Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაწყდა საქართველოში ”თავისუფალი ინდუსტრიული ზონების” შექმნა?


სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის კანონს ”თავისუფალი ინდუსტრიული ზონების” შესახებ.

საქართველოს მთავრობის ამ ახალ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე არა ჰყავს. არადა, რამდენიმე წლის წინ აჭარაში ასლან აბაშიძის მიერ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა იმდროინდელი მმართველი ძალისა და ოპოზიციის ერთობლივ წინააღმდეგობას წააწყდა. ამჯერად რატომ შეიცვალა საქართველოს მთავრობის პოზიცია და რა არგუმენტები გააჩნიათ ”თავისუფალი ინდუსტრიული ზონების” შექმნის მოწინააღმდეგეებს?

საქართველოს მთავრობის აზრით, რომელიც კანონპროექტშია ასახული, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. ასეთი სტატუსის მქონე ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, არ არის ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება. იქ არ გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია. არ იმოქმედებს დამატებული ღირებულების გადასახადის საყოველთაობა და დაწესდება სხვა საგადასახადო შეღავათები.

[კახა დამენიას ხმა]

ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის კახა დამენიას აზრით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სარგებელს მოუტანს როგორც თავად ამ სპეციალური სტატუსის მქონე ზონას, ასევე იქ დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოსთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მნიშვნელობის შესახებ კომენტარი ვთხოვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ეკონომისტ შოთა გვენეტაძეს.

[შოთა გვენეტაძის ხმა]

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი კი, ცნობილი ეკონომისტი ლადო პაპავა, განსხვავებული აზრისაა. ის საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ლადო პაპავამ განაცხადა, რომ მას ურჩევნია ეკონომიკის ლიბერალიზება მთელ საქართველოში ერთნაირად განხორციელდეს და არც ერთი რეგიონი არ იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში:

[ლადო პაპავას ხმა]

საპარლამენტო უმრავლესობის ამ წევრის აზრს ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი იზიარებს. დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს, მოვუსმინოთ:

[დავით ზურაბიშვილის ხმა]

ოპონენტების ასეთ კრიტიკას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კანონპროექტის ინიციატორმა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ჩვეული პირდაპირობით უპასუხა:

[კახა ბენდუქიძის ხმა]

როგორც ბენდუქიძემ აღნიშნა, თიზ-ის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პროექტის მიხედვით, თიზ-ის დაარსება შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ფიზიკური ან იურიდიული პირის ინიციატივით.

მასში ნებადართული იქნება ნებისმიერი საქონლის წარმოება და გადამუშავება, გარდა საბრძოლო მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალებებისა.

იმ შემთხვევაში, თუ ”თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” კანონს პარლამენტი ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე მიიღებს, იგი უკვე წელს, სექტემბრიდან, ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG