Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედებული პოლიტიკური წამმზომი და ნაღმების დეტონატორები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


28 ივნისს სოფელ ფრონეს

ქართულმა მოსახლეობამ ცოცხალი გალავანი აღმართა რუსეთის სამშვიდობო ჯარების ჯავშანტექნიკის წინ და გზა გაუხსნა ქართულ სამხედრო ტექნიკას, რათა კონტროლზე აეყვანა შემოვლითი გზის მშენებლობა. რუს სამხედროთა სარდალმა, გენერალმა მარატ კულახმეტოვმა, რომელსაც სამშვიდობო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ჯილდო გადასცა, უკან დახევის ბრძანება გასცა. საქართველოში უკვე ღიად ლაპარაკობენ დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის რეჟიმის დასასრულის დასაწყისზე, თუმცა ედუარდ კოკოითი, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთის პოლიტიკური ელიტა, ასე იოლად პოზიციების დათმობას არ აპირებს.

წამმზომი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების დასასრულის ასათვლელად სულ ცოტა ხნის წინ ამოიღო არსენალიდან, მოქმედებაში მოვიდა - უფრო ზუსტად, მოქმედებაში მოიყვანა სიტუაციამ და ლიახვის ხეობის მოსახლეობამ, რომელსაც ღირსება შეულახა საკუთარი ხელისუფლების ფუჭმა მუქარებმა, უშედეგო ”ჰუმანიტარულმა შტურმმა” 2004 წლის ზაფხულში, ცხინვალში დაჩოქილი ქართული პოლიციელების ნახვამ, კოკოითის მიერ კომუნიკაციების გადაკეტვამ და ცხინვალის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოუხელთებელ სნაიპერთა შეტევებმა, რომლის დროსაც მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორი ქართველი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა.

28 ივნისს სოფელ ფრონეს ქართულმა მოსახლეობამ სახელმწიფო დროშებით და ”საქართველო-საქართველოს” სკანდირებით გაარღვია რუსეთის სამშვიდობო ჯარების ბარიერები და შესაძლებლობა მისცა ქართული სამშვიდობო ძალების ჯავშანტექნიკას დაეკავებინა ეს პლაცდარმი.
მშვიდობიან მოსახლეობასთან რუსეთის სამშვიდობო ძალების ნაწილებმა ვერაფერი გააწყვეს და უკან დაიხიეს. თუმცა, როგორც სამხედროები ამბობენ, უკან დაიხიეს ”წინასწარ გამზადებულ პოზიციებზე.”

მაგრამ ეს ნაბიჯი კონკრეტული ვითარებით იყო ნაკარნახევი და, როგორც კი ვნებათაღელვა ჩაცხრება, რუსი მშვიდობისდამცველები შეეცდებიან დაკარგული პოზიციების აღდგენას, არ არის გამორიცხული, ძალის გამოყენებითაც, რასაც, შესაძლოა, საპასუხო ძალის გამოყენება მოჰყვეს. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას რამდენიმე წანამძღვარი აქვს:

1. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ”მოსკოვი არ აპირებს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრინციპული პოლიტიკის გადახედვას”, ანუ, ტექსტში მოცემული განმარტების თანახმად, არ აპირებს, ”პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის ნაცვლად, დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციასთან ოფიციალური კონტაქტის დამყარებას.”

2. ზუსტად იმ დროს, როდესაც ფრონეს ხეობის მოსახლეობა დროებით გამარჯვებას ზეიმობდა, რუსმა სამხედროებმა ”კბილები გამოაჩინეს” ბათუმში და სასტიკად სცემეს ტელეკომპანია ”მზის” კორესპონდენტი, რომელიც რუსეთის სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონის ბათუმიდან გასვლის პროცესს იღებდა. სოლიდარობის ხაზი ნათელია. რუსი სამხედროებისთვის ძნელი მოსანელებელია საქართველოდან წასვლა, რასაც რუსეთის შოვინისტური ძალები ”გაქცევას” ადარებენ. ახლა კი ამას დაემატა ნიქოზ-ავნევის ინციდენტი, როდესაც საღებავდასხმულმა რუსეთის ჯავშანტექნიკამ უკან დაიხია შეუიარაღებელი მოსახლეობის წინაშე.

3. თავის მხრივ, უკან დახევას არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობამ იქით ჩაურთოს საბედისწერო წამმზომი, თუ ამდენი დაპირების, მუქარის, დიმიტრი სანაკოევის ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის გაღებული ძალისხმევისა და ფულის შემდეგ, ძალაუფლება კვლავ ედუარდ კოკოითის რეჟიმს დარჩება და კვლავ იგი უკარნახებს თამაშის წესებს თბილისს.

4. თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ნიქოზ-ავნევის შემოვლითი გზის მშენებლობას (და, როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე შეუქცევადია), მაშინ საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის სამშვიდობო გზის გვერდის ავლით, შეძლებს დამატებითი სამხედრო ძალის კონცენტრაციას ქართულ სოფლებში, საიდანაც სადაზვერვო და სპეციალური ღონისძიებებით იოლად შეიძლება ცხინვალის მმართველი ელიტისა და მისი მხარდამჭერი ცალკეული მეთაურების გადაბირება ან სულაც განეიტრალება.

5. პარალელურად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია განაგრძობს ედუარდ კოკოითის ხელისუფლების დემონიზებას. ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას უკეტავს სასმელ და სარწყავ წყალს, უშლის მიმოსვლას, ახშობს საინფორმაციო სივრცეს, რათა მოსახლეობამ არ მოისმინოს ალტერნატიული მთავრობის ხელმძღვანელის ბრიუსელში გამოსვლა ოსურ ენაზე, ბუნებრივია, ბოლომდე გაკოტრებულია საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

- ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური წამმზომი ცხინვალის ხელისუფლებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ჩართო ბაქოში, სუამის სამიტზე, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. სწორედ ამ სამიტზე ითქვა, რომ სუამს უნდა ჰყავდეს სამშვიდობო ძალები, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ჩაერთვება ორგანიზაციის ეგიდით. რაც უფრო სწრაფად შეიქმნება ასეთი ქვედანაყოფი, მით უფრო სწრაფად მოხდება რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების გადაწყვეტილების იმპლიმენტაცია, რადგან უკვე საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოიხსნება შეკითხვა: ”ვინ, თუ არა რუსეთი?”

მაგამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდებია და მათ ისეთივე წარმატებით აქვთ არსებობის უფლება, როგორითაც ყველაზე სკეპტიკურ კონტრარგუმენტს, რომ, შესაძლოა, რუსეთი ახალი, კიდევ უფრო საშიში, ესკალაციის ხაფანგში იტყუებდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც, წამმზომის ნაცვლად, შესაძლოა, კვლავ ”ნელი მოქმედების ნაღმის” დეტონატორი აამოქმედოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG