსტრემიზმის ბუდეს, არამედ როგორც კუთხეს, სადაც ცხოვრობს ხალხი და არიან ძალები, რომლებიც მშვიდობისაკენ ილტვიან და მშვიდობა სურთ.“

განუცხადა ბრიუსელში ტელეკომპანია „იმედს“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურმა დიმიტრი სანაკოევმა, რომლის შეფასებითაც, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ახალი ავტონომია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ოსური ენის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და ადამიანის უფლებების ურყევ დაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

დიმიტრი სანაკოევის ევროპარლამენტში სტუმრობა უპრეცედენტო ფაქტად შეფასდა. მოვლენის უპრეცედენტობას, თავის მხრივ, ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციის უპრეცედენტო მოდელი განაპირობებს. ნიშნავს თუ არა დიმიტრი სანაკოევის ევროპარლამენტში მიწვევა მის ლეგიტიმაციას? - ამ კითხვით საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების ცენტრის ექსპერტს არჩილ გეგეშიძეს მივმართეთ.

[არჩილ გეგეშიძის ხმა]“ ჯერ ნუ ვიჩქარებთ. ის, რომ ევროპარლამენტში გამოდის სანაკოევი, ჯერ არ ნიშნავს მის საბოლოო აღიარებას და ლეგიტიმაციას. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქეთ მიდის საქმე და ვექტორი აქეთაა აღებული. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და შემდგომ გარკვეულ პოლიტიკად გარდაქმნა, ეს არის პროცესი, სადაც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის ერთ–ერთი მთავარი იქნება თვითონ სანაკოევის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის ადგილზე წარმატებულობა.“(სტილი დაცულია)

ამბობს არჩილ გეგეშიძე და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ლეგიტიმაციისაკენ პირველი ნაბიჯების სწორედ ევროპარლამენტში გადადგმის მცდელობას ლოგიკურად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ევროპარლამენტი ევროპაში ყველაზე თამამი ინსტიტუტია, სანაკოევის პოზიციებს კი ის ამაგრებს, რომ იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. თუმცა მთავარი მაინც ოსურ საზოგადოებასთან დიალოგია, - შენიშნა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ, რომელიც ამ ერთი კვირის წინათ იმყოფებოდა საქართველოში:

[პეტერ სემნების ხმა]“ მთავარი არ არის სანაკოევის პერსონა ან კოკოითის პერსონა, არამედ მთავარია ის, შეუძლია თუ არა საქართველოს თავისი მიდგომით მისწვდეს ოსური საზოგადოების ყველა ნაწილს, მათ შორის ცხინვალის მოსახლეობასაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. აქამდე რაც ხდება, დიმიტრი სანაკოევის პერსონასთან არის მიბმული. არა მგონია, ეს საქმეს შველოდეს. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც შეიძლება დააინტერესოს საქართველოს პარტნიორები, გახლავთ მრავალმხრივი დიალოგი ოსურ საზოგადოებასთან და ოსური საზოგადოების შიგნით.“

სანაკოევის პერსონა, მართლაც, არაფერ შუაშია, - გვითხრა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ პეტერ სემნების შენიშვნის პასუხად:

[შოთა მალაშხიას ხმა]“ არ არის ეს პიროვნულად სანაკოევი. ეს არის სტრუქტურა, ამ სტრუქტურაში გაერთიანება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია - მათ შორის, წარმოუდგენელია, მაგრამ, დავუშვათ, კოკოითიც.“(სტილი დაცულია)

კოკოითის ხელისუფლებაში კი, ცხადია, ვერ მალავენ დიმიტრი სანაკოევის ევროპარლამენტში მიწვევის ფაქტით აღშფოთებას. „სანაკოევი სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმაციის ერთ–ერთი საშუალებაა. თუ ევროპარლამენტი არაკომპეტენტურობას გამოიჩენს და სანაკოევს დაუჯერებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპის ქვეყნებს წარმატებით ასულელებს.“ ამგვარი შინაარსის ინფორმაციებს ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. დღეს მათი მზერაც ბრიუსელისაკენაა მიპყრობილი. დიმიტრი სანაკოევი საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მეცხრე სხდომაზე 26 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, წარდგება.


XS
SM
MD
LG