Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლარა ცეტკინი - 150


5 ივლისს 150 წელი შესრულდება იმ ადამიანის დაბადებიდან,

რომელიც ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღნიშვნის ინიციატორად ითვლება. საქართველოში რამდენჯერმე სცადეს ამ დღესასწაულის გაუქმება, მაგრამ ხალხი ”8 მარტს” მაინც ვერ ელევა. უფროსი და საშუალო თაობა ვერც კვირის იუბილარისა და ქალთა საერთაშორისო დღის ფუძემდებლის სახელს ივიწყებს: თბილისში კლარა ცეტკინის ქუჩას სახელი შეუცვალეს, მაგრამ უმრავლესობა ისევ ძველებურად იხსენიებს... სახელს ახსენებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, ვინაა კლარა ცეტკინი, რას ქადაგებდნენ მისი თანამოაზრეები. დღეს მინდა სწორედ ამ თემებზე გესაუბროთ.

მისი პორტრეტი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ათმარკიან ბანკნოტს ამშვენებდა. მერე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაქრა მსოფლიო რუკიდან. შესაბამისად, გაქრა ”კლარა ცეტკინის ბანკნოტიც”. მაგრამ გაერთიანებულ გერმანიაში კლარა ცეტკინი არ დავიწყებიათ - პატარა და დიდ ქალაქებში ქუჩებს, მოედნებს ისევ ჰქვია მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ფემინისტის სახელი.

დიახ. კლარა ცეტკინი, ალბათ, პირველ რიგში, ფემინისტია და მხოლოდ შემდეგ - სოციალ-დემოკრატი. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შესწირა. კლარა განსაკუთრებით აქტიურობს 1889 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სწორედ იმ წელს წაიკითხა მან მოხსენება პარიზში, მეორე ინტერნაციონალის სხდომაზე. თავის თანაპარტიელებს დაემდურა, გამოდის, რომ სოციალ-დემოკრატები ისევ კულტურულ იერარქიას ქადაგებთ, რადგან ქალის როლზე რევოლუციურ მოძრაობაში არაფერს ამბობთო. 1907 წელს კლარა მსოფლიოს ქალთა პირველ საერთაშორისო კონფერენციას აწყობს. 1910 წელს სოციალისტების კონფერენციაზე კოპენჰაგენში კლარა ცეტკინი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოდის. 1914 წელს ეს დღე უკვე რამდენიმე ქვეყანაში აღინიშნება. თუმცა საბჭოთა კავშირში 8 მარტი მხოლოდ 1965 წლიდან ცხადდება დღესასწაულად.

[ერნსტ ბუში. მუსიკა]

ეს ერნსტ ბუშია, კლარა ცეტკინის მეგობარი და თანამოაზრე -პოეტი, მუსიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანული კულტურის აღორძინებაში ჰიტლერის ტრიუმფის წინ. გერმანელი მემარცხენეების ეს ”კულტურული კერპი” ლექსსა და მუსიკაში გამოხატავდა იმას, რასაც კლარა ცეტკინი და მისი თანაპარტიელები ყრილობებსა და კონფერენციებზე ამბობდნენ. კულტურული იერარქიულობა და პატრიარქატი განუწყვეტლივ ამკვიდრებს მასკულინური კულტურის ახალ ფორმებს ცხოვრების ყველა სფეროში - დაწყებული ყოფა-ცხოვრებიდან, დამთავრებული ქვეყნის მართვით, პოლიტიკით. ნაციონალ-სოციალიზმი, რომელსაც ეს ხალხი უპირისპირდებოდა, ასეთი, მასკულინური, კულტურის ყველაზე ძლიერ ფორმად ითვლება.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ”რაინდობის ინსტიტუტი თითქოს აგებულია ღირსებაზე, არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარავად, გამოვლენილი ქუჩურ და უბნურ ძალადობაში... ესაა ფეოდალური კორპორატიზმის დამახინჯებული სახე.” (სტილი დაცულია)

ფეოდალური აზროვნების გადმონაშთიო, - თქვა ფილოსოფოსმა ირაკლი კაკაბაძემ ამას წინათ კონფერენციაზე, რომელიც ძალაუფლების პრობლემას მიეძღვნა. თუმცა, კლარა ცეტკინი და მისი თანამოაზრეები ძალაუფლებაზე აგებულ სისტემებს შორის კაპიტალიზმსაც იხსენიებენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველის პოპულარობისა საბჭოთა კავშირში...ამავე დროს, კლარა ცეტკინიც, ერნსტ ბუშიც, ტელმანიც, ლუქსემბურგიც... ეს სახელგანთქმული გერმანელი მემარცხენეები საბჭოთა კავშირს კომუნისტურ მექად განიხილავდნენ. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ სტალინის საბჭოთა კავშირი იქცა გერმანელი მემარცხენეების ნავსაყუდლად, მათ უკანასკნელი ნუგეშად. უამრავი გერმანელი გამოექცა ნაცისტების რეჟიმს. შემდეგ კი, 37 წელს, დაიხვრიტა, როგორც ”იმპერიალიზმის აგენტი”.

[ერნსტ ბუში]

კლარა ცეტკინი რეპრესიებს ერთი უბრალო მიზეზით გადაურჩა: იგი ვერ მოესწრო რეპრესიებს. საბჭოთა კავშირში კი გადაიხვეწა, მაგრამ 1933 წელს, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა. სტალინმა ლენინის მეგობრად მონათლული ქალთა უფლებების დამცველი დიდი პატივით დაკრძალა. მისი ფერფლი ახლაც განისვენებს კრემლის კედელში. არც მოგვიანებით მოუხსენებიათ იგი აუგად საბჭოთა იდეოლოგებს. თუმცა მის ნაშრომებს, მოხსენებებს სრულად მაინც არ ბეჭდავდნენ. ცხადი იყო, რომ ვერტიკალზე აგებულ ძალაუფლებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგის დონეზე ამკვიდრებდა თანასწორობის იდეალებს, ხელს არ აძლევდა კლარა ცეტკინის რადიკალიზმი. ამაში გამოიხატა სწორედ გერმანელი მემარცხენეების ტრაგედია - ისინი საბჭოთა კავშირს აიდეალებდნენ, ეგონათ, რომ ”უკლასო საზოგადოებაში” მოხვდნენ, მოსკოვში კი კლასთა ბრძოლის ახალი, სახეშეცვლილი ფორმა დახვდათ.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ”80-იანი წლების ბოლოს უკვე აშკარა იყო კლასობრივი ომი. საბჭოთა კავშირი აცხადებდა, რომ აქ არაა კლასები, მაგრამ რეალურად დაცული იყო ბატონყმობის პრინციპები... ეს იყო კლასობრივი ომის მდგომარეობა.”

ფილოსოფოსი ირაკლი კაკაბაძე ”კლასობრივი ომის მდგომარეობაში” იდეოლოგიური ვერტიკალის შესუსტებას გულისხმობს. კლარა ცეტკინის ერთ წერილში, ჯერ კიდევ 1914 წელს დაწერილ წერილში, აღნიშნულია, ”ძალაუფლების ვერტიკალს ისევ ქალები შეასუსტებენ. ისინი შეიძლება არ გამოჩნდნენ, რადგან მათ, როგორც წესი, ტრიბუნასთან არ უშვებენ ხოლმე, მაგრამ თუკი ქალებში სოლიდარობის გრძნობა გაიღვიძებს, მამა-ბატონის ინსტიტუტი საბოლოოდ გაუქმდება დედამიწაზეო.”

პარადოქსია, მაგრამ 30-იანი წლების დასაწყისში გერმანელმა მემარცხენეებმა სწორედ მამა-ბატონს შეაფარეს თავი. სტალინს ისინიც ”მსოფლიო პროლეტარიატის მამას” უწოდებდნენ.

თუმცა ყველა არა. კლარა ცეტკინი ამგვარ შეფასებებს ყოველთვის გაურბოდა. არც პარტიული დისციპლინით გამოირჩეოდა მაინცდამაინც. შეიძლება ამიტომაცაა, რომ დღესაც კი დასავლეთში მას, პირველ რიგში, ფემინისტად იხსენიებენ. შეიძლება ამიტომაცაა, რომ კლარა ცეტკინის მიერ დაფუძნებულ ქალთა საერთაშორისო დღეს, ისევე როგორც მისი დაბადების 150 წლისთავს, დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG