Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ უეფამ საფეხბურთო მატჩები გააუქმა


ევროპის საფეხბურთო ფედერაციის - უეფას (UEFA) - გადაწყვეტილებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაუქმდა.

ეს იმიტომ, რომ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ორი ქვეყანა ვერა და ვერ შეთანხმდა, თუ სად უნდა ჩატარებულიყო სექტემბერში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები. ამ საკითხზე ახლა ჩვენ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

იმის გამო, რომ მხარეებმა "ორივესთვის მისაღები, კომპრომისული გზა ვერ გამონახეს", უქმდება ორი მატჩი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის – იტყობინება უეფას მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც 23 ივნისით თარიღდება. შედეგად, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ხვედრი მხოლოდ და მხოლოდ "0" ქულა აღმოჩნდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყნებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, საკმაოდ ხანდაზმულია და გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაწყებულ მთიანი ყარაბახის კონფლიქტს უკავშირდება. ბაქო მოითხოვდა, რომ მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართულიყო, რადგანაც ის სომხეთის გუნდის წევრების უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლეოდა. ერევანი საკითხის გამარტივებას ცდილობდა და წინააღმდეგი არ იყო, მატჩები სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულიყო.

ასეა თუ ისე, მოლაპარაკებების გაჭიანურების მიუხედავად, უეფას გადაწყვეტილება მხარეებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. მაგალითად, ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის – შაჰინ დინიევისთვის:

(დინიევის ხმა) " ეს ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. ინფორმაციას ვაგროვებდით და აქტიური თამაშისთვის ბოლო წუთამდე ვემზადებოდით. შემიძლია ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ არც ერთი გუნდი არ გამოდის არც გამარჯვებული და არც დამარცხებული."

ასე არ ფიქრობს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი რუბენ ჰაირაპეტიანი. ის ამბობს, რომ უეფას გადაწყვეტილებამ სომხეთს საკმაოდ ბევრი რამ დააკარგვინა:

(ჰაირაპეტიანის ხმა) "ეს სომხეთისთვის ცუდი იყო, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები უფრო ძლიერია. ჩვენ დავკარგეთ შანსი მიგვეღო მეტი ქულა ამ ასპარეზობაში."

სომხეთი რომ მართლაც უფრო ძლიერი გუნდია, ამას ცხადყოფს "ა" ჯგუფის 8 ქვეყნის ნაკრები გუნდების შედეგების ცხრილიც, სადაც სომხეთი მეხუთე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი კი ამჟამად ბოლო ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ ნუსხაში პირველია პოლონეთი, რომელსაც მოსდევს სერბია, პორტუგალია და ფინეთი.

უეფას გადაწყვეტილების მიუხედავად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებ გუნდებს მცირედი თეორიული შანსი მაინც რჩებათ იმისთვის, რომ გაიარონ შესარჩევი ეტაპი და მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2008 წელს ავსტრიასა და შვეიცარიაში უნდა ჩატარდეს.

ახლა, მოდით, ფეხბურთის გულშემატკივრებს მოვუსმინოთ და გავარკვიოთ, როგორ აღიქვეს უეფას გადაწყვეტილება ბაქოელმა და ერევნელმა ქომაგებმა. ვიწყებთ ერევნით, სადაც რეაქციები საკმაოდ ჭრელი იყო:

(სომხეთის ნაკრების ქომაგი) "ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თორემ გუნდებს შეეძლოთ ნეიტრალურ ქვეყანაშიც ეთამაშათ... არც ის არის საეჭვო, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ საქმე გაეადვილებინათ და თავის ტკივილი აეშორებინათ..."

(სომხეთის ნაკრების ქომაგი) "უეფას გადაწყვეტილება სამართლიანი იყო... მან ამით ორივე გუნდი დასაჯა. დიახ, ეს მშვენიერი გადაწყვეტილება იყო. უეფამ ორივე გუნდს უთხრა – თავი დამანებეთო..."

ახლა ერევნიდან ბაქოში გადავინაცვლოთ და აზერბაიჯანის ნაკრების გულშემატკივრებს მოვუსმინოთ. რეაქციები აქაც საკმაოდ მრავალფეროვანია:

(ბაქოელი გულშემატკივარი) "რომ შეხვედროდნენ და ეთამაშათ, უკეთესი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენი გუნდის შესაძლებლობებსაც გამოვცდიდით. მათი შეხვედრიდან ბევრ რამეს მოველოდი... საწყენია, რომ ისინი არ ითამაშებენ..."

(ბაქოელი გულშემატკივარი) "ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგანაც, მათი თამაშის დროს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო..."

გულშემატკივრებს ისიც კარგად ახსოვთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდების საფეხბურთო მატჩებს დაძაბულობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქაშიც ხშირად ახლდა. ხშირი იყო დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის. ყარაბახის კონფლიქტმა კი ვითარება, ცხადია, კიდევ უფრო დაძაბა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG