Accessibility links

ხელს უშლის თუ არა გაზრდილი ბაჟი სასამართლოს ხელმისაწვდომობას


საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს წარმოადგენს.

ეს ციფრი თანდათან იზრდება, თუ მოქალაქე ზედა ინსტანციების სასამართლოებს მიაკითხავს. საბინაო დავის დროსაც კი, სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 10 ათას ლარს აღემატება. ექსპერტების აზრით, ასეთი მაღალი ბაჟის გადახდა მომჩივან მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის მატერიალურ შესაძლებლობებს აღემატება. ხელს უშლის თუ არა გაზრდილი სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს ხელმისაწვდომობას?

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე კენჭი უყარეს ოპოზიციური ”მრეწველთა” ფრაქციის ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივას სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე. ზურაბ ტყემალაძის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტის როგორც ოპოზიციურმა ნაწილმა, ასევე მმართველმა უმრავლესობამ. კანონპროექტის თანახმად, სასამართლო ბაჟის ზედა ზღვარი ფიზიკური პირებისათვის 3 ათას ლარამდე იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 8 ათასს შეადგენს. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, სასამართლო ბაჟის ზედა ზღვარი 50 ათასი ლარია.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] ”მე ვსვამ კითხვას: რა 50 ათასი ლარის მომსახურებას ეწევა მოსამართლე და მისი სტენოგრაფისტი, რომ 50 ათას ლარს მოითხოვს ბაჟის სახით?”

ეს კითხვა იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა დასვა 27 ივნისს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ქუცნაშვილის გაანგარიშებით, 100 ათას ლარად შეფასებულ საცხოვრებელ ფართზე დავის წარმოქმნის შემთხვევაში მომჩივან მხარეს სამივე ინსტანციის სასამართლოს ბაჟის გადასახდელად 12 ათასი ლარის დახარჯვა მოუწევს.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] ”ეს არის ზომაზე მეტად შეუსაბამოდ მაღალი სახელმწიფო ბაჟი ჩვენი მოქალქეებისათვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ მოქალაქეები თავისი უფლებების დაცვისათვის იძულებულნი იქნებიან მიმართონ სხვა სამყაროს სხვა წესებს, რაც არ იქნება კარგი ქართული სახელმწიფოსთვის.”

ამის გარდა, იურისტები სხვა საფრთხესაც ხედავენ იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომლებიც ადვოკატთა გასამრჯელოს ოდენობას აწესრიგებს. კერძოდ კი, ვექილის ჰონორარი სასამართლო დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. მაშინ, როდესაც საქმე ეხება 10 ათას ლარზე ნაკლები მოცულობის დავას, ადვოკატი გასამრჯელოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგება. ადვოკატთა ასოციაციის წევრის დავით ებრალიძის განცხადებით, ზოგიერთი მოსამართლე მომჩივანი მხარისგან მოითხოვს წინასწარ გადაიხადოს ადვოკატის ჰონორარი:

[დავით ებრალიძის ხმა] ”ადვოკატთა საქმიანობა რეალური პრობლემების წინაშე დგას. დაბალი ღირებულების დავების დროს ადვოკატთა საქმიანობას აზრი ეკარგება...”

ამ საკანონმდებლო პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს თანამშრომლობა შესთავაზა. საკანონმდებლო ორგანოში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დამუშავების პროცესშია და იგი მალე გახდება საპარლამენტო განხილვის საგანი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბაჟის შემცირების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიიღო.
XS
SM
MD
LG