Accessibility links

”კოკოითის დასახმარებლად ჩრდილოკავკასიელთა მობილიზება დაიწყო”, - გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, აუწყებს


”კოკოითის დასახმარებლად ჩრდილოკავკასიელთა მობილიზება დაიწყო”, - გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, აუწყებს მკითხველს ”რეზონანსი”.

”იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით მოგვარებას აპირებს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მმართველები აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა”, - წერს ავტორი და ვითარების შეფასებისთვის ქართველი კონფლიქტოლოგების მოსაზრებები მოჰყავს. გიორგი ხუციშვილი ადასტურებს, რომ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები მზად არიან პარტნიორების დასახმარებლად, თუმცა ექსპერტი ომზე საუბარს დღეს ზედმეტად მიიჩნევს და შეახსენებს კორესპონდენტს, რომ ქართული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას აპირებს. ამავე აზრის გახლავთ პაატა ზაქარეიშვილი: ”ომი რომ არ მზადდება, ფაქტია, მაგრამ რუსეთს სურს, რომ მსოფლიოს ყოველთვის რაღაც დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს. რუსეთმა ”პიარში” გამოგვიწვია. როგორც ჩვენ აღმოვჩნდით ”პიარშჩიკები”, ასეთივე პიარით გვპასუხობს რუსეთი”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის კომენტარსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს.

”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს დროებითი ადმინისტრაციის მეთაურ დიმიტრი სანაკოევთან, რომელსაც გაზეთის კორესპონდენტი აჭარაში დაუკავშირდა. ”ალიას” ინფორმაციით, სანაკოევი აჭარაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რასაც სანაკოევი ინტერვიუში უარყოფს. ამას გარდა, კორესპონდენტი ინტერესდება, ჰქონდა თუ არა სანაკოევს ევროპარლამენტში გამოსვლის ტექსტი შეთანხმებული საქართველოს პრეზიდენტთან. პასუხი: ”არა, ტექსტი ნამდვილად არ შემითანხმებია, რადგან მე ზუსტად ვიცოდი რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტები. ჩვენ არ გვინდა ომი და გვინდა მშვიდობა. ოსეთში არც ერთ ადამიანს არ სურს განმეორდეს იგივე, რაც წლების წინათ მოხდა. საქართველო დაიბრუნებს ოსეთს მშვიდობიანი მეთოდით და არა იარაღით”, - ამბობს სანაკოევი ”ალიასთან” ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს 2007 წლის ბოლომდე მოხდება.

”ახალი თაობა” 2 ივლისს ქუთაისში ჩინოვნიკთა მასობრივი დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება და წერს: ”პირობას გაძლევთ, მალე საქართველოში ახალი წყევლა შემოვა, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსები და ჩინოსნები გამოიყენებენ. ”შენ ჩაგწერა თოფურიძემ თავის სიაში”, - ახლო მომავალში ამას უსურვებენ ერთმანეთს პოლიტოპონენტები. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების გამოჩენა ამა თუ იმ უწყებაში სასიამოვნო ამბავი არ გახლავთ. ჩინოვნიკებს გული განსაკუთრებით უფრიალდებათ, როცა სოსო თოფურიძე გამოჩნდება ხოლმე. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და კვალიფიციურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თოფურიძის სტუმრობა სულ არ არის ხუმრობა, განსაკუთრებით, თუ ამ კაცს სია უჭირავს”, - წერს ”ახალი თაობა”.

დასასრულ, მსმენელის ყურადღებას შევაჩერებ ინტერვიუზე მწერალ ნაირა გელაშვილთან. კორესპონდენტი ინტერვიუს შესავალშივე შენიშნავს, რომ მაჰმადიანი მესხები ერთ-ერთი ის თემაა, რომლის გამოც ის წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა გააფთრებული თავდასხმის ობიექტი. ”ადამიანები აგრესიულები და გამწარებულები არიან იმის გამო, რომ ცუდად ცხოვრობენ. გარდა იმისა, რომ ამაში ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ, დამნაშავის ძებნას ამით არ წყვეტენ და თავიანთი პირადი პრობლემებისა და უბედურების სათავეს ხან ევროპაში ეძებენ, ხან ამერიკაში, ხან არამართლმადიდებლებში, ხან დეპორტირებულ მესხებში და ასე შემდეგ. დაგროვილი აგრესია კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველას ეყოს”, - ამბობს ნაირა გელაშვილი ”24 საათთან” ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG