Accessibility links

სომხეთში აკრძალვა ემუქრება რადიო “თავისუფლების” გადაცემებს


სომხეთის პარლამენტში განიხილეს მთავრობის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელმაც შესაძლოა ბოლო მოუღოს სომხეთში ჩვენი რადიოს სომხურ ენაზე მაუწყებლობას.

საქმე ის არის, რომ პროექტით გათვალისწინებულია უცხოური პროგრამების რეტრანსლაციის აკრძალვა, ან კიდევ რეტრანსლაციისთვის მსხვილი ჯარიმის დაწესება.

ორი საკანონმდებლო ცვლილების პროექტს, რომლებიც გუშინ საღამოს წარუდგინეს პარლამენტს, მაშინვე მოჰყვა ოპოზიციის ლიდერებისა და მასმედიის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკა. მათი რწმენით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, ჩააჩუმოს ერთადერთი სამაუწყებლო და ელექტრონული საშუალება, რომელსაც პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ადმინისტრაცია ვერ აკონტროლებს - ლაპარაკია ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურზე.

ეს შეფასება დღეს ეუთომაც გაიზირა. მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოშ ჰარასტიმ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც აღნიშნავს: “რადგანაც რადიო “თავისუფალი ევროპა” - რადიო “თავისუფლება” ამჟამად ერთადერთი უცხოური მედიასაშუალებაა, რომელიც სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს სიხშირეებით სარგებლობს, ცვლილებათა მიღება სომხეთზე ამ რადიოს მაუწყებლობის აკრძალვის ტოფლასი იქნებოდა”.

ამავე მიმართვაში ეუთოს წარმომადგენელი რადიო “თავისუფლებას” სომხეთისთვის ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ მოიხსენიებს და პარლამენტს მოუწოდებს, არ დაამტკიცოს შეთავაზებული პროექტი.

აქ უნდა ითქვას, რომ გუშინ ერევანში საპარლამენტო უმრვლესობის წარმომადგენლებმა - ანუ მთავრობის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა, მართალია, შეაქეს რადიო “თავისუფლების” საქმიანობა სომხეთში, მაგრამ არ უთქვამთ, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა, რომ პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ მთავრობის ინიციატივას.

ოპოზიციური საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია კი არაორაზროვანი იყო: პარტია “ჟარანგუტიუნის” ლიდერმა რაფი ჰოვანესიანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ახალ ზომას სომხეთში რადიო “თავისუფლების” მაუწყებლობის აკრძალვა მოჰყვება.

ოპოზიციონერ დეპუტატ არმენ მარტიროსიანის კრიტიკული გამოსვლა მთავრობის მისამართით რამდენიმე რიტორიკულ შეკითხვასაც მოიცავდა.
[მარტიროსიანის ხმა] “მერე დავხურავთ დამოუკიდებელ ტელეკომპანია “A1+”-ს იმის გამო, როგორ გააშუქა 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2007 წელს დავხურავთ რადიო “თავისუფლებას” - 2008 წლის არჩევნების გამო. 2013 წლის არჩევნებისთვის რაღას ვიზამთ? ვიღას დავხურავთ? ხალხი ხომ არ დაგვეხურა?”

ახლა უფრო კონკრეტულად ორი საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე. ერთი მათგანი ითვალისწინებს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოსთვის უცხოურ მაუწყებელთა გადაცემების რეტრანსლაციის აკრძალვას. არადა, ჩვენი რადიოს სომხური სამსახური უწინარეს ყოვლისა სწორედ საზოგადოებრივი რადიოს სიხშირეებით სარგებლობს სომხეთში სამაუწყებლოდ.

მეორე ცვლილების პროექტით, კერძო რადიოსადგურებს, უცხოურ მაუწყებელთა გადაცემების ეთერში გაშვების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის გვარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატის, ვიქტორ დალაქიანის შეფასება: [დალაქიანის ხმა] “არავისთვისაა საიდუმლო, რომ თავისუფლება ერთერთი უნივერსალური ღირებულებაა. დღეს სახეზეა მცდელობა, ხელთათმანი გადაუგდონ თავისუფლებას, თავისუფალ სიტყვასა და რადიო “თავისუფლებას”.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს რადიოს პირველად არ შექმნია პრობლემა პოსტსაბჭოთა სომხეთში. სომხური სამსახურის გადაცემები 1994 წელს აკრძალა მაშინდელმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, რის შემდეგაც სომხური სამსახური მოკლე ტალღებზე მაუწყებლობას შეუდგა. მაგრამ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა, 1998 წელს არჩევნებში გამარჯვებიდან სულ მოკლე ხანში ისევ აღადგინა რადიო თავისუფლების გადაცემების რეტრანსლაცია საზოგადოებრივი რადიოს ტალღებზე.

როგორც ჩანს, ამ კეთილგანწყობას ბოლო მოეღო: ბოლოხანს ქოჩარიანს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახურის მიერ სომხეთში არჩევნებისა და სხვა პოლიტიკური პროცესების გაშუქებით.

დღეს სომხეთის პარლამენტში ისე დასრულდა ახალი ინიციატივის განხილვა, რომ კენჭისყრა არ გამართულა. განხილვა, როგორც ვარაუდობენ, ხვალ განახლდება.
XS
SM
MD
LG