Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღეების რუსეთის მედიაში საქართველოსთან დაკავშირებით კარგი ამბებიც ვრცელდება და


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეების რუსეთის მედიაში საქართველოსთან დაკავშირებით კარგი ამბებიც ვრცელდება და ცუდიც.

კარგი ისაა, რომ, 3 ივლისის ”ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, საქართველომ და რუსეთმა დაიწყეს წინასწარი კონსულტაციები ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად - ამის შესახებ გაზეთს ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა ლევან კობერიძემ აცნობა. ბოლო პერიოდში რუსეთის პრესა სხვა თემებზეც ამახვილებდა ყურადღებას.

ბუნებრივია, რუსეთის გაზეთებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა - თითქმის ყველა გაზეთი ყოველდღიურად აქვეყნებს ე.წ. ცხინვალური ამბების დღიურს. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს აანალიზებს პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი სერგეი მარკედონოვი ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომში” განთავსებულ სტატიაში, სათაურით ” სამხრეთ ოსეთი და თბილისური წამმზომი”. ავტორის დაკვირვებით:”საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების დაძაბვა ერთი ალგორითმით ხდება. ჯერ ოფიციალური თბილისი აქცენტს აკეთებს სამშვიდობო რიტორიკაზე, შემდეგ ცხადდება ახალი სამშვიდობო ინიციატივა. ამის შემდეგ საქართველო ”წამმზომს” რთავს, რომ, თბილისის აზრით, კარგი ინიციატივები უპასუხოდ არ დარჩეს. თუ წამმზომის ჩართვაზე არავინ რეაგირებს, იწყება, უარეს შემთხვევაში, საომარი მოქმედებები, უკეთესში - ძალის დემონსტრაცია. ასე იყო 2004 წელს, როცა სააკაშვილმა რუსეთს ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება შესთავაზა. ასე იყო 2006 წელს, როცა, პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან ერთ თვეში, სააკაშვილმა კოდორის ოპერაცია მოაწყო.”
”თბილისმა კვლავ დაიწყო რუსულ ენაზე საუბარი” - წერს 2 ივლისის გაზეთი ”ვეჩერნიაია მოსკვა”, რომლის ცნობითაც, რამდენიმე დღის წინ თბილისს მოსკოვის მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბორის სილაევის მეთაურობით. შედეგად, ხელი მოეწერა შეთანხმებას თბილისსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, თბილისის პირველი გიმნაზია მიიღებს რუსულ სახელმძღვანელოებს და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას. რუსული ენის პოპულარიზაციისთვის თბილისის სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა რუსული წიგნები და სასწავლო ლიტერატურა, ქართველი პედაგოგები კვალიფიკაციას აიმაღლებენ მოსკოვში. ამავე დროს, თბილისის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ რუსული ენის ოლიმპიადაში საერთაშორისო სკოლებში. გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ ის პაციენტები, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება - ისინი მოსკოვის კლინიკებში უფასოდ იმკურნალებენ. სავარაუდოდ, მოსკოვში გაიმართება თბილისის კულტურის დღეები, თბილისი კი მოსკოველ მსახიობებს უმასპინძლებს.

და კიდევ ერთი თემა, რომელიც, საპრეზიდენტო არჩევნების ვადის მოახლოებასთან ერთად, დიდ ინტერესს გამოიწვევს საქართველოს ფარგლებს გარეთ: 3 ივლისის ”ვრემია ნოვოსტეის” ცნობით, საფეხბურთო გუნდ ”მილანის” 29 წლის მცველი კახი კალაძე უარყოფს ქართულ მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს ის აპირებდეს 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ”ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, - განუცხადა მან გაზეთს. მისი განცხადებით, ის 6-7 წელი ფეხბურთისთვის თავის დანებებას არ აპირებს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, შესაძლოა, მართლაც, პოლიტიკით დაკავდეს.
XS
SM
MD
LG