Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს ”თანასწორობის ინსტიტუტის” უშიშროების იზოლატორში მყოფი წევრების


გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს ”თანასწორობის ინსტიტუტის” უშიშროების იზოლატორში მყოფი წევრების

- დავით დალაქიშვილის, ჯაბა ჯიშკარიანისა და ლევან გოგიჩაიშვილის -ღია წერილს პარლამენტის თავმჯდომარისადმი: ”დღემდე დაუსჯელები არიან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთები, კვლავაც ციხეში იმყოფება პოლიტიკური ნიშნით დევნილი სინდისის პატიმარი ირაკლი ბათიაშვილი, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის უცნობი უამრავი რიგითი პატიმარი უსამართლოდაა მსჯავრდებული მოსამართლეთა პროკურატურისადმი მონური მორჩილებისა და უსინდისო გადაწყვეტილებების გამო”, - წერენ მიმართვის ავტორები და დასძენენ, რომ მზად არიან თანადგომა გამოუცხადონ პარლამენტის თავმჯდომარეს ”ხელისუფლებაში მყოფი სხვადასხვა ჯურის კრიმინალების წინააღმდეგ საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში, თუ თქვენ ეს გსურთ და თუ ამის არ გეშინიათ.” - ასე სრულდება ”თანასწორობის ინსტიტუტის” დაკავებულ წევრთა მიმართვა ნინო ბურჯანაძისადმი, რომელსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს.

დღევანდელი პრესა კიდევ ერთხელ ეხმაურება გასულ საუკუნეში საქართველოდან იძულებით გადასახლებულთა რეპატრიაციის საკითხს. ”24 საათი” მცირე გამოკითხვას სთავაზობს მკითხველს. ექსპერტი დავით დარჩიაშვილი ამბობს: ”რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უნდა გაირკვეს, ამ ადამიანებში ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, ამგვარ მსჯელობას არანაირი საერთო არა აქვს ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან. უბრალოდ, მიკვირს იმ ხალხის, ვინც ხელისუფლებას ზოგ შემთხვევაში კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას უკიჟინებენ, ახლა კი ასეთი განცხადებებით გამოდის. ეს ცნებათა და ღირებულებათა აღრევას ნიშნავს.” ”24 საათის” კორესპონდენტს არსებულ კანონპროექტზე მოსაზრებას უზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა კაციტაძე: ”აღნიშნული კანონი ზედმეტად დაჩქარებულად და ბუნდოვანი ფონით შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცედურა და ხელისუფლების მიდგომა ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი არაადეკვატურია. თავად კანონპროექტის შინაარსიც ბევრ შეკითხვას ბადებს.”

”ახალი თაობა” ”კონსერვატორების” მიერ პარლამენტში მოწყობილი დისკუსიის შინაარსს აცნობს მკითხველს. ნაწყვეტი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გამოსვლიდან: ”სამშობლოში დაბრუნებას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ ჯავახეთში მათი კომპაქტურად ჩასახლება, ავტონომიიის შექმნა კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ჯერ ჩვენი დევნილების პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. უნდა გაირკვეს, რა გეგმები და მოთხოვნები აქვთ”. ”პრინციპში, ამ პროცესის მომხრე ვარ, - აცხადებს იმავე დისკუსიის მონაწილე მამუკა არეშიძე. - ამისათვის შესაქმნელია კანონები. ამ პროცესს ფორმა უნდა მივცეთ. კვოტები დავადგინოთ და ადაპტაციის საკითხები მოვაგვაროთ.”

”ახალი ვერსია” ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 300 მილიონი დოლარის ხარჯვით დაინტერესდა. ავტორი ცდილობს გაარკვიოს იმ პროექტის დეტალები, რომელიც ”სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას” გულისხმობს. ”ახალი ვერსიის” ინფორმაციით, თავდაპირველი სარეაბილიტაციო მარშრუტიდან ერთ-ერთი სექცია - ”ხერთვისი-ვარძია” - ამოვარდა. ავტორის ვარაუდით, ამან შეიძლება რეგიონის მოსახლეობის საპროტესტო აქციები გამოიწვიოს. ”ერთი სიტყვით, - ასკვნის ავტორი - ჯორჯ ბუშის მიერ ნაჩუქარი 300 მილიონი დოლარი, ანუ ნოღაიდელ-არველაძის ინტრიგა, მიხეილ სააკაშვილს შეიძლება შენელებული მოქმედების ნაღმად ექცეს. ნაღმის აფეთქების შემთხვევაში პრეზიდენტი პასუხს, ცხადია, ზურაბ ნოღაიდელს მოსთხოვს, რადგან ის ”მილენიუმის ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG