Accessibility links

logo-print

სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი გაიმართა


სტამბოლში 25 ივნისს გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის - ბისეკის (BSEC) - წევრ-სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი,

რომლის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იღებდა. სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა, თუმცა მანამდე ერთმანეთს ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა ენერგოუსაფრთხოების, ბისეკის ეფექტიანობის ამაღლებისა და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. სამიტის მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან.


შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის - ბისეკის - წევრ-სახელმწიფოთა ლიდერები დაარსებიდან 15 წლის თავზე სტამბოლში შეიკრიბნენ. ბისეკი, შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის გარდა, ალბანეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საბერძნეთს, მოლდავეთსა და სერბეთს აერთიანებს.
“ბისეკის” შექმნის იდეა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან იყო დაკავშირებული თავდაპირველად. ახლა, ამ პრობლემატიკასთან ერთად, სახელმწიფოთა ნაწილი ცდილობს ეს ფორუმი კონფლიქტების განხილვის არენად გადააქციოს, რუსეთი პირველ რიგში, მიიჩნევს, რომ კონფლიქტების განხილვის ადგილი ეს არაა. ამიტომაც იყო ალბათ, რომ საქართველოს წარმომადგენლების იმ ტიპის შეხვედრა რუს კოლეგებთან, რომელსაც რაიმე სიახლე შეიძლებოდა მოყოლოდა ამ სფეროში, არ შედგა. რუსეთის პრეზიდეტმა მოკლედ უთხრა ჟურნალისტებს, სააკაშვილთან ერთად მაგიდასთან ვიჯექი, ანუ ერთმანეთს შევხვდითო.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბისეკის გამოწვევად რჩება რეგიონის ენერგოპოტენციალის ამაღლება, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და უსაფრთხოების გაზრდა. გელა ბეჟუაშვილის თქმით, რეგიონის არასტაბილურობას, ძირითადად, ტერიტორიული კონფლიქტები განაპირობებს. სწორედ ამ საკითხსა და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის გზების ძიებაზე ილაპარაკეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე, რომელიც მინისტერიალის მსვლელობისას შედგა.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენი რუსი კოლეგები გადახედავენ თავიანთ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და რაღაც ნაბიჯებს გადადგამენ. მთელი ჩვენი მუშაობა არის ძებნა კომპრომისისა, ისეთი კომპრომისისა, რომელიც არ ლახავს შენს ეროვნულ ინტერესებს და რომელთა გათვალისწინებით მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი. მაგრამ არის პრინციპები, მაგალითად, საზღვრების ერთიანობა, რომელსაც ვერ დავთმობთ.“(სტილი დაცულია)

გელა ბეჟუაშვილის მსგავსად, გაყინული კონფლიქტების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმაც. მისი თქმით, რეგიონის - განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის - ეკონომიკურ აღმავლობას ტერიტორიული კონფლიქტები უშლის ხელს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით მოგვარდება. მოგვიანებით 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაჯერეს სამიტის დეკლარაციის ტექსტი, რომელსაც ხელს ბისეკის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები აწერენ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის კომენტარი:

[სერგეი ლავროვის ხმა] „ვფიქრობ, რომ სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტი შეწონილი და მრავალფეროვანია. იგი დამაჯერებლად ამტკიცებს იმ არჩევანის სისწორეს, რომელიც ჩვენმა სახელმწიფოებმა 15 წლის წინ რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის განვითარების სასარგებლოდ გააკეთეს. თავის მხრივ, ეს თანამშრომლობა თავისუფალია იმ პოლიტიკური საკითხებისგან, რომელთა თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ არა აქ, არამედ სხვა ფორმატში და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.“

სერგეი ლავროვი ასევე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომლის მიხედვითაც, სტამბულში შეხვედრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას, ოსი სეპარატისტების ლიდერ ედუარდ კოკოითისთან ურთიერთობის გაწყვეტის სანაცვლოდ, შესთავაზებს რუსეთის სამხედრო ნაწილების საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენას და მხარს დაუჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. ”კომერსანტში” გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია უარყო როგორც სერგეი ლავროვმა, ასევე გელა ბეჟუაშვილმა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „გაზეთებზე დაყრდნობით ჩვენ ვერ ვაგებთ პოლიტიკას. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კოკოითის თემა არ უნდა იყოს მეზობელ ქვეყანასთან საუბრის ძირითადი თემა. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იქნება ის, თუ როგორ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ორი მეზობელი ქვეყანა აღმოჩნდა.“

სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი სურვილი, ჩამოაყალიბონ ევროკავშირთან თავიანთი სტრატეგიული ურთიერთობა. დეკლარაციაში გამოხატულია მზადყოფნა ევროკავშირთნ ერთად ამ ურთიერთობის ჩარჩოები და სფეროები დადგინდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შავ ზღვის ნავსადგურებს შორის სამგზავრო და სატვირთო საბორნე მიმოსვლის აღდგენაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამის კარგი პერსპექტივებია შავ ზღვაზე.
და ბოლოს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამზე მინდა შევჩერდე, აბდულა გიულმა განაცხადა, რომ ერთი პროექტი, რომელიც შავი ზღვისპირა ქვეყნების სატრანსპორტო თანამშრომლობას შეეხება, არის კონკრეტული პროექტი- შავი ზღვის გარშემო ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომლის პროექტის მმართველი ჯგუფი ივლისში შეიკრიბება პირველად.


მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებენ 26 ივნისისათვის დანიშნულ ენერგეტიკულ კონფერენციაში, რომლის სახელწოდებაა "აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრა: ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი საზღვრები". კონფერენციაზე დაგეგმილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 26 ივნისს დაბრუნდება.



XS
SM
MD
LG