Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკანონმდებლო ბაზას ამზადებს


საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება კანონპროექტი „საბჭოთა კავშირის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”.

პროექტის მიხედვით, რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნის უფლება აქვს იძულებით გადასახლებულ პირს, მის მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს და ასევე ამ პირთა ოჯახის წევრებს. კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელმა პირებმა უნდა წარმოადგინონ 7 დასახელების დოკუმენტი, თუმცა დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის დაწყებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია. კონსერვატორული პარტიის წევრებმა დეპორტირებული მესხების საქართველოში ჩამოსახლების წინააღმდეგ 27 ივნისს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

კანონპროექტის მიხედვით, პირისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ბრძანებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გამოსცემს. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, პავლე კუბლაშვილის, თქმით, შეზღუდულია ვადა, როცა რეპატრიაციის მსურველს განაცხადის წარდგენის საშუალება მიეცემა:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ასეთი დოკუმენტების და განაცხადის წარდგენის უფლება სტატუსის მაძიებელ პირს ექნება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2009 წლის პირველ იანვრამდე. წარდგენა უნდა მოხდეს საქართველოს საკონსულოებში, ასევე შეიძლება მიმართონ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.”

პავლე კუბლაშვილის თქმით, რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად აუცილებელია 7 დასახელების დოკუმენტის, მათ შორის, გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ქართული ენისა და საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის ხარისხის მიხედვით მიიღებს. ამგვარი ფილტრის არსებობის მიუხედავად, კონსერვატიული პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ კანონის მიღებით, ანუ რეპატრიაციისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნით, საფრთხე ემუქრება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ირაკლი პაპავამ, ახალგაზრდა კონსერვატორების ლიდერმა, 27 ივნისს, ორ ათეულ თანამოაზრესთან ერთად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

[ირაკლი პაპავას ხმა] „კანონის მიღება გამოიწვევს ქაოსს. არ იქნება წინასწარ განსაზღვრული იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც აპირებს ჩამოსვლას და რომელიც ლოიალურად არის განწყობილი ქართული სახელმწიფოსადმი. ჩვენ, ახალგაზრდა კონსერვატორები, ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა ნათელი გახდეს ყველასთვის, თუ რა აზრის არის საზოგადოება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საზოგადოება წინააღმდეგია ამ პრობლემის ასეთი ფორმით გადაწყვეტისა.“

პრობლემის ასეთი ფორმით გადაწყვეტის წინააღმდეგი არ არიან ”ახალი მემარჯვენეები”, თუმცა მანანა ნაჭყებია, ფრაქცია „მემარჯვენეების“ წევრი, ამბობს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] „ამ ადამიანების ჩამოსახლება საქართველოში სამომავლოდ აუცილებელია, მაგრამ მივიჩნევთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ცხოვრების დონის ამაღლებაში, ეს სრულად არ შეესაბამება რეალობას და, ისევე როგორც გუშინ, ანუ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, საქართველო მზად არ არის ამ ტიპის ვალდებულების თავის თავზე ასაღებად. მე მივიჩნევ, რომ უმრავლესობამ, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სთხოვოს ევროსაბჭოს ამ ეტაპზე საქართველოს დროებით, რამდენიმე წლით, გადაუვადოს ამ გადაწყვეტილების შესრულება.“(სტილი დაცულია)

თუმცა ”ახალი მემარჯვენეების” ამ ინიციატივას არ იწონებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების გარდა, რეპატრიაციის დაწყებით აღდგება ისტორიული სამართლიანობა. რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეს, ამასთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილი ამბობს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ეს საფრთხეები, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები ლაპარაკობენ, არ არის რეალური იმდენად, რამდენადაც კანონი, რომელსაც მიიღებს პარლამენტი და მთავრობის მიერ ამ პროცესის სრული კონტროლი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული. ისეთი მექანიზმები და ფილტრებია ჩადებული, რომ რეპატრიაციის უფლებით არ ისარგებლონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და რეპატრიანტის ან მოქალაქის სტატუსის მიღებით საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ სამუშაოს განახორციელებენ.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG