Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ცხინვალთან მოლაპარაკებას აღარ ესწრაფვის - მოლაპარაკებას ამჯერად ედუარდ კოკოითი ითხოვს


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური ედუარდ კოკოითი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის წინადადებით გამოდის.

ის აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობისა და ცეცხლის განუახლებლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის უნდა შედგეს... ოფიციალური თბილისი დე ფაქტო ლიდერის ამ წინადადებას არ პასუხობს და დროებითი ადმინისტრაციის მეთაურის დიმიტრი სანაკოევის ევროპელებისთვის გაცნობას განაგრძობს. ჯერ საქართველოს პარლამენტში, შემდეგ კი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე, ოსურ ენაზე გამოსვლის შემდეგ სანაკოევმა ოსურად ბათუმში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თემაზე ჩატარებულ კონფერენციაზე, შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. როგორია საქართველოს ხელისუფლებაში რეაქცია კოკოითის ინიციატივასთან დაკავშირებით? ვისი იმედი აქვთ ცხინვალში და რას ფიქრობენ თბილისში კოკოითისა და ბაღაფშის სამხედრო მოკავშირეობაზე?

სოხუმიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი თავისი ოსი კოლეგისგან სისტემატურად ისმენს განმარტებებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ და მას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარების გაწევას ჰპირდება. სააგენტო აფსნი-პრესი იტყობინება იმასაც, რომ საგანგებოდ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გართულებულ ვითარებაზე სამსჯელოდ ბაღაფშმა უშიშროების საბჭოს სხდომაც კი მოიწვია. საჭიროების შემხვევაში ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებს არა მარტო საერთო ბედი, ერთი შეთანხმებაც ავალებთ - შეთანხმება, რომელსაც დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურიც აწერს ხელს. მაგრამ, მიუხედავად ამ შეთანხმებისა, მიუხედავად ყველაფრისა, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში ცხინვალს სოხუმის იმედი არ უნდა ჰქონდეს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”აფხაზები, საეჭვოა, ცხინვალში წავიდნენ საომრად, გამორიცხულია, დიდი-დიდი 50 კაცი მოაგროვონ. აფხაზებს სულაც არ ეხატებათ გულზე ცხინვალი. ეს აჟიოტაჟი არის ტყუილი, რუსეთის მიერ დადგმული სპექტაკლი, რათა მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ არის ყველა. ”

ვითარების გართულების შემთხვევაში, ცხინვალში, რაღა თქმა უნდა, სხვებზე მეტად რუსების იმედი აქვთ.რუსეთის საინფორმაციო საშუალებები უკვე აქტიურად ავრცელებენ ცნობებს კოკოითის მხარდასაჭერად ჩრდილოკავკასიელებში მობილიზაციის დაწყების შესახებ, მაგრამ, როგორც პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ, ძველებურად, რუსეთის სპეცსამსახურები იმოქმედებს და არა ჩრდილოკავკასიელი ხალხები. ექსპერტის აზრით, საქართველოს წინააღმდეგ ძველი სცენარის ამოქმედების ალბათობა ისევ არსებობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქმედების გეგმაა ახალი. საქართველო ომისთვის რომ არ ემზადება, ამას ის პროექტიც ადასტურებს, რომელშიც ცენტრალური ადგილი დროებით ადმინისტრაციას და მის მეთაურს დიმიტრი სანაკოევს უკავია. ამას პაატა ზაქარეიშვილიც აღნიშნავს. სანაკოევმა კი ერთიან სახელმწიფოში ქართველებისა და ოსების სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევის ცნობილი გეგმა ახლა უკვე ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნო. ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ბათუმში თავმოყრილმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა და ელჩებმა მას მოუსმინეს და, როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აღნიშნავს, დაინახეს, რომ ოსი ერის ამ წარმომადგენელს რეალური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზანი ამოძრავებს, ოსი ხალხის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ევროპელებს დიმიტრი სანაკოევს აცნობს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი კი საერთაშორისო ტრიბუნას ითხოვს და, ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივით გამოდის. ოფიციალური თბილისი კოკოითის ინიციატივას არ პასუხობს, რეაქცია კი ისეთია, როგორიც ჩვენთან საუბრისას კოტე გაბაშვილს ჰქონდა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”აქეთ ვეხვეწებოდით ცოტა ხნის წინ, მაშინ შეურაცხყოფის მეტი არაფერი ამოუშვა პირიდან. ახლა ვნახოთ, შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად მასთან დალაპარაკება, შეიძლება აღარც ღირდეს, როგორც ბოლომდე დისკრედიტირებულ პოლიტიკოსთან.”
XS
SM
MD
LG