Accessibility links

მთავრობის 130 მოხელე ტრეფიკინგის თემაზე ტრენინგს გაივლის


28 ივნისს საქართველოში ოფიციალურად დაიწყო განხორციელება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტისა,

რომელიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს საშუალებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის სფეროში მიმდინარე მიზნობრივ ტრენინგებში საქართველოს სამართალდამცავი, სასამართლო და საკონსულო სტრუქტურების 130 მოხელე ჩაერთვება.

საქართველოში დღეისათვის ტრეფიკინგის ზუსტი და სრულყოფილი სტატისტიკა არ არსებობს. 2003 წლის ივნისიდან მოყოლებული, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დაახლოებით 125 შემთხვევაა ცნობილი. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო წარმოადგენს ქალებისა და მამაკაცების სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის როგორც წყაროს, ასევე სატრანზიტო ქვეყანას. ტრეფიკინგის ძირითადი დანიშნულების ქვეყნებია თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. საქართველოდან ტრეფიკინგის ზუსტი მასშტაბის დადგენა რთულია. თუმც,ა ამერიკის შეერთებული შტატების 2007 წლის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანამ მდგომარეობა გაიუმჯობესა და, თავისი მონაცემებით, პირველ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დანაშაულთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

[მერი შიჰანის ხმა] “ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ, მიღწეულის მიუხედავად, ბევრია გასაკეთებელი. ამჟამად მიმდინარეობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავება, რათა თავიდან ავიცილოთ ხელმეორე ტრეფიკინგი და მსხვერპლთა იზოლაცია. ბევრია გასაკეთებელი ასევე გამოძიების დახვეწისა და მტკიცებულებების შეგროვების საქმეში, რათა ტრეფიკერების სამართლებრივი დევნა უფრო ეფექტურად განხორციელდეს.“

ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის უფროსი საქართველოში მერი შიჰანი, რომელიც უშუალოდ უხელმძღვანელებს ანტიტრეფიკინგის სფეროში მომუშავე ქართველი ჩინოვნიკების გადამზადების პროექტს.

[მარი მესხის ხმა]“ ეს საქმიანობა, ანუ სხვადასხვა ჯგუფების ტრენინგები, კარგა ხანია დაწყებულია და, პრინციპში, ეს, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, კარგი გაგრძელებაა დაწყებული საქმიანობის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ კანონმდებლობა არის ძალზე დინამიური და ვითარდება შესაბამისად, უახლოესი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და გამოცდილება ძაან მნიშვნელოვანია.“ (სტილი დაცულია)

გვითხრა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მარი მესხმა. სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანებით ვაჭრობისა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ისეთი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს, როგორიცაა: სასწავლო სახელმძღვანელოს შედგენა; საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი, მსხვერპლთა დაცვისა და მიგრანტთა დახმარების ორგანოების წარმომადგენელთათვის ორი შეხვედრის ორგანიზება, დანაშაულის საწინააღმდეგო ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომი განვითარების მიზნით; აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ორი მისიის წარგზავნა, ადამიანებით ვაჭრობისა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანის მასშტაბების დადგენისა და დანაშაულის აღმოფხვრის შესაძლებლობების განხილვის მიზნით და სხვა.

[დონალდ მაკლარენის ხმა] “პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველო თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ყველას, მთელს მსოფლიოს ეხება. საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეს სერიოზულად უდგება და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებებსაც მიაღწევს.“

ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი დონალდ მაკლარენი, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს მიმდინარე კვირაში დაასრულებს.
XS
SM
MD
LG