Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


„რა წერია FBI-ის ახალ დასკვნაში“ –იმაზე, თუ რატომ მოჰყვა მორიგი აჟიოტაჟი ზურაბ ჟვანიას მეუღლის, ნინო ქადაგიძის,

პროკურატურაში სტუმრობას და რა აისახა ამერიკიდან ჩამოსულ დასკვნაში, გაზეთი „მთელი კვირა“ ზურაბ ჟვანიას ძმას გიორგი ჟვანიას ესაუბრა. „სამწუხაროდ, განსაკუთრებული სიახლე არ არის”, - უთხრა გაზეთს გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ძმამ. - „ FBI-ის ბოლო დასკვნა ისეთი დოკუმენტია, შესაძლოა, ხელისუფლებას ეჩვენება, რომ მისი ვერსიის გასამყარებლად გამოადგება და ამიტომაც გაახმაურეს. ასე რომ, სერიოზული არაფერი ხდება.“ დღესვე გაზეთი „მთელი კვირა“ აქვეყნებს ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან თემაზე „ დაიწყება თუ არა ომი ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში.“ ოსური მხარის ინფორმაციით, ქართული შეიარაღებული ძალები ცხინვალში შტურმისთვის ემზადებიან, მათი მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად კი ცხინვალში სამხედრო მზადყოფნაა გამოცხადებული. „ეჭვი მეპარება, სერიოზული საომარი მოქმედებები მზადდებოდეს“, - შენიშნავს გაზეთ ”მთელ კვირასთან” საუბარში პაატა ზაქარეიშვილი. - „ თუ ცხინვალის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელზე იგეგმება ტერაქტი, არ ვიცი, მაგრამ გამორიცხულიც არ არის ასეთი რამ მოხდეს. ომის მზადების არანაირი ნიშნები არ ჩანს. მსგავსი განცხადებების გაკეთება სჭირდებათ იმისთვის, რომ მუდმივად შექმნან დაძაბულობა. ამას ამტკიცებენ ოსები და აფხაზები არჩევნების წინ ან არჩევნების შემდეგ.“

”ქართული კვალი ლიტვინენკოს საქმეში– მივიწყებული და გახმაურებული ფაქტები” – გაზეთი ”24 საათი” ამჯერად მკითხველს იმ ვერსიების ანალიზს სთავაზობს, რომლებიც თავიდან გაჟღერდა, მაგრამ ყველას მალევე დაავიწყდა. შესაძლოა, ეს დავიწყებული ფაქტები, მართლაც, უმნიშვნელო იყოს ობიექტური გამოძიებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ორი ქვეყნის ლეგენდად ქცეული სპეცსამსახურების ომში სწორედ ეს დავიწყებული ფაქტები შეიცავდეს სიმართლის მარცვალს, - შენიშნავს გაზეთი ”24 საათი” და, აი, რას წერს ლიტვინენკოს საქმის შესაძლო ქართულ კვალზე: „ სკოტლანდ-იარდის მიერ ბრალდებული ანდრეი ლუგავოის ეჭვით, თბილისელი ავტორიტეტის და ესპანეთში მოქმედი კრიმინალის შაქრო კალაშოვის დაპატიმრება სწორედ ლიტვინენკოს ინფორმაციების წყალობით მოხდა. ლიტვინენკო თავად ჩასულა ისრაელში და კალაშოვის შესახებ ინფორმაცია ლეონიდ ნევზლინისგან მიუღია. ეს უკანასკნელი კი კომპანია „იუკოს“ - ის ყოფილი აქციონერია და ამჟამად რუსეთის პროკურატურის მიერ იძებნება. არავინ იცის, მართლაც ურევია თუ არა კალაშოვის დაჯგუფების ხელი ლიტვინენკოს მოწამვლაში. თუმცა რატომ არ შეიძლება, რომ ესპანეთში რუსული მაფიის მოქმედების გარდა, ლიტვინენკოს ინტერესის სფერო იტალიაში რუსული სპეცსამსახურებისა და ბიზნესკომპანიების საქმიანობაც ყოფილიყო.“ - ეს იყო ნაწყვეტი გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან, რომლითაც გაზეთი ლიტვინენკოს საქმეში მივიწყებული და ყურადღების გარეშე დარჩენილი ფაქტებისა და ვერსიების ერთმანეთთან დაკავშირებას შეეცადა.

„სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას აპირებს“, - ამ მოსაზრებას გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით უსუფაშვილი გამოთქვამს. „ სულ არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილმა ერთ მშვენიერ დღეს, როგორც შევარდნაძის კარგმა მოწაფემ, პარტია მიატოვოს, როგორც შევარდნაძე გადადგა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობიდან. თუ დაინახა, რომ ასეთ მსხვერპლზე წასვლაა საჭირო, რომ უზრუნველყოს თავისი მომავალი, რეპუტაცია შეინარჩუნოს, მაშინ არ არის გამორიცხული“, - ამბობს დავით უსუფაშვილი გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG