Accessibility links

logo-print

რას მოიტანს ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კენებანკპორტში?


ორიოდე დღეც და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირველი უცხოელი ლიდერი გახდება, ვისაც ჯორჯ ბუში თავის საოჯახო რანჩოში, მეინის შტატის პატარა ოკეანისპირა ქალაქ კენებანკპორტში უმასპინძლებს.

ზოგი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ შეხვედრის არაფორმალური ატმოსფერო და ზღვის ჰაერი ხელს შეუწყობს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ოდნავ მაინც დაათბონ მათს ქვეყნებს შორის ბოლო ხანს ერთგვარად გაგრილებული ურთიერთობა; მაგრამ ექსპერტთა მეორე ნაწილს ეჭვი ეპარება, კენებანკპორტის სამიტმა ამჟამად არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. რადიო "თავისუფლებამ" ამ თემაზე შეკითხვების მიმართა რამდენიმე ავტორიტეტიან ექსპერტს.

სკეპტიკოსები საკუთარ მოსაზრებებს ძირითადად იმ არგუმენტით უმაგრებენ ზურგს, რომ ვაშინგტონის მისამართით კრემლის მესვეურისგან თითქმის მთელი წლის მანძილზე გაისმოდა განცხადებები, რომელსაც მკვახე თუ არა, არაკეთილმოსურნე ნამდვილად ეთქმის. განსაკუთრებით ხშირად იხსენებენ ვლადიმირ პუტინის გამოსვლას თებერვალში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე მიუნხენში, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა შეერთებული შტატები "უნიპოლარული მსოფლიოს" შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

ამ ხასიათის განცხადებები ნამდვილად ვერ უწყობს ხელს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებას, რომელთაგან საკმარისია დავასახელოთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ჩეხეთსა და პოლონეთში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსება ან კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი.

როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი შეგვახსენებს, თავიდან ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობა ურიგო სულაც არ იყო.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] "ურთიერთობა ბუშსა და პუტინს შორის იყო კარგი, თავიდან. მაგრამ შემდეგ, როდესაც რუსეთმა ენერგოკუნთები აათამაშა, ამერიკელები ცოტა შეკრთნენ. ბოლო ხანს რუსეთის და ამერიკის პოზიციები ერთმანეთს დაშორდა ბევრ რამეში და ამერიკელებს არ უნდათ, რომ ეს ურთიერთობა "მიკრო" ცივი ომისკენ წავიდეს. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი ცდილობენ, პუტინი უფრო პოზიტიურ დიალოგში ჩააბან. რამდენად გამოუვათ, ძნელი სათქმელია."

მართლაც, რამდენად გამოუვათ? მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი როუზ გოტიმოლერი არ გამორიცხავს, რომ გამოუვიდეთ:

[როუზ გოტიმოლერის ხმა] "ჩემი ვარაუდია, მხოლოდ ვარაუდი - რაიმე მტკიცებულება არ მომეპოვება - რომ სამიტზე შეიძლება სიურპრიზის მოწმენი გავხდეთ. მოსკოვიდან იყო რამდენიმე ფრთხილი მინიშნება, რომ, შესაძლოა, გამოითქვას რაიმე სახის წინადადება, რათა ჩიხიდან გამოვიდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გარშემო შექმნილი მდგომარეობა. ან, კიდევ მეტი: გამორიცხული არ არის, საუბარი შეეხოს სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემდგომ შემცირებასაც."

როუზ გოტიმოლერის ამ შეფასებას არ იზიარებს ალექსეი არბატოვი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

[ალექსეი არბატოვის ხმა] "ჩემი აზრით, შეხვედრას ძირითადად პიარ-კამპანიის ხასიათი ექნება. მოხარული ვიქნები, თუ შევცდები და შეხვედრა რაიმე შედეგს მოიტანს. იმედი კი მაქვს, მაგრამ დაჯერება მიჭირს."

ალექსეი არბატოვს არც იმის სჯერა, რომ ჯორჯ ბუში შეძლებს დაარწმუნოს თავისი რუსი კოლეგა, რომ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის ელემენტთა განთავსებით ვაშინგტონი საფრთხეს არ უქმნის რუსეთს.

[ალექსეი არბატოვის ხმა] "თუ კენებანკპორტში პრეზიდენტი ბუში შეეცდება დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, რომ ევროპაში ამერიკის ანტისარაკეტო სისტემის ელემენტთა განთავსება რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს უნაყოფო ცდა იქნება. სრულიად უნაყოფო! რადგან რუსეთმა უკვე გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომელსაც რუს ექსპერტთა უდიდესი უმრავლესობა იზიარებს."

დაბოლოს ისევ ალექსანდრე რონდელს მოვუსმინოთ. რა საკითხებზე ისაუბრებენ, მისი აზრით, პრეზიდენტები ბუში და პუტინი კენებანკპორტში?

[ალექსანდრე რონდელის ხმა] "იქნება საუბარი, ალბათ, ენერგეტიკის შესახებ – რუსეთის ზოგად პოზიციაზე ამ მიმართებით; იქნება საუბარი, ალბათ, ანტისარაკეტო სისტემაზე და რადარების განლაგებაზე და, როგორც ჩანს, საერთო კონტექსტში იქნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები განხილული. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მაინცდამაინც ახლოს არ არის ერთმანეთთან ეს ორი ქვეყანა ისეთი საკითხების თვალსაზრისითაც, რომელშიც შედარებით კარგად იყვნენ ადრე."
XS
SM
MD
LG