Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახარჯა თუ არა არამიზნობრივად განათლების მინისტრმა 40 მილიონი ლარი?


საპარლამენტო ოპოზიცია დიდი ხანია მოითხოვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო საათზე.

ოპოზიციონერები მინისტრს, კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, 40 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. კონტროლის პალატამ აღნიშნული დასკვნა გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის, რაც ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ განათლების სამინისტროს სისტემაში ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს. ამ ეჭვების გასაქარწყლებლად კახა ლომაია საქართველოს პარლამენტის წინაშე 29 ივნისის საღამოს წარდგა.

განათლების მინისტრი კახა ლომაია სამთავრობო საათზე წარდგა 40 წუთიანი მოხსენებით, რომელიც დეპუტატთა მიერ დასმულ 11 შეკითხვას ეყრდნობოდა. ლომაიამ ეს შეკითხვები სხვადასხვა კატეგორიებად დაანაწევრა:

[კახა ლომაიას ხმა] ”პირველი კატეგორია, კატეგორია - იურიდიული აბსურდი... ამ შეკითხვებით თავისუფლად ისაუბრებდნენ ისეთი კლასიკური ანეკდოტების პერსონაჟები, როგორიცაა ქუდი თავზე რატომ არ გახურავს...” (სტილი დაცულია)

და სანამ მათ გასცემდა პასუხს, კონტროლის პალატის რეპუტაცია დააყენა კითხვის ქვეშ, გაიხსენა რა საბჭოთა ხანის კომუნისტური სახალხო კონტროლი და შევარდნაძის დროინდელი კორუფცია. სწორედ კონტროლის პალატის დასკვნა გახდა სამთავრობო საათზე კახა ლომაიას მიწვევის მიზეზი.

[კახა ლომაიას ხმა] ”ამ ტიპის ისტორიისა და რეპუტაციის ორგანიზაცია წერს აბსურდულ, აბდაუბდა აქტებს, ხოლო ჩვენი ოპონენტები აღმა-წაღმა დაარბენინებენ, ხოლო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ქვეყანაზე მზრუნველი სახის გამომეტყველებით გაიძახიან, ჩვენ სერიოზული კითხვები გვაქვს განათლების მინისტრთანო. მათ კარგად იციან, რომ აბსურდიდან კვადრატული ფესვის ამოღებით არიან დაკავებული.” (სტილი დაცულია)

განათლების მინისტრმა სამთავრობო საათის, როგორც თვითონ თქვა, ”თითიდან გამოწოვილი” თემებისთვის გამოყენებაც გააკრიტიკა და შემდეგ კატეგორიებად დახარისხებული კითხვების პასუხებზე გადავიდა.

[კახა ლომაიას ხმა] ”ციტატა: ”ფინანსური ანგარიშები ნებისმიერ მატერიალურ ასპექტში სამართლიანად და მიუკერძოებლად გამოხატავს...” (სტილი დაცულია)

ეს იყო ციტატა იმ ცნობილი აუდიტორული კომპანია ”ქეი-პი-ემ-ჯი”-ს დასკვნიდან, რომელმაც განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის აუდიტორული შემოწმება ჩაატარა. კახა ლომაიამ დაახლოებით ასეთივე პასუხები გასცა სხვა კატეგორიებში გადანაწილებულ კითხვებს და თავისი გამოსვლის ბოლოს მორალზეც ილაპარაკა.
მას სახელი და გვარი არ უხსენებია, თუმცა ყველა მიხვდა, რომ, ძირითადად, საუბარი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, ლევან ბერძენიშვილზე, იყო.

[კახა ლომაიას ხმა] ”...ის ადამიანი გამარჯობასაც კი არ ეტყოდა ფაშისტური შეხედულების იმ პოლიტიკოსებს, ვისთანაც ერთად ახლა ფრაქციაში კომფორტულად გრძნობს თავს...”

განათლების მინისტრმა ასეთი ტონისთვის პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო შენიშვნა, რომელიც უკანასკნელი არ ყოფილა. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებებს მოვუსმინოთ. გია ცაგარეიშვილი მრეწველთა ფრაქციიდან:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ”ის, რაც მე ამ დარბაზში მოვისმინე, ეს არის ნამუსის ახდა ამ დაწესებულებისთვის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით...”

კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ამჯერად ”დემოკრატიული ფრონტიდან”, ზვიად ძიძიგურს, მოვუსმინოთ.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”მის ირონიულ და დამცინავ ღიმილს რომ შეხედავ, ვიცი, რატომაც იღიმება ასე...”

უმრავლესობის წარმომადგენლები მოკლედ გამოეხმაურნენ განათლების მინისტრის გამოსვლას. პავლე კუბლაშვილმა თქვა, რომ მინისტრმა ყველაფერზე ამომწურავად ისაუბრა. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა კი ასე გაამართლა ლომაიას გამოსვლა:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”შევარდნაძეს ჰყავდა კორუმპირებული და ზრდილობიანი მინისტრები, სააკაშვილს ჰყავს სუფთა, მაგრამ ნაკლებად ზრდილობიანი მინისტრები.”

სამთავრობო საათზე განათლების მინისტრის კახა ლომაიას გამოსვლის შეჯამება პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სცადა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე ვარჩევდი, ბატონო კახა, რომ თქვენ სხვა ფორმა შეგერჩიათ იმ ოპონენტებთან სასაუბროდ, რომელთაც მე არ ვეთანხმები...”

ამ შენიშვნის შემდეგ განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. თავად სხდომაც ისე დამთავრდა, რომ კანონმდებლებს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
XS
SM
MD
LG