Accessibility links

logo-print

კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები – საქართველოს პრესის ყურადღების ცენტრში


29 ივნისს გამომავალი ქართული გაზეთების მთავარი თემა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენებია.

გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, გუშინ სოფელ წნურთან მდებარე რუსი სამშვიდობოების ბლოკ–საგუშაგოსთან ვითარება ისე დაიძაბა, რომ ღია შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება საკმაოდ რეალური გახდა. „ჩვენ ქართველი ძალოვნები მიზანში გვყავს ამოღებული და, მათი მხრიდან რუსი სამშვიდობოების ან ჩვენი მისამართით რაიმე აგრესიული მოქმედების შემთხვევაში, მათ გავანადგურებთ“, – ატყობინებდა, გაზეთ ”რეზონანსის” ცნობით, ცხინვალის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი მიხაილ მინძაევი ჟურნალისტებს ტელეფონით. ამავე გაზეთის ინფორმაციით, მოსკოვში წასვლის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ თავისი არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.

დღესვე გაზეთი „რეზონანსი“ გვერდს ვერ უვლის ვერც საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონს და იუწყება, რომ ერთი კვირის წინათ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრის ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა. სოხუმელი ძალოვანების ცნობით, 21 ივნისს, გამთენიისას, ახალ ათონთან, საავტომობილო ტრასაზე, დისტანციური მართვის ნაღმი აფეთქდა. აფეთქების ადგილას გასულმა აფხაზმა მილიციელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და 1 მეტრი დიამეტრისა და 40 სანტიმეტრის სიღრმის ორმო იპოვეს. ეყრდნობა რა აფხაზური ინტელიგენციის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილს, გაზეთი შენიშნავს, რომ აღნიშნულ ტრასაზე იმ დღეს ანქვაბის კორტეჟს უნდა გაევლო. ტერორისტებს ნაღმი დისტანციური მართვის მოწყობილობით უნდა აეფეთქებინათ, თუმცა მოხდა ის, რომ მოწყობილობა დროზე ადრე, დილის ექვსის ნახევარზე, ამოქმედდა. რა გარემოება შეიძლებოდა ყოფილიყო რიგით მესამე ტერაქტის მიზეზი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ? ამასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამის ორგანიზატორები, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ, რადგან ანქვაბი აფხაზეთში პრორუსულ ინტერესებს არ ემსახურება.

„წამების ფაქტებმა იკლო – ასეთია ომბუდსმენის დასკვნა“– ამ პუბლიკაციას გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა 2005 წლიდან დახურული ტიპის დაწესებულებებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგები. ომბუდსმენის განცხადებით, წლების წინათ პოლიციის მიერ დაკავებული ყველა პირი, გამონაკლისის გარეშე, ხდებოდა წამებისა და ცემის მსხვერპლი. ინტენსიურმა მონიტორმა კი სერიოზული შედეგი გამოიღო და ცემა–წამება, რაც ადრე პოლიციის განყოფილებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულთან მოპყრობის ტრადიციული ფორმა იყო, დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

„გურამ შარაძის უკანასკნელი დღე საჯარო ბიბლიოთეკაში” – გაზეთ ”ახალი 7 დღის” პუბლიკაციის თანახმად, გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტზე გაზეთის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნებას საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელების უკმაყოფილება მოჰყვა. კერძოდ, მათ თანამშრომლებს არ მოუწონეს ჟურნალისტთან გურამ შარაძის უკანასკნელი სამუშაო დღის დეტალებზე საუბარი. სწორედ ამ უკანასკნელი გარემოების დადგენის ერთგვარი მცდელობაა ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორ ლევან თაქთაქიშვილთან. „ აქ მკვლელის კვალის ძიება დაუშვებლად მიმაჩნია. აქ შემოსულ ყველა პირს აქვს საშვი. ყოველი მათგანის ფოტოსურათი ინახება ჩვენს არქივში. სანამ ჩვენი თანამშრომლები თქვენ გიამბობდნენ თავიანთი ეჭვების შესახებ, ჩვენთვის მოემართათ და ჩვენ ყველანაირად შევუწყობდით ხელს მათ მიერ საეჭვოდ მიჩნეული პირის მოძიებაში“, - ნათქვამია ინტერვიუში. იქვე ლევან თაქთაქიშვილი შენიშნავს, რომ ყველა ადამიანს აქვს ნება და უფლება, საკუთარი აზრი გამოხატოს, საჯარო გახადოს თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ითანამშრომლოს პრესასთან, გამოძიებასთან და ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ჯგუფთან.
XS
SM
MD
LG