Accessibility links

ნატო და რუსეთი უთანხმოებების მოგვარებას გულახდილი დიალოგით აპირებენ


დღეს მოსკოვში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. მიღებული ცნობებითა და სხდომის მონაწილეთა განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ,

მხარეებს არ უცდიათ მათ შორის არსებული უთანხმოებების მიჩქმალვა და იმაზე მაინც მოილაპარაკეს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია გულახდილი, საქმიანი საუბარი.

ნატოსა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებათაგან სამს დავასახელებ: ალიანსის შემდგომი გაფართოება, კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი და ცენტრალურ ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსება. ამ უკანასკნელიდან გამომდინარეა მოსკოვის საკმაოდ არაორაზროვანი მუქარა, გავიდეს ხელშეკრულებიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ.

ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უთანხმოებების მოსაგვარებლად მხარეებს დიდი ძალისხმევა მოუწევთ. ამასთანავე, მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ნატოსა და მისი წევრების მზადყოფნის გამო, გულახდილად იმსჯელონ სადავო საკითხებზე.

[სერგეი ლავროვის ხმა]: "გრძელდება დისკუსია პრაქტიკული ამოცანების მოგვარების მიზნით; ვმსჯელობთ თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე როგორც პრაქტიკული, ისე კონცეპტუალური თვალსაზრისით - განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთისა და ნატოს ქვეყნების პოზიციები ჯერ კიდევ არასაკმარისად ახლოს არის ერთმანეთთან. ეს არის ანტისარაკეტო დაცვის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების, კოსოვოს პრობლემები."

ღია და გულახდილი დისკუსიის აუცილებლობაზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმაც:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა]: "უნდა განვაგრძოთ დისკუსია ისეთ საკითხებზე, სადაც ჩვენს პოზიციებში განსხვავებები არსებობს, იქნება ეს კოსოვო, ანტისარაკეტო დაცვა თუ ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ. სწორედ ამისკენ არის მოწოდებული ნატო-რუსეთის საბჭო - მისი ამოცანა მარტო ის კი არ არის, განვაცხადოთ, რამდენად ვეთანხმებით ერთმანეთს, არამედ ისიც, რომ წარვმართოთ სერიოზული, ღია და გულახდილი დისკუსია იმ საკითხებზე, რომლებშიც უთანხმოება გვაქვს."

სხეფერის თქმით, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობის განსამტკიცებლად მეტი ძალისხმევაა საჭირო. "წარსულისკენ ყურების დრო აღარ არის, ახლა ჩვენი საზრუნავი მომავალიაო", აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მოგვიანებით იაპ დე ჰოოპ სხეფერი რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. როგორც ვლადიმირ პუტინმა თანამოსაუბრეს უთხრა, ნატოსა და რუსეთს შორის კონფრონტაციის ხანა წარსულს ჩაბარდა და დაიწყო თანამშრომლობის ეპოქა. თუმცა, პრობლემები ჯერ კიდევ არსებობსო, დასძინა რუსეთის ლიდერმა.

[ვლადიმირ პუტინის ხმა]: "კონფრონტაციის პერიოდიდან თანამშრომლობაზე გადავედით. ბუნებრივია, ეს დიდი და მრავალასპექტიანი სამუშაოა და შეუძლებელია მისი უპრობლემოდ წარმართვა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის მუდმივი დიალოგი ხელს შეუწყობს ყველა პრობლემის მოგვარებას საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესთა სასიკეთოდ, მთელს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების სასიკეთოდ."
XS
SM
MD
LG