Accessibility links

logo-print

"დიალოგის გამართვა-არგამართვა არ უნდა იქცეს მოლაპარაკებების საგნად" - ინტერვიუ პეტერ სემნებისთან


8-დან 12 ივნისამდე საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები.

11 ივნისს ის სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერ სერგეი ბაღაფშს შეხვდა. იმავე საღამოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მან ევროკავშირის ელჩებს გააცნო. სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართული ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენს კორესპონდენტ ნინო გელაშვილს საშუალება მიეცა რამდენიმე შეკითხვით მიემართა პეტერ სემნებისთვის. საუბრის ძირითადი ნაწილი კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივას შეეხებოდა:

- რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ბაღაფშმა თქვენთან შეხვედრაზეც გაიმეორა, რომ არ დაიწყებს პირდაპირ დიალოგს თბილისთან მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობიდან არ გამოიყვანს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას და სანამ არ გაათავისუფლებს დავით სიგუას. მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ კიდევ რაიმე სხვა წინაპირობასაც ხომ არ აყენებს სოხუმი?

- როგორც მე ვიცი, მათი პირობები კოდორსა და სიგუას უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოებრიობა გამოთქვამს სინანულს ამა თუ იმ მიზეზით პოლიტიკური დიალოგის დაბლოკვის გამო. ვფიქრობთ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს ორივე მხარეს წაადგებოდა, რადგან კომუნიკაციის არარსებობის პირობებში ძალიან ადვილია ვითარების გაუარესება, რაც არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ასე რომ, ჩვენი რეკომენდაციაა დიალოგის გამართვა ყველა დონეზე და რომ თავად დიალოგის გამართვა-არგამართვა არ უნდა იქცეს მოლაპარაკებების საგნად.

- არის, თუ არა რაიმე დონეზე კომუნიკაცია თბილისსა და სოხუმს შორის?

- არის ურთიერთობა ზოგიერთ საკითხზე, ტექნიკურ დონეზე და ეს კარგია, მაგრამ საჭიროა ამის ყველა დონეზე გაკეთება. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ დღესდრეობით თბილისისა და სოხუმის დაძაბვას იწვევს ისეთი საკითხები, რომლებსაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან კავშირი არ აქვს. ასეთი საკითხი გახლავთ კოსოვოს მომავალი. სოხუმში შეხვედრისასაც ვისაუბრეთ ამ საკითხზე და მე გავიმეორე ის, რაც ისედაც ცნობილია ევროკავშირის პოზიციის სახით - რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომ კოსოვოს საკითხს ჩვენ არანაირად არ განვიხილავთ რაიმეს პრეცედენტად. იქ უნიკალური ვითარებაა მრავალ ცნობილ მიზეზთა გამო. გარდა ამისა, დავამატებ, რომ ყოველი კონფლიქტური ვითარება არის უნიკალური გამომდინარე მათი წარმოშობის მიზეზებიდან და ამდენად ყოველი კონფლიქტი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. რასაკვირველია, საჭიროა საერთაშორისო ნორმების გათვალისწინება. ისინი კონფლიქტების გადაჭრის საფუძველს წარმოადგენს, მაგრამ ყოველ კონფლიქტში არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელემენტი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

- მართალია, ევროკავშირი არ უკავშირებს კოსოვოს საკითხს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას, მაგრამ ამას აკეთებს რუსეთი. რაც შეეხება ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობას და მის მიმართებას საქართველოს კონფლიქტებთან. იყო, თუ არა განხილული საქართველოში არსებული კონფლიქტები ევროკავშირი-რუსეთის ბოლო სამიტზე?

- ეს არ გახლდათ სამიტის მთავარი თემა. იქ ძალიან ბევრი სხვა საკითხი იდგა წინა პლანზე. თუმცა, საქართველოში არსებული კონფლიქტების თემა რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის მუდმივი მახასიათებელი გახლავთ.

- როდესაც მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებით, იხილავთ, თუ არა საქართველოში კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხს, თუ ეს ჯერ არ არის აქტუალური?

- ამ ეტაპზე ფორმატის შეცვლა განხილვის ცენტრალურ საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფორმატის ცვლილებებზე მსჯელობამდე უნდა ამოიწუროს არსებული ფორმატების ყველა შესაძლებლობა. შეიძლება, ეს მალეც მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთი ოსეთის შემთხვევაში, სადაც არ არსებობს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური წონის მქონე ფორმატი. შერეული საკონტროლო კომისია ბევრ საქმეს აკეთებს, მაგრამ საფუძველშივე მისი ძირითადი ფუნქცია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაა. კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებისთვის საჭიროა ისეთი ფორმატის შექმნა, რომელიც პოლიტიკურ ბიძგს მიცემდა პროცესს. ეს არ ნიშნავს შერეული საკონტროლო კომისიის ავტომატურად გაუქმებას. ის იმუშავებს ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაზე პოლიტიკური მოლაპარაკების ერთეულთან ერთად. თუმცა, ვიმეორებ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ იხილება. ახლა ყურადღება მახვილდება კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა მხარეებს შორის ურთიერთობის დამყარებას და როდესაც საქმე პოლიტიკური ბიძგის საჭიროებამდე მივა, ფორმატის განსაზღვა რთული არ იქნება. მთავარია არსებობდეს დაინტერესებულ მხარეთა, მთავარ მოთამაშეთა კეთილი ნება დასხდნენ ერთად და კონფლიქტის მოგვარებას პოლიტიკური წონა შესძინონ. როდესაც ეს მოხდება, ფორმატის საკითხი თავისთავად გაირკვევა.

- როგორ აღიქვამს ევროკავშირი სანაკოევს?

- მთავარი არ არის სანაკოევის პერსონა, ან კოკოითის პერსონა, არამედ მთავარია ის - შეუძლია, თუ არა საქართველოს თავისი მიდგომით მიწვდეს ოსური საზოგადოების ყველა ნაწილს, მათ შორის - ცხინვალის მოსახლეობასაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. აქამდე რაც ხდება, დიმიტრი სანაკოევის პერსონასთან არის მიბმული. არა მგონია, ეს საქმეს შველოდეს. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც შეიძლება დააინტერესოს საქართველოს პარტნიორები, გახლავთ მრავალმხრივი დიალოგი ოსურ საზოგადოებასთან და ოსური საზოგადოების შიგნით.

- მარტში ერთ-ერთი ევროპული გამოცემა ”იუ ობზერვერი” თქვენს 15 პუნქტიან გეგმაზე წერად. არ ვიცი, გაეცანით, თუ არა ამ პუბლიკაციას, მაგრამ საინტერესოა, არსებობს თუ არა ასეთი გეგმა და რას შეეხება ის?

- იმ სტატიაში ბევრი რამ არასწორად, სრულიად არასწორად ეწერა. გვერდების რაოდენობაც კი შეცდომით იყო მოცემული.

- 60-გვერდიან ანგარიშს გულისხმობთ?

- არ იყო სამოცგვერდიანი. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არ არის სამშვიდობო გეგმა. ეს იყო ურთიერთნდობის აღდგენის ხელშემწყობ ღონისძიებათა ნუსხა, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ევროკავშირს არსებული ინსტრუმენტების ფარგლებში იმისათვის, რომ მხარეთა დაახლოების პირობები შექმნას. ჩვენ არ ვთავაზობთ მხარეებს პრობლემის გადაჭრის გეგმას. მხოლოდ დიალოგისთვის პირობების შექმნას ვუწყობთ ხელს.

- მიმდინარე წლის 1 ივნისიდან საქართველოს მიენიჭა უფლება რეგულარულად მიუერთდეს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ განცხადებებს. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

- ვფიქრობ, დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საქართველოს სახელი გამოჩნდება ევროკავშირის მიერ შემუშავებული სხვადასხვა განცხადების ტექსტის ბოლოს.

- ყველა განცხადებას შეეხება?

- არა, ვფიქრობ, თითქმის ყველა განცხადებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა განცხადება საქართველოს შეეხება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესზე იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოზიციებს მიუახლოვდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG