Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ განახლდა საავიაციო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის?


ბოლო დღეების მანძილზე საქართველოს ტელეარხებმა სარეკლამო რგოლებიც კი გაუშვეს საქართველო-რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ზაფხულის მანძილზე თბილისსა და მოსკოვს შორის კვირაში სამჯერ ჩარტერული რეისები უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ რუსულ და ქართულ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს შუამდგომლობით მოხერხდა. თუმცა 3 ივლისს პირველი ჩარტერული რეისი მაინც ვერ განხორციელდა. შევეცადე ამის მიზეზები გამერკვია.

ჯერჯერობით იმედი იმისა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე საქართველოს ავიაკომპანიებისთვის კვლავ გაიხსნებოდა, არ გამართლდა. 3 ივლისს ავიაკომპანია ”აირზენა - ჯორჯიან ეარვეისში” ამაოდ ელოდნენ მოსკოვიდან რადიოგრამას თბილისი-მოსკოვის ჩარტერული რეისის განხორციელებაზე თანხმობის შესახებ.

[აკა სანიკიძის ხმა] ”ჩვენს წარმომადგენელს ვერბალურად განუცხადეს, რომ ეს რეისები შედგებოდა, შაბათს გამოიგზავნებოდა ოფიციალური რადიოგრამა. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. ეს იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ დღემდე მიღებული არ გვაქვს რადიოგრამა.”

”აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის აკა სანიკიძის განცხადებით, რუსეთის მხარესთან ჩარტერული ავიარეისების შესახებ სიტყვიერი შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს თანადგომით მოხერხდა. სანიკიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინადადების მიმართ კარგი და კონსტრუქციული მიდგომა იყო. შესაბამისად, მოსკოვსა და თბილისში იმ მგზავრთა სიებიც კი მომზადდა, რომლებსაც ჩარტერული რეისით უნდა ესარგებლათ. მაგრამ ბოლო მომენტში ”აირზენამ” ვერ მიიღო მოსკოვის მიმართულებით ფრენის განხორციელებისთვის საჭირო კონკრეტული ნებართვა, ეგრეთ წოდებული რადიოგრამა. აკა სანიკიძის კომენტარი:

[აკა სანიკიძის ხმა] ”ჩვენი პროგრამა საკმაოდ შეიზღუდა ამით, იმიტომ რომ დღევანდელი რეისი ვერ გაფრინდება. ალბათ, 5-ის რეისიც არ განხორციელდება. არც ჰოს გვეუბნებიან და არც არას.”

უშედეგო აღმოჩნდა მოსკოვში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომელ თემურ ხიგმატოვთან გასაუბრებაც.

[თემურ ხიგმატოვის ხმა] ”ჩვენ არ მიგვიცია ნებართვა ამ ფრენის განსახორციელებლად, წინანდელი მიზეზების გამო. აკრძალვა, რომელიც არსებობდა, არავის გაუუქმებია. ჩვენ არ გაგვიგზავნია არავითარი რადიოგრამა.”

თბილისში იმედს მაინც არ კარგავენ და ვარაუდობენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა უახლოეს ხანებში აღდგება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ყველა პირობა შექმნილი არის - როგორც იტყვიან, ბურთი ჩვენი პარტნიორების მოედანზეა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ისინი დაძლევენ ამ გაურკვეველ სიძნელეს. მე მაინც იმედიანად ვუყურებ ამას. ამას, ალბათ, ცოტა დრო დასჭირდება.”

რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული არარეგულარული ავიარეისების განახლების შემთხვევაში მგზავრებს, რეგულარული რეისებისგან განსხვავებით, უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 250-დან 300 აშშ დოლარამდე მერყეობს. ერთი წლის წინ, სანამ რუსეთი საქართველოს ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს დახურავდა, ბილეთის ფასი 220 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
XS
SM
MD
LG