Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში იცხოვრებს


გაისიდან მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი

ქალაქებში იცხოვრებს. ეს გამოთვალა გაეროს მოსახლეობის ფონდმა, რომელმაც ამ დღეებში გამოაქვეყნა თავისი ანგარიში. მისი ავტორები მოელიან, რომ მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება, დაჩქარდება კიდეც, და 25 წელიწადში ურბანულ რეგიონებში მცხოვრებთა რიცხვი 5 მილიარდს მიაღწევს. ამგვარ, ასე ვთქვათ, გადაადგილებას მოსახლეობისა ქალაქებში მოელიან უმეტესწილად აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, განვითარებად სახელმწიფოებში, ალბათ საქართველოშიც, სადაც სოფელი კარგა ხანია, იცლება.

ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა წინასწარ ზრუნვა იმათზე, ვისაც ქალაქებში მოუწევს ცხოვრება - ასეთ განვითარებას მომზადებულები უნდა დავხვდეთო, ამბობენ ისინი.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი ამ პერსპექტივას, რომ ქალაქში მეტი ადამიანი იცხოვრებს, ასე აფასებს:

(რონდელის ხმა) “ეს უდიდესი მოვლენაა - პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, სოციალური, ყველანაირად, იმიტომ რომ თანამედროვე ცივილიზაცია ქალაქური, ურბანული ცივილიზაციაა.” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ ეს ურბანული ცივილიზაცია ქალაქში სუნთქავს, იქ არის თავმოყრილი ამ ცივილიზაციის მიღწევები.

(რონდელის ხმა) “ქალაქებში არის აკუმულირებული მთელი მიღწევები და, ფაქტობრივად, გენერირება და რეგენერირება მიღწევებისა ყველა სფეროში ხდება სწორედ ქალაქში.” (სტილი დაცულია)

გაეროს დემოგრაფიის ფონდის ზემოხსენებული ანგარიშის ავტორია ჯორჯ მარტინი, რომელიც ამბობს, ისტორიაში პირველად ხდება, რომ ქალაქებში მეტი ადამიანი იცხოვრებს, ვიდრე სოფლადო. მარტინი ევროპის ისტორიას იხსნებს, მე-18- მე-19 საუკუნეებს, როცა ინდუსტრიალიზაციას მოჰყვა ქალაქებში გლეხების წასვლა, სიღარიბის გაჩენა, რაც განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, საუკუნე-ნახევარში, აღმოიფხვრა. სიღარიბის გაჩენა კი ურბანიზაციას თან მოჰყვებოდა. ეს გაკვეთილი, მარტინის აზრით, ახლა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და ქალაქებში მოსახლეობის მომავალ მოზღვავებას მომზადებული უნდა შეხვდეს.

(მარტინის ხმა) “ჩვენ აშკარა ოპტიმიზმის გრძნობა გვაქვს ამ უზარმაზარი, გარდაუვალი ზრდის მიმართ. ჩვენი აზრით, ეს ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მაგრამ ამ შესაძლებლობების გამოყენება ახალ მიდგომას ითხოვს - არა იმგვარს, წარსულში რომ ვიყენებდით. ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ, დაველოდოთ, რა მოხდება. იმედი არის, არის ოპტიმიზმი, მაგრამ ეს აშკარად მოითხოვს ჩვენი მიდგომის შეცვლას.”

მარტინი იზიარებს თვალსაზრისს, რომ ურბანიზაციას თვალი უნდა გავუსწოროთ და მისი დადებითი მხარეები განვავითაროთ. ის ასე უყურებს დადებით მხარეებს: განათლების უკეთესი საშუალება და პირობები, მეტი სამუშაო ადგილი, ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო მომსახურების უკეთესი შესაძლებლობა და გენდერული თანასწორობისთვის უკეთესი პირობები. ეს უპირატესობა უნდა განვითარდეს.
ამ ტიპის ოპტიმიზმის მქონე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქების მმართველობამ უნდა დაგეგმოს
წყლის მომარაგება, ელექტრომომარაგება, გზების ქსელი, ნაგვის და ნარჩენების გადამუშავება. მანვე უნდა უზრუნველყოს, მათი აზრით, მიწაზე საკუთრება იმათთვის, ვინც ღატაკთა რიცხვში მოხვდება, ამათთვისვე და, საერთოდ, ნაკლები შემოსავლის მქონეთათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იაფი სატრანსპორტო საშუალება და სხვა აუცილებელი სამსახურები. მარტინს სჯერა, რომ ღარიბ მოქალაქეებსაც ექნებათ საცხოვრებელი - შეიძლება თავიდან მკვიდრად ნაშენი სახლები არ იყოს, მაგრამ, მომავალ კეთილდღეობასთან ერთად, ეს შეიცვლება.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელს ალექსანდრე რონდელს ვკითხეთ, რა შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი ამ სამყაროს ურბანიზაციას.

(რონდელის ხმა) “უარყოფითი შეიძლება იყოს მათთვის, ვინც მისტირის გლეხური ცხოვრების წესების გაქრობას, გარკვეულწილად, თვითმყობადობას ზოგიერთი ერისა, იმიტომ რომ სოფელი უფრო ინარჩუნებს ამას, როგორც იტყვიან, უფრო კონსერვატიულია ამ მხრივ, მაგრამ დიდი პლუსები აქვს და ეს პლუსები გადასწონის.” (სტილი დაცულია)

გაეროს დემოგრაფიის ფონდის მედიასთან ურთიერთობის საქმეებში მრჩეველმა აბუბაკარ დურგუსმა ჩვენს რადიოს უთხრა, აზროვნება უნდა შევიცვალოთ, ამ ცვლილებებს როცა ველოდებითო.

(დურგუსის ხმა) “მას მერე, რაც მივიღეთ დასკვნა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში იცხოვრებს და მომავალ 30 წელიწადში ზოგიერთ არეალში ადამიანების რიცხვი ორჯერ გაიზრდება, მოგვეთხოვება შევცვალოთ ჩვენი აზროვნება - ურბანიზაციას შევხედოთ როგორც სიკეთის მომტან ძალას და შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა იმ ხალხისთვის, რომელსაც ველით.”

ალბათ, აზროვნების შეცვლას მოითხოვს ურბანიზაციის თანმდევი ეკოლოგიური პრობლემები.

(რონდელის ხმა) “რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მომენტები არის, ეკოლოგია უფრო ზიანდება, ქალაქი უფრო ტექნოგენური არეა და ქალაქში, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური პრობლემები უფრო რთულია ბევრად. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ დადებითი მომენტები ბევრად უფრო მეტია.” (სტილი დაცულია)

გაეროს დემოგრაფიის ფონდის ანგარიშის ავტორი ჯორჯ მარტინიც ამბობს, რომ ქალაქი ანაგვიანებს ჰაერისა და წყლის რესურსებს, ქალაქი შთანთქავს ნაყოფიერ მიწებს.

(მარტინის ხმა) “ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ქალაქის მოსახლეობა დედამიწის ზოგიერთ არეალში კვლავ სოფლებში რომ დააბრუნონ - მათ იქ მცირე ნაშთიღა დახვდებათ ბუნებრივი მრავალფეროვნებისა.”

ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკან დასახევი გზა აღარ იქნება?
ვერ გეტყვით.

ჯორჯ მარტინი თავის ანგირიშს უწოდებს მთავრობებისა და ქალაქების ხელისუფალთა მიმართ “მოქმედებისკენ მოწოდებას”, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ ზრუნვა იმისათვის, რაც გარდაუვალია და არ იფიქრონ, რომ პრობლემის უგულებელყოფა მის მოგვარებას ნიშნავს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG