Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო ''თავისუფლების'' მაუწყებლობა სომხეთში შეწყვეტას გადაურჩა


კანონპროექტი, რომელიც სომხეთში რადიო ”თავისუფლების" მაუწყებლობის შეწყვეტას გამოიწვევდა, ქვეყნის პარლამენტში მეორე მოსმენისას ჩავარდა.

ეს მეტად მოულოდნელი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სომხეთის ადგილობრივი ოპოზიციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად ცდილობდნენ სომხეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა დაერწმუნებინათ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლის ტოლფასი იქნებოდა.

ნაჩქარევად დაწერილი პროექტის მიხედვით, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივა იყო და რომელსაც მთავრობამ უსიტყვოდ დაუკრა კვერი, მედიას ხელი ვეღარ მიუწვდებოდა რიგ სამაუწყებლო სიხშირეებზე, ხოლო დიდი ჯარიმა წესდებოდა საზღვარგარეთ მომზადებული პროგრამების რეტრანსლაციის შემთხვევაში. სომხეთის პარლამენტმა ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო კიდეც (პარასკევს, 29 ივნისს) და ძლიერ შეაშინა ყველა, ვინც თავისუფალი სიტყვის ფასი იცის და ხვდება, რომ, რადიო ”თავისუფლების" მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევაში, სომხეთში სამართლიანი ინფორმაციის ვაკუუმი შეიქმნება.

ახლა ამ პროექტზე უკვე წარსულ დროში საუბრობენ, მაგრამ ეს დიდი ჯაფისა და ნერვების ფასად დაუჯდა საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ოპოზიციას. ბოლო დღეების მანძილზე სომხეთში იმართებოდა მიტინგები, ადამიანები ქუჩაში რადიო ”თავისუფლების", ესე იგი თავისუფალი სიტყვის, დასაცავად გამოვიდნენ. ასეა თუ ისე, პროექტმა სომხეთის პარლამენტში მეორე მოსმენის ბარიერი ვეღარ გადალახა. მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ დალაქიანი 3 ივლისის ფაქტს სამაგალითოს უწოდებს:

[ვიქტორ დალაქიანის ხმა] "უმცირესობამ დაამტკიცა, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. და ეს იქნება გაკვეთილი საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომელიც იძულებულია, პატივი სცეს ადამიანის მთავარ უფლებას – იყოს თავისუფალი."

რადიო ”თავისუფლების" სომხეთის სამსახური მოვლენების ასეთ ძირეულ შემობრუნებას არ მოელოდა. კორესპონდენტებისთვის ჯერ ისევ გამოცანად რჩება, რატომ შეიცვალა აზრი ხელისუფლების მომხრე სამმა ფრაქციამ, რომლებიც, რომ მოენდომებინათ, პროექტის დაკანონებას უპრობლემოდ მოახერხებდნენ. "დაშნაკციუტიუნებისა" და "აყვავებული სომხეთის" რიგებიდან სხდომაზე თითზე ჩამოსათვლელი დეპუტატები გამოცხადდნენ. უკან დაიხიეს რესპუბლიკელებმაც. რადიო ”თავისუფლების" კორესპონდენტი გევორგ სტამბოლციანი ფრაქციის აზრის შეცვლის მიზეზის გაანალიზებას ცდილობს:

[გევორგ სტამბოლციანი] "რესპუბლიკელები ბრძოლის ველზე მარტო აღმოჩნდნენ და მიხვდნენ, რომ ხელისუფლება, უფრო სწორად – პრეზიდენტის აპარატი, ცდილობს სწორედ მათი ხელით დახუროს რადიო ”თავისუფლება". და სწორედ ამიტომ რესპუბლიკელებმა ნაკლები აქტიურობა გამოიჩინეს."

ხომ შეიძლება ხელისუფლების მიმართ ლოიალური ფრაქციები პრეზიდენტის დირექტივას მიჰყვნენ და მათი უკანდახევა სწორედ რობერტ ქოჩარიანის ნება იყო? ეს რომ ასეა, გევორგ სტამბოლციანს, ცოტა არ იყოს, ეეჭვება:

[გევორგ სტამბოლციანი] "თუ ეს უკანდახევაა ქოჩარიანის და მისი უახლოესი გარემოცვის მხრიდან, მაშინ უნდა ითქვას, რომ ის ძალიან შეცვლილა. ყველამ იცის, რომ მას უკან დახევა არ უყვარს, ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ნაბიჯის უკან გადადგმას და თითქმის არასოდეს აკეთებს ამას."

მეთვალყურეები კი არ გამორიცხავენ, რომ ბოლო დღეებში იმდენად დიდი იყო თავისუფალი სიტყვის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე და იმდენად აქტიურობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ, შესაძლოა, ნაბიჯის უკან გადადგმა ერთადერთი სწორი არჩევანი იყო რობერტ ქოჩარიანისთვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG