Accessibility links

logo-print

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის წინასაომარი რემილიტარიზაცია?


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი რუსეთის მედიამ უკვე აქცია დღის თემად

და აგრესორ მხარედ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გამოიყვანა. ზოგიერთი ინფორმაციით, საქართველომ უკვე მოახდინა დამატებითი სამხედრო ძალების კონცენტრაცია კონფლიქტის ზონაში. საქართველოში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავს იყრის რუსეთის ფედერაციიდან შემოსული დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მინდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის წინასაომარი რემილიტარიზებისა და საომარ მოქმედებათა განახლების საშიშროებაზე გესაუბროთ.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტმა გაავრცელა სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვა მსოფლიოს საზოგადოებისადმი, ხმა აღიმაღლონ ”მათი მრავალტანჯული ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აღსაკვეთად.” ”ძალისმიერი მეთოდით” კონფლიქტის გადაჭრის მცდელობაში ადანაშაულებს თბილისს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა ცხინვალის მოსახლეობას. პარალელურად, თბილისის მორიგი აგრესიის თემა ტრიალებს რუსულ მედიაში, რომელიც ბევრს ლაპარაკობს 29-30 ივნისს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შესახებ და დამატებითი ქართული შენაერთების კონცენტრაციაზე კონფლიქტის ზონაში. რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ გადაჭრით უარყო რუსული მედიის აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ქართული სამშვიდობო ძალები მანდატით განსაზღვრული წესებით მოქმედებენ:

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”საერთოდ, არანაირ გადაადგილებას ადგილი არა აქვს. საერთოდ, ერთი ზედმეტი ადამიანიც კი ითვლება დარღვევად. გაზრდას არ ვაპირებთ. ყველაფერი არის მკაცრად იმ მანდატის შესაბამისად. ეს ყველაფერი ჩვენს ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, რაღაც დამატებითი ძალების და ტექნიკის გადასროლა გამორიცხულია და ეს არის ტყუილი." (სტილი დაცულია)

საქართველოს მხარე, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ პროვოკაციას ცხინვალის რეჟიმი გეგმავს, რომელიც მოთმინებიდან გამოიყვანა დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული მთავრობის პრეზენტაციამ ბრიუსელში. ბათუ ქუთელიას თქმით, საქართველოს სამშვიდობო ძალებს დავალებული აქვთ არ წამოეგონ არანაირ სამხედრო პროვოკაციაზე და ნებისმიერი უკანონო ქმედება ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებს აცნობონ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცხინვალის კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელებული სროლის შედეგად, სამი ქართველი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. კაპრალი ბადრი ფუტკარაძე, რომელიც ბათუმის 25-ე ბატალიონის შემადგენლობაში ასრულებდა მისიას კონფლიქტის ზონაში, იხსენებს, რომ სნაიპერები თითქმის ყოველდღიურად ესროდნენ ქართული სამშვიდობო ძალების პოზიციებს:

[ბადრი ფუტკარაძის ხმა] “ბიჭებმა, ჯარისკაცებმა, მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ იქ უმართავი სიტუაცია იყო, ცხინვალში. ჩვენი ასეული იდგა ცხინვალის შესასვლელში, თამარაშენში. 200-300 მეტრის იქით იყო თექსტილის დასახლება, სადაც ადგილობრივ კრიმინალებს ცხინვალის ხელისუფლებაც ვერ მართავს. იქ გამუდმებული სროლა იყო - დამიზნებით არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლებოდა ვინმე მომკვდარიყო.”

სამხედრო ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ სამხედრო პროვოკაციები უფრო მეტად ცხინვალის ხელისუფლების ინტერესში შედის, რადგან, მთელი რიგი ფაქტორების გათვალიწინებით, საქართველომ კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი ფორმის ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავოს. ამ ფაქტორებზე რადიო ”თავისუფლებას” სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”რომ დავიწყოთ ჩვენ იქ ანტიკრიმინალური ოპერაცია, რაც არ უნდა დავარქვათ, ამ სეპარატისტების მხარეს გააჩნიათ იმხელა შეიარაღება, რაც გამორიცხავს ამის მალე მორჩენას. ანტიკრიმინალური ოპერაციის ფარგლებს ის გასცდება და გადავა მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიან ომში. მით უმეტეს, აქ ჩაერთვებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები, როგორც ეს მოხდა 2004 წელს. და შემდეგ ჩრდილო კავკასიიდან მოსალოდნელია დამხმარე ძალების შემოსვლა, სამშვიდობო ძალების საფარქვეშ.” (სტილი დაცულია)

როგორც 2004 წლის მოვლენებმაც აჩვენა, საქართველოს აგრესორად წარმოჩენა გარკვეულ დივიდენდებს აძლევს ცხინვალის ხელისუფლებას, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი. თვითაღიარებული პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი თითქმის ყველა რუსული ტელეშოუს გმირია და, გარდა ამისა, ცხინვალს აქვს ფინანსური და სამხედრო დახმარება, რაც რეჟიმის გაძლიერებას ხელს უწყობს.
XS
SM
MD
LG